კერამიკოსების - ირინე ჯიბუტისა და ტასო გომელაურის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სწორედ მათ მიერაა დაარსებული “კერამიკ სტუდია 1300”, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინის ხელნაკეთ კერამიკულ ობიექტებს სთავაზობს. ამჯერად ირინე ჯიბუტისა და ტასო გომელაურის ძალები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო გაერთიანდა და კერამიკოსებმა თბილისში პირველი თანამედროვე კერამიკის გალერეა დააარსეს. ახალი სახელოვნებო სივრცე, რომელიც 28 იანვარს გაიხსნა, გალერეის სტუმრებს სამომავლოდ გამოფენებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან აქტივობასაც უმზადებს. “თანამედროვე კერამიკის გალერეა ჯიბუ-ტასო” პირველად მხატვარ ელენე ფოცხიშვილის გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით “შენში”, რომელიც ხელოვანის თერთმეტ სკულპტურას აერთიანებს. 

 

გთავაზობთ ინტერვიუს გალერეის დამფუძნებლებთან - ირინე ჯიბუტთან და ტასო გომელაურთან, რომლებიც თანამედროვე კერამიკის გალერეის მიზნებზე, სამომავლო ხედვებსა და პირველ გამოფენაზე გვესაუბრებიან.

როგორ დაიწყეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა?

ირინე ჯიბუტი: ოფიციალური თანამშრომლობა დაახლოებით ექვსი წლის წინ დავიწყეთ და 2015 წელს საერთო სტუდია გავხსენით. როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები და სურვილები ერთმანეთს ემთხვეოდა, რამაც ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა ბუნებრივად განაპირობა. მაშინ არ გვქონდა სახელოსნო, არც ღუმელი და არც ის დანარჩენი ატრიბუტიკა, რაც კერამიკის წარმოებისათვის იყო აუცილებელი. იმ პერიოდში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით, თუ რას გავაკეთებდით საერთო ძალებით, თუმცა ერთადერთი, რისიც ნამდვილად გვწამდა ის იყო, რომ ორივეს კერამიკაზე მუშაობა გვინდოდა. გვჯეროდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებდა. შეიძლება ითქვას, რომ მუშაობა ძალიან სპონტანურად, არაკომერციული მიზნებით დავიწყეთ. უბრალოდ, გვინდოდა გვეძერწა და ამ ყველაფერს ექსპერიმენტის სახე ჰქონოდა, რათა დაგვენახა საბოლოო შედეგი. თუმცა ძალიან მალე, იმ მიზნით, რომ ფინანსური თვალსაზრისით ჩვენი სახელოსნო შეგვენარჩუნებინა, კომერციულ ხედვაზე გათვლილი ნივთების დამზადება დავიწყეთ, ვგულისხმობ სახლის აქსესუარებსა და ჭურჭელს, რამაც მომხმარებლები ძალიან დააინტერესა. შემდეგ პროფესიულად უფრო განვვითარდით, გავზარდეთ სტუდია, შევიცვალეთ ადგილი, წამოვიწყეთ პროექტები - კოლაბორაციები სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანებთან, ჩავატარეთ არაერთი ვორქშოპი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მონაწილეობა მივიღეთ დარგის განვითარების მიზნით ორგანიზებულ კონფერენციებში... სტუდიამ ახალი იდეების გაჩენას შეუწყო ხელი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

 

 

რატომ გადაწყვიტეთ თანამედროვე კერამიკის გალერეა დაგეარსებინათ?

 

ტასო გომელაური: სწორედ საერთო სტუდიამ გააჩინა იმის რესურსი, რომ ახალ პროექტზე დაგვეწყო მუშაობა. საქართველოში კერამიკის გალერეა საერთოდ არ არსებობს. მსოფლიოში არსებულ მაგალითებსაც თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ძალიან ცოტა კერამიკის გალერეა ფუნქციონირებს. ამ იდეის განხორციელება დარგის განვითარების მიზნით გადავწყვიტეთ, რათა მომხმარებლებსა თუ დამთვალიერებლებს კერამიკის შესაძლებლობები თვალნათლივ დაენახათ. გვინდა, რომ ქვეყანაში დარგი მეტად გააქტიურდეს და სამომავლო პერსპექტივები გაუჩნდეს. დღესაც კი საზოგადოების ნაწილი კერამიკას მხოლოდ კონკრეტული ჭურჭლის დამზადებისათვის საჭირო საშუალებად განიხილავს მაშინ, როცა კერამიკის შესაძლებლობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბევრი საინტერესო ნამუშევრის გაკეთების შანსს გვთავაზობს. გალერეის დაარსების იდეა ბუნებრივად დაიბადა და გადავწყვიტეთ, რომ მას არ ჰქონოდა კომერციული სახე. გარდა ჩვენი სტუდიისა, ყოველთვის გვქონდა ახალ-ახალი საქმეების წამოწყების სურვილი,  მუდმივად ახლის ძიებამ კი ზაფხულში გალერეის დაფუძნება გადაგვაწყვეტინა. ზუსტად ერთ დღეში მოვიძიეთ სივრცე, რომელიც სამ დღეში გავარემონტეთ. ზოგადად, როცა იდეა გვიჩნდება ხოლმე, მის განხორციელებას მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ. ამ გალერეის გახსნა ახალ იდეასთან ერთად განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლის ბუნებრივი ნაბიჯიც იყო.


რა კონცეფციას სთავაზობს სივრცე გალერეის სტუმრებს?

 

ირინე ჯიბუტი: რადგანაც სივრცე გალერეაა, მთავარ გეზს გამოფენების მიმართულებით ავიღებთ. გვინდა, რომ ადამიანებს კერამიკა ხელოვნების დარგად გავაცნოთ. წლის განმავლობაში სამი ან ოთხი ტიპის გამოფენას დავგეგმავთ, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული უცხოელი კერამიკოსების გამოფენას. ამასთან ჩვენი სურვილია, რომ გალერეაში მოწვეულმა უცხოელმა კერამიკოსებმა გარდა ნამუშევრების გამოფენისა, მასტერკლასებიც ჩაატარონ და დარგით დაინტერესებულ ქართველ სტუმრებს საკუთარი ცოდნა გაუზიარონ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ძალიან კარგი კერამიკოსები გვყავდა, რომელთა სახელები დღეს ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. ამიტომაც გალერეის მუშაობის ფარგლებში გვინდა, რომ გასულ წლებში მოღვაწე კერამიკოსების შემოქმედებაც შევისწავლოთ, რომელთა ნამუშევრებს შემდეგ ჩვენთან გამოვფენთ. ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა კურატორებთან თანამშრომლობასაც, რომლებსაც მათ მიერ წარდგენილ ხელოვანებთან ერთად  დავუთმობთ სივრცეს. ზოგადად გვინდა, რომ კერამიკის, როგორც ხელოვნების დარგის პოპულარიზაციას სხვადასხვა ღონისძიებებით შევუწყოთ ხელი. ამ ეტაპზე დაახლოებით ასეთი ხედვა გვაქვს.

 

ტასო გომელაური: დღეს საქართველოში კერამიკა უფრო მოთხოვნადი და ასე ვთქვათ, ტენდენციური გახდა. პროფესიული თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, კერამიკა იმდენად იშვიათ დარგადაა ქცეული, რომ აუცილებელია იგი გაქრობისგან გადავარჩინოთ. როგორც ამ დარგის წარმომადგენლები, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და გვინდა, რომ ჩვენი მხრიდან დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.


თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კერამიკისადმი განსაკუთრებული ინტერესი?

 

ირინე ჯიბუტი: ალბათ, ბოლოდროინდელი ტენდენციურობა ხელმისაწვდომობამ განაპირობა. გაჩნდა მასალები და რაც მთავარია, მათი შემომტანი კომპანიები. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით. რაღაც ძვრები დაიწყო, ჩვენც არაერთი ვორქშოპი ჩავატარეთ, ჩვენმა მოწაფეებმა საკუთარი სტუდიები გახსნეს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ჯაჭვურად მიება ერთმანეთს. ისიც აღსანიშნავია, რომ ტენდენციურობას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს, რადგან შესაძლებელია დარგი განვითარდეს, თუმცა არასწორი მიმართულებით და კერამიკა მხოლოდ თეფშებისა და ჭიქების დამზადებით შემოიფარგლოს. ამ დროს კი მასალის შესაძლებლობები ამოუწურავია და მისგან ისეთი ნიმუშები იქმნება, რომლებიც შეიძლება ინტერიერსა თუ ექსტერიერს მოერგოს. ჩვენც სწორედ მსგავსი ხედვის პოპულარიზაცია გვსურს. ადამიანი, რომელიც ჩვენს გამოფენებზე მოვა, ან მასტერკლასებს დაესწრება, შეიძლება მიხვდეს, რომ სულაც არ უნდა მხოლოდ ჭურჭლის კეთება და სიამოვნებით დაიწყებდა სკულპტურაზე მუშაობას. გარდა ამ ყველაფრისა, ბაზარიც მომზადებული უნდა იყოს. შესაძლოა, ბაზარმა შეიძინოს, პირობითად, საყვავილე, თუმცა არ იყოს მზად კერამიკული ობიექტის შესაძენად. დარგის ეტაპობრივი განვითარება ძალიან გვახარებს,  თავიდან გვარიდებს  კითხვებს -”უი, ეს თიხისგან კეთდება?” “ეს კერამიკაა თუ თიხა?” “მეგონა, თიხით მხოლოდ დოქი კეთდებოდა” და ა.შ. დღეს ბევრმა იცის  რა არის კერამიკა. 

 

 

როგორ იმუშავეთ პირველი გამოფენის კონცეფციაზე და როგორ წარიმართა მონაწილე ხელოვანთან თანამშრომლობის პროცესი?

 

ტასო გომელაური: გამოფენაზე დაახლოებით ორი წელია ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში, გალერისტებთან ერთად კურატორებიც ჩვენ ვართ. გამოფენის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავიდან ბოლომდე ელენე ფოცხიშვილის იდეა იყო. მანამ, სანამ გალერეის გახსნის საკითხი წამოიჭრებოდა, სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანებთან ვთანამშრომლობდით. მათ იდეის შემთხვევაში ჩვენთან ვიწვევდით, ისინი კი ჩვენი მხრიდან ტექნიკურ სარგებელს იღებდნენ. ელენესთან მუშაობის დაწყებაც ამ თანამშრომლობამ განაპირობა.

 

 

რა ელოდებათ დამთვალიერებლებს გამოფენაზე - “შენში”?

 

ტასო გომელაური: რადგანაც კონცეფცია ელენეს ეკუთვნის, არ გვინდა, რომ მის ნამუშევრებში ძალიან ჩავერიოთ. ელენე განათლებით ილუსტრატორია, თუმცა ძალიან ბევრ მედიუმში მუშაობს. ამ ექსპოზიციაზე სამივემ ერთად ვიმუშავეთ და გვინდოდა, რომ მთელი გამოფენა ერთ შოუდ წარმოგვედგინა. გალერეაში ვაჩვენებთ ელენეს თერთმეტ სკულპტურას, რომლებსაც ჩვენ “ხოჭოადამიანებს” ვეძახით. ხოჭოს ფორმის ფიგურებია, რომლებსაც ადამიანის სახე აქვს და შეგვიძლია იმ ინტერპრეტაციასაც მივუსადაგოთ, რომ შესაძლოა ყველა ადამიანში არსებობდეს მეორე მხარე. როგორც გამოფენის კურატორებს, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია. სკულპტურების ვიზუალურ მხარეზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა სწორად შეგვექმნა ელენეს მიერ დანახული ფერი და ფაქტურა. ვფიქრობ, ელენესთან ერთად ბევრი ტექნიკური ექსპერიმენტი განვახორციელეთ, რითაც კმაყოფილები ვართ. ექსპოზიციის შინაარსობრივმა მხარემ თავიდანვე დაგვაინტერესა, რამაც ფაქტია, ელენესთან თანამშრომლობა გადაგვაწყვეტინა.

 

 

ზოგადად, რა კრიტერიუმებით ითანამშრომლებთ გამოფენის მონაწილე ხელოვანებთან? 

 

ირინე ჯიბუტი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ ხელოვანის ნამუშევრები მაქსიმალურად კერამიკული იყოს. ამ კუთხით პრიორიტეტს სამუშაოს ტექნიკურ მხარესაც ვანიჭებთ, რადგან კერამიკოსისაგან პირველ რიგში პროფესიონალიზმს მოვითხოვთ და მისგან მაღალხარისხიანი კერამიკული ნამუშევრები უნდა მივიღოთ. თუმცა არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას ისეთ მულტიმედია ხელოვანებთან, რომლებსაც აქამდე არც თიხაზე უმუშავიათ და არც კერამიკაზე, რასაც საბოლოოდ ექსპერიმენტის სახე ექნება. 

 

 

მოლოდინი…

 

ირინე ჯიბუტი: ამ ეტაპზე ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს. მართალია, ჯერ არ გვიმუშავია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ მენეჯმენტის საკითხებზე, ან როგორ დავუკავშირდეთ იმ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენნაირი მიზნები აქვთ… ყველაფერს გზადაგზა ვსწავლობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გამოგვივა. 

 

ფოტო: თორნიკე შენგელია