ნიკა ქუთელია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომლის სხვადასხვა ინსტაგრამ-ანგარიშზე გამოქვეყნებული ნამუშევრები მომხმარებელთა დაინტერესებას უკვე წლების განმავლობაში იწვევს. ხელოვანი, რომლის მთავარი მიმართულება დღეს 3D რენდერსა და გრაფიკულ დიზაინს უკავშირდება, ამ ინტერვიუში თავის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მთავარ დეტალებს გაგვიზიარებს.
დღეს მეტწილად ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით მუშაობთ, იქამდე კი მხოლოდ მუსიკით იყავით დაინტერესებული. როდის მიაღწიეთ იმ გარდამავალ ეტაპს, როცა მიხვდით, რომ თქვენი ხედვების გამოსახატავად ვიზუალური ხელოვნებისთვისაც უნდა მიგემართათ?
საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვედი. სოხუმში დავიბადე და ომის შემდეგ იძულებულები გავხდით საცხოვრებლად რუსეთში წავსულიყავით. საქართველოში ჩამოსვლისას ქართული თითქმის არ მესმოდა, მხოლოდ იმ ადამიანებთან ვახერხებდი მჭიდრო ურთიერთობას, რომლებსაც რუსულად საუბარი შეეძლოთ. სწორედ მაშინ რამდენიმე ადამიანი გავიცანი და მუსიკის შექმნა ერთობლივად დავიწყეთ, თუმცა იმ პერიოდში მუსიკა ძირითადად თინეიჯერულ გატაცებას უკავშირდებოდა. ამ მიმართულებით მომდევნო წლებში უფრო სერიოზულად დავინტერესდი, სხვადასხვა ქართველ მუსიკოსთან მქონდა კოლაბორაცია და ამასთან მუსიკალურ პროექტ FlowFlow Magazine-ის თანადამფუძნებელი ვარ. ვიზუალური ხელოვნებით სერიოზულად დაახლოებით 2017 წელს დავინტერესდი, როცა Pirosmoney-ს პროექტზე მუშაობა დავიწყე. ეს არის კოლაჟები, რომლებიც მხოლოდ Iphone-ის აპლიკაციის გამოყენებით იქმნება. 2020 წლის მარტში კი, როცა პანდემია დაიწყო, Blender-ის შესწავლა დავიწყე და დღეს კომპიუტერულ გრაფიკას აქტიურად მივყვები. შეიძლება ითქვას, რომ Pirosmoney-ს პროექტის სერიამ ძალიან დიდი ბიძგი მომცა იმისათვის, რასაც ახლა ვაკეთებ. თანდათან 3D დიზაინი გრაფიკული დიზაინიდან დამოუკიდებელ მიმართულებად გადაიქცა. ალბათ, ჩემთვის მთავარი ამოცანა პერსონაჟისა და ნებისმიერი ფორმის გასულიერება და ირგვლივ ცოცხალი სამყაროს შექმნაა. მიჭირს ხოლმე იდეის სწრაფად შერჩევა, რადგან გონებაში ერთბაშად ბევრი რამ იბადება. ალბათ, ექსპერიმენტებია მთავარი, რაც ჩემს შემოქმედებაში განსაკუთრებულად მიყვარს.
მნახველების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს კოლაჟები, რომლებშიც თბილისის ურბანული გარემოა ასახული. მხოლოდ თქვენი ინსტაგრამით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ასეული კოლაჟის ავტორი ხართ. რამ განაპირობა კოლაჟებისადმი ამგვარი ინტერესი?
კოლაჟებით დაინტერესება ალბათ წარსულის რომანტიზების სურვილმა განაპირობა. ბავშვობაში ჟურნალების ჭრითა და ცალკეული ფრაგმენტების ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებით თავს ვირთობდი ხოლმე და ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, ციფრული კოლაჟების კეთება დავიწყე, თუმცა შემდეგ ეს საქმიანობა დროებით, რამდენიმე თვით შევწყვიტე. როგორც დროთა განმავლობაში გავიაზრე, ციფრულ კოლაჟებზე მუშაობას ის გზა განაპირობებდა, რომელიც ჩემი სახლიდან სამსახურამდე უნდა გამევლო. გზაში ყოფნის პერიოდში ბევრ ფოტოს ვიღებდი, ვამუშავებდი და მაშინვე ვაქვეყნებდი. თუ ინსტაგრამზე Pirosmoney-ს პირველ პოსტებს დაათვალიერებთ, დაინახავთ, რომ ფოტოებს მხოლოდ დამატებით ტონებს ვადებდი. უშუალოდ კოლაჟებზე მუშაობისაკენ ალბათ პირველმა კოლაჟმა მიბიძგა, რომელშიც თბილისის მეტროს ვაგონის ფანჯრიდან თოვლიანი მთა მოჩანს. ბევრი მეკითხებოდა, როგორ ვაკეთებდი ამ ნამუშევრებს, განსაკუთრებით, 16-17 წლის ბავშვები და მათ კოლაჟების კეთებისათვის საჭირო ინსტრუქციებს ვუზიარებდი. მიხარია ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ახალგაზრდები ვიზუალური ხელოვნებით ინტერესდებიან. ბავშვობაში სადმე ცუდ პოსტერს რომ ვნახავდი, იმ ღონისძიებაზე აღარ მივდიოდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა ეს მიმართულება მეტად განვითარდეს. ამ მხრივ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ხელოვანი გვყავს. მაშინ, როცა კოლაჟების კეთება დავიწყე, საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი არ მუშაობდა. არ ვიცი რატომ, არ მქონია განსაკუთრებული მიზეზი, მაგრამ კოლაჟების კეთებისას უბრალოდ მინდოდა, რომ ნამუშევართა ნაწილი თბილისის ურბანული გარემოსთვის მომერგო.
“ფანტომური ხიდები წარსულსა და მომავალს შორის” - საკუთარ გამომსახველობას ასე ახასიათებთ. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
ამ სიტყვებში ახლისა და ძველის კომბინაცია იგულისხმება. ის, რაც წარსულთან გვაკავშირებდა, სინთეზირდება იმასთან, რასაც დღეს, ამ მომენტში ვხედავთ. ყოველთვის მომწონდა 80-90-იანი წლების ვინტაჟური ჟურნალები და მათი ახალ ჟურნალებთან შერწყმის შესაძლებლობა.
ამ ეტაპზე სამი NFT აუდიოვიზუალური ნამუშევარი გაქვთ გამოქვეყნებული, რომელთა სათაურებია - INNER CHILD, PRAYERS 21 და STRANGERS. შესაძლოა, რომ მათ საერთო ხაზი აკავშირებდეს, ანუ ერთი სერიის სამ შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენდეს, თუ ერთმანეთისაგან დისტანცირებულ ნამუშევრებად განიხილავთ?
ალბათ, ისინი ერთი სერიის ნაწილებია. ეს ნამუშევრები ჩემზე ჰყვებიან. ბავშვობაში ომის შემდეგ მე და ჩემი და სახლში ხშირად მარტონი ვრჩებოდით. ქართულის ენის კარგად სწავლაც ამიტომაც ვერ მოვახერხეთ, რაც სიმართლე რომ ვთქვა, არც ჩვენი ბრალია და არც მშობლების. ამიტომ ეს სამი ნამუშევარი სწორედ იმ გზის ჩვენების მცდელობაა, რაც ბავშვობის წლებიდან დღემდე მაქვს გამოვლილი. პირველი ნამუშევარი წარსულია, როცა შინაგანად ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ იმის ძიებაში, რის დანაკლისსაც დღეს ბევრი განიცდის. ესაა სიმშვიდე და წრფელი გული, რომელსაც ყოველთვის შეუძლია შენი შეცვლა. მეორე ნამუშევარი ჩრდილიდან გამოსვლის ფაქტორზე საუბრობს და ნებისმიერი ცნების, სქესისა თუ რელიგიის თავისუფლებას ეხმიანება. იმ პრობლემებზე რეაგირებს, რომლებსაც დუმილით ვუპასუხებთ მაშინ, როცა ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი სიჩუმით იწყება. მესამე ნამუშევარი ალბათ ყველაზე ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, რაც ჩემთან ერთად ათასობით ოჯახის იდენტურ ისტორიებს აერთიანებს.
View this post on Instagram
როგორ მიუსადაგეთ აუდიო ნაწილი ამ ნამუშევართა შინაარსობრივ მხარეს?
Inner Child-ის შემთხვევაში გულის ცემის ხმა ჩავიწერე და აუდიო მხარედ გამოვიყენე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მქონდა ძველი, 2017 წლის ტრეკები, რომლებიც არსად არ იყო გამოყენებული. ვფიქრობ, მათი ერთმანეთთან სინთეზი ორგანულად მოხდა. სხვათა შორის, ბოლო ნამუშევრისათვის - STRANGERS-ს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი რეპორტაჟის აუდიო ნაწილი გამოვიყენე. რადგანაც ბოლო ნამუშევარი უსახლკარობის თემას ეხმიანება, მგონია, რომ ამ აუდიო ფაილმა კონცეფცია ბოლომდე შეკრა. შემდეგ ისიც ვიფიქრე, რომ ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი მათთვის გადამერიცხა, ვისაც მატერიალური დახმარება არსებობისათვის სჭირდებოდათ.
თქვენი გადმოსახედიდან, რა დამატებით შესაძლებლობას აძლევს ხელოვანს ნამუშევრების NFT ვერსიებად გავრცელება?
ამ შემთხვევაში მთავარ როლს შენი ფანტაზია ასრულებს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. იმისათვის, რომ NFT-ის საშუალებით ხელოვანმა ფინანსური სარგებელი მიიღოს, დიდი შრომა და დრო არის საჭირო. ზოგს კიდევ ძალიან უმართლებს. აი, მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც 3D დიზაინერია, მისი NFT ნამუშევარი ცნობილმა კოლექციონერმა შეიძინა. ამ კოლექციონერის შემხედველი კი სხვა კოლექციონერებმა ჩემი მეგობრის ანგარიშის აქტიური “სტალკინგი” დაიწყეს. ასე შეიძლება ნამუშევარი ნახევარ საათში გაგეყიდოს და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ გაგიმართლოს. ჩემთვის NFT ძალიან არაპროგნოზირებადია, ზუსტად ვერასოდეს მიხვდები, რომელი ნამუშევარი გაიყიდება და რომელი ვერა. ზოგს შეიძლება მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავდეს, მაგრამ შედეგს თვეების განმავლობაში ვერ მიაღწიოს. ჩემი ორი ნამუშევარი ჯერაც არ გაყიდულა. იცით, როგორ გაიყიდა Inner Child? ტვიტერზე აქტიურობით. სამი დღის განმავლობაში ნამუშევრის ბმულს ვაზიარებდი, რაც ძალიან დამღლელი პროცესი იყო. ბოლოს კოლექციონერი თავისი სურვილით დამიკავშირდა, რა თქმა უნდა, ნამუშევრის შეძენის საბაბით. თავიდან არ დავიჯერე, ვიფიქრე, რომ უბრალოდ მწერდა. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ვნახე, რომ მართლაც შეუძენია. ახლა კი ცდილობს, რომ ეს ნამუშევარი თავად გადაყიდოს, რაც ფინანსურ სარგებელს, ცხადია, მეც მომიტანს. ამჟამად ახალ NFT პროექტზე ვმუშაობ, რომელიც გეიმინგს ეხება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა.
ახლახან დაიწყეთ თანამშრომლობა The Why Not გალერეასთან, რომლის ფარგლებში გალერეის საჩუქრების მაღაზიაში მსურველებს თქვენი რამდენიმე ნამუშევრის შეძენა შეუძლიათ. Flow of Flowers - ასე ჰქვია ამ ნამუშევართა სერიას. გვესაუბრეთ მისი კონცეფციის შესახებ…
The Why Not გალერეას ესთეტიკა ძალიან მომწონს, რადგან მათ გვერდზე განთავსებული ნამუშევრები ჩემს ინტერესებთან ახლოსაა. საქართველოში მსგავსი დონის გალერეა მეორე არ მეგულება. გვანცა ჯიშკარიანი და ელენე კაპანაძე მართლაც რომ დიდ საქმეს აკეთებენ, რომლებსაც ყოველთვის დავუჭერ მხარს. რაც შეეხება გალერეაში განთავსებულ ნამუშევრებს, ალბათ ისინი მარტოობის ინსტინქტურ გრძნობას ასახავს. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით უკვე შესაძლებელია მარტოობისაგან თავი გადაირჩინო. მაგალითად, შეიძლება ოთახში სრულიად მარტო ვიყო, მაგრამ ამავდროულად, სხვა ქვეყნის მცხოვრებს ვაწვდენდე ხმას, რაც ნოსტალგიის შეგრძნებას მნიშვნელოვნად ამცირებს. არ ვიცი, ეს ჩვენზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად, მაგრამ მაშინ, როცა არ გინდა მოწყენილობისაგან მოკვდე, ინტერნეტს შეუძლია გიხსნას. ჩემი და გალერეის თანამშრომლობაც ამ სერიით დაიწყო, რომელსაც "ყვავილების ნაკადი" (Flow of Flowers) ჰქვია. დეტალური აღწერა შეგიძლიათ გალერეის გვერდზე წაიკითხოთ, რადგან სიმართლე რომ ვთქვა, ნაკლებად მიყვარს ნამუშევრის ახსნა. როგორც ამბობენ, ყველაზე კარგი ამბავი ნებისმიერის გონებაშია.
ბოლო ნამუშევრებით თუ ვიმსჯელებთ, თქვენი “პერსონაჟები” იმ არსებების მსგავსია, რომლებსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში თუ შევხვდებით. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ სილუეტებს?
შემთხვევითი პერსონაჟები არიან, მათზე გადაჭრით ვერაფერს იტყვი. სილუეტებია, რომლებსაც მე ვმართავ. მინდა ვაჩვენო ის, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. ნამუშევრების უმეტესობა იმის მიხედვითაა შექმნილი, რაც ჩემს თვალთახედვას ანიჭებს სიამოვნებას.
როგორც ვიცი, ცნობილი მუსიკოსების ქავერებზეც მუშაობთ…
ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი და წარმატებული თანამშრომლობა ამერიკელ რეპერთან შედგა. თავისი ჯგუფი აქვს, City Morgue ჰქვია, რომლის არსებობის შესახებ ალბათ, დაახლოებით 2016 წელს შევიტყვე. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვუსმენ და ძალიან მომწონს, მაგრამ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. მენეჯერმა რომ მომწერა, თქვენთან თანამშრომლობა გვსურსო, მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე თავის ბრენდ MST-ისთვის ხუთი პრინტი დავუმზადე, შემდეგ ორ თვეში ისევ დამიკავშირდა და ზილას ალბომის ქავერის გაკეთება შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა. ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველმა ხელოვანმა ასეთი ჯგუფის ქავერზე იმუშავა. ისე, როცა დამკვეთები მწერენ, ნიმუშად ჩემს ნამუშევრებს ხშირად მაჩვენებენ, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. ამასთან თანამშრომლობა შემომთავაზა ბრიტანული როკ-ჯგუფის, Bring Me The Horizon-ის მთავარმა ვოკალისტმა ოლიმ, რომელმაც თავისი ტანსაცმლის ბრენდ Drop Dead-ისათვის საიმიჯო ნამუშევრების დამზადება დამავალა.
სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
ამჟამად პეტერბურგის გალერეის, DIDI GALLERY-ს ჯგუფური გამოფენის მონაწილე ვარ. გამოფენაზე ნაჩვენები ნამუშევარი საბჭოთა კავშირის პერიოდისათვის დამახასიათებელი ესთეტიკით მაქვს წარმოდგენილი, რაც კედელზე გაკრულ ხალიჩას გულისხმობს. სავარაუდოდ, მალე ბერლინში მექნება გამოფენა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დაწერე კომენტარი