23 სექტემბერს დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია გაიმართა, მათ შორის ჩატარდა პერფორმანსი, სახელწოდებით - “შვიდი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან”.

 

 

დაახლოებით 50-წუთიანი პერფორმანსი “დუბაის მილენიუმ ამფითეატრში” დაიდგა, რომლის ყურება მსურველებს მისამართზე - virtualexpodubai.com-ზე ახლაც შეუძლიათ. თეატრალიზებულმა წარმოდგენამ ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორია მითოსიდან მე-20 საუკუნის მწერლობამდე გააერთიანა. 

 

 

მაყურებლებმა იხილეს ფრაგმენტები ცხრა ნაწარმოებიდან, მათ შორის, ვაჟა ფშაველას “გველისმჭამელის” სასცენო ადაპტაცია, ასევე “ამირანი”, “მეჩონგურე”, “ვეფხისტყაოსანი”, “მერანი”, “ლექსი ვეფხვისა და მოყმისა”, “ნატვრის ხე”, გალაკტიონის “ანგელოზს ეჭირა თეთრი პერგამენტი” და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სიმბოლური სახეხატები, სადაც მზე დედის, მთვარე მამის, ვარსკვლავები კი და-ძმების მნიშვნელობით წარმოჩინდებიან.


დუბაიში განხორციელებული პერფორმანსის რეჟისორია პაატა ციკოლია, ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე, დამდგმელი მხატვარი - უტა ბექაია, ლიტერატურული ფრაგმენტები შეარჩია დავით გაბუნიამ, ხოლო მუსიკის ავტორი ქართული ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძეა.


“დუბაიში ნაჩვენები პერფორმანსი, რომელიც პირველ რიგში, ქორეოგრაფიული წარმოდგენაა, ფაქტობრივად თავიდან დაიდგა. ამ წარმოდგენას წინ უძღოდა სხვა პერფორმანსი, რომელიც “თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” გახსნის ცერემონიალზე იყო ნაჩვენები. იმ პერფორმანსის შემოქმედებითი გუნდის წევრებს შეადგენდნენ ასევე ნათია ჩიკვაიძე, უტა ბექაია, დავით გაბუნია და ნიკა მაჩაიძე, რომელმაც პროექციასა და მუსიკაზე იმუშავა. მე მაშინ დამიკავშირდნენ, როცა დუბაიში ქორეოგრაფიული წარმოდგენის დადგმა გადაწყვიტეს. შესაბამისად, დრამატული სტრუქტურა გავმართე და ამ პროცესს ვხელმძღვანელობდი, როგორც რეჟისორი, თუმცა ძირითადი სამუშაო ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში მაინც ქორეოგრაფისაა, ამიტომაც პერფორმანსში გადამწყვეტი როლი სწორედ ნათია ჩიკვაიძემ შეასრულა. რეალურად მან გადაწყვიტა, რომ ამ პროექტში მე და ანუშკა ჩხეიძე ჩავრთულიყავით. შედეგად, პირველი პერფორმანსიდან დარჩა დავით გაბუნიას მიერ შერჩეული ნაწარმოებები და უტა ბექაიას კოსტიუმები. სხვა მხრივ, სრულიად ახალ მუსიკაზე სრულიად ახალი ქორეოგრაფიული წარმოდგენა დაიდგა. ფაქტობრივად, “დუბაის მილენიუმ ამფითეატრში” პრემიერა ვითამაშეთ მაშინ, როცა მანამდე სცენაზე თავიდან ბოლომდე ერთხელაც არ გვქონდა ნათამაშები. ყველაფერი პირველად მოხდა და ვფიქრობ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით კარგი შედეგი მივიღეთ”, - განაცხადა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ Hammock Magazine-თან საუბრისას.


“პერსონაჟთა ამბების დაკავშირება, გმირების ხასიათის მიხედვით მუსიკის შერჩევა და დაწერა დავიწყე, - ამბობს ანუშკა ჩხეიძე ჩვენთან საუბრისას, - თუმცა ეს პროცესი საინტერესო მხოლოდ ამ კუთხით არ ყოფილა, ქორეოგრაფიულ დადგმაზე მუშაობასაც თავისი წესები ჰქონია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ მუსიკის ცოცხლად შესრულება, რადგან აუცილებელია ყველა მონაწილემ ერთიან ორგანიზმად იგრძნოს თავი. პერფორმანსი ხომ მხოლოდ მუსიკის, კოსტიუმის ან მოცეკვავის შთაბეჭდილებით ვერ ჩაივლის, ყველაფერმა ერთიანად უნდა იმუშაოს. ამ პროცესმა, მართალია, დიდი დრო და ენერგია წაიღო, თუმცა ამასთან უფრო მეტი გამოცდილება შემმატა”.

 

 

ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია გაიმართა სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და “თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ორგანიზებით.

 

ფოტო: virtualexpodubai