წყალში მოლივლივე ჰაეროვანი სხეულები, სიურრეალისტური ფორმები, ფემინური მოტივები და პოეტური დეტალები ესპანელი ხელოვანის, სონია ალინსის შემოქმედების განმსაზღვრელი ელემენტებია. სერია - სახელწოდებით Dones d'Aigua, რომლის მთავარ მახასიათებელს წყალში აღმოჩენილი ფემინური სილუეტები წარმოადგენს, ხელოვნების ისტორიის არაერთ შთამბეჭდავ ეპოქას მოგვაგონებს, რასაც კატალონიაში მცხოვრები არტისტის სიტყვებიც ადასტურებს.
სონია ალინსის ნამუშევრების სტილი შთაგონებულია სიურრეალიზმითა და რომანტიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. როგორც ხელოვანი ერთ ინტერვიუში აცხადებს, მისი ხედვის ჩამოყალიბებაში დიდია გოიასა და პიკასოს როლიც, რადგან ესპანელმა ოსტატებმა მას პირველად აღმოაჩენინეს “ხელოვნების ძალა, რათა ემოციები და დრამატულობა გამოეხატა”.
ესპანელი ხელოვანი ქალების ფიგურების ანატომიურ სტრუქტურას შეგნებულად არღვევს და რეალისტური გამომსახველობის უარყოფით უფრო მეტად მათ შინაგან სამყაროზე კონცენტრირდება. “ჩემი ინტერესი ქალების ხატვისა რომანტიზმის ეპოქის ფემინურ იკონოგრაფიას უკავშირდება, მაგალითად, ენგრის “დიდ ოდალისკს”, ასევე ჯონ ევერეტ მილეს “ოფელიას”, არტ დეკოს მოძრაობასა (თამარა დე ლემპციკა) და გუსტავ კლიმტს”, - ამბობს სონია ალინსი.
მისი სერიის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია გამოსახულების ორგვაროვნება, რომლის, ერთი მხრივ, ბუნდოვანება წყალში ჩაძირული სხეულის მეტად რბილი კონტურების გამოსახვით მიიღწევა, მეორე მხრივ კი წყალს ზემოთ აღმოჩენილი სხეულის სიმკვეთრით. ალინსის პერსონაჟები სხვადასხვაგვარ ხასიათს გადმოსცემენ, რაც მნახველს მათი ცხოვრების სხვადასხვა ამბის ინტერპრეტაციის საშუალებასაც აძლევს.
“ბავშვობიდან წყალი განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს ჩემში. ის ჩემს ნამუშევრებს ემოციურად აძლიერებს”, - ამბობს ხელოვანი, რომლის შემოქმედებაში თავისუფლების განცდასა და სიმშვიდესთან ერთად ხშირად შიში და სასოწარკვეთაც იკითხება. მართლაც, ალინსის შემოქმედებაში შესაძლოა ვუმზერდეთ ქალს, რომელიც წყალში ყოფნისაგან სიამოვნების ზენიტს აღწევდეს, მის ზედაპირზე ლივლივებდეს ან სულაც ქალთა ჯგუფთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდეს, ამასთან ერთად კი ვაკვირდებოდეთ იმ ქალის ემოციურ მდგომარეობასაც, რომელიც სევდის გასაქარვებლად წყლის უზარმაზარ მორევს საკუთარ ცრემლებს ატანდეს. საგულისხმოა, რომ ხელოვანი არასოდეს ცვლის წყლის მდგომარეობას, იცვლება მხოლოდ განწყობა, რომლის ზუსტ პროგნოზს დამთვალიერებელი მის ვერც ერთ მომდევნო ნამუშევარში ახერხებს.
დაწერე კომენტარი