გალერეა LC Queisser-ის წარდგენით ECHO-ს საინაუგურაციო შოუსთვის ხელოვან ქეთუთა-ალექსი მესხიშვილის 2020 წლის სერია - “კარანტინის ყვავილები” გამოიფინა. გამოფენის სათაურია NEW MEMORIES, რომელიც რამდენიმე ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს.
“როდესაც ბერლინი ჩაიკეტა მარტში, სკოლები, საბავშვო ბაღები და სათამაშო მოედნებიც დაიხურა და ბავშვები მთელი დღე სახლში იყვნენ, ჩვენ ამას მაღალი პასუხისმგებლობით შევხვდით, ვერიდებოდით ნებისმიერ კონტაქტს - მხოლოდ ოჯახის წევრებთან გვქონდა ურთიერთობა.
⠀
ცხოვრება ამ დროს თითქოს მონაცვლეობდა უსასრულოს, პროზაულ საყოფაცხოვრებო საქმეებსა და ახალი ამბების დაუნდობელ შემოტევას შორის. ძალიან საზრიანად, ან შეიძლება რომანტიკულად, გერმანიამ ფლორისტები სიცოცხლისთვის აუცილებელ პერსონალთა სიაში დატოვა და ამიტომ მათთან ურთიერთობა ჩვეულებრივად შეიძლებოდა.⠀
⠀
ამ მშფოთვარე დროს ყვავილებმა წარმოუდგენელი მიმზიდველობა და სიმბოლიზმი შეიძინა. სასოწარკვეთილების პირისპირ მათი სილამაზის აბსოლუტური სიჯიუტე ბუნების აღმდგენ უნარებზე მიანიშნებდა და ადამიანს იმედს აძლევდა.⠀
⠀
რადგან სტუდიაში ვერ დავდიოდი, მათი გადაღება დავიწყე ღამღამობით პოლაროიდის კამერით, როცა ბავშვები იძინებდნენ. ამ კონკრეტულ ფირზე გამოსახულების გამჟღავნებას გარკვეული დრო სჭირდება. გადავწყვიტე ჩამეტარებინა ერთგვარი რიტუალი - უჯრაში გადადებულ გამჟღავნებულ სურათებს დილაობით ვნახულობდი.⠀
⠀
ღამის ამ რიტუალმა მომცა იმპროვიზაციისა და თამაშის შესაძლებლობა - "ზაზუნის დღიდან" კარანტინის დღემდე, და შემოიტანა პანდემიური ვითარების შემსუბუქების განცდა ფოტოგრაფიული ენით”, - ამბობს ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი.
გამოფენა კელნში 21 იანვარს გაიხსნა და 5 მარტამდე გაგრძელდება.
დაწერე კომენტარი