“სუნამოების პრინცი” - ამ სახელით იცნობდნენ 1920-30-იან წლებში სახელგანთქმულ ქართველ პარფიუმერს - გიორგი მაჩაბელს, რომელმაც ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში პარფიუმერული კომპანია - Prince Matchabelli Perfume Company დააფუძნა. გიორგი მაჩაბელი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის შვილი იყო. იგი ჯერ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ სწავლა ბერლინში, ფრედრიკ უილიამის, ახლანდელ ჰუმბოლტის უნივერსიტეტში განაგრძო. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში სუნამოს წარმოებამდე მაჩაბელს დიდი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, კერძოდ, მას სურდა საქართველოში მონარქია აღმდგარიყო და გერმანელი პრინცის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის - იოახიმისა და ქართველი პრინცესის დაქორწინების იდეას ემხრობოდა. მაშინ, როცა რუსეთში მიმდინარე რევოლუციის შემდგომ, 1918 წელს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, გიორგი მაჩაბელი დიპლომატიური მისიით იტალიაში გაემგზავრა და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახდა, თუმცა მისმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ მხოლოდ რამდენიმე წელი გასტანა. 

გიორგი მაჩაბელი ცოლთან, იტალიელ მსახიობ ნორინა ჯილისთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც 1924 წელს ანტიკვარიატის მაღაზია - “წითელი და შავი” დააფუძნა. 1926 წელს კი ცოლ-ქმარმა ნასესხები ოთხი ათასი დოლარით სუნამოს კომპანია - Prince Matchabelli Perfume Company გახსნა, რომელიც დროთა განმავლობაში ისეთ წარმატებულ ბიზნესად იქცა, რომ აშშ-ის ხუთ მნიშვნელოვან კორპორაციაში შედიოდა. მკვლევარ მანუჩარ პირველის განცხადებით, 1920-იან წლებში მაჩაბელი ნიუ-იორკში მეორედ მოხვდა. იგი ნიუ-იორკში თურმე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. 

„გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს: აქ საქართველოს სუნიაო”, - წერდა გრიგოლ რობაქიძე გიორგი მაჩაბლის შესახებ. ქართველი პარფიუმერის მიერ დამზადებული სუნამოები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პერსონალური შთაგონებითაც იქმნებოდა. მაჩაბლის მიერ გამოშვებული პირველი სუნამოს სახელწოდებაა „საქართველოს დედოფალი“, ასევე თავისი ცოლის სახელი ჰქვია სურნელს ფლაკონში - “პრინცესა ნორინა”, ხოლო “გრეის მური” 1934 წლის სუნამოს, რომლის სახელი მაჩაბელმა ოპერის მომღერლის პატივსაცემად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ მკვლევარი მანუჩარ პირველი “საქართველოს დედოფლის” შემადგენლობასა და მის საპატენტო მონაცემებს ამ სიტყვებით ახასიათებს: “სუნამოს პკურებიდან დაახლოებით 5-6 წუთში თქვენ გაიხსენებთ იმ სურნელს, რომელიც მარტისა და აპრილის თვეში ტყემლის ყვავილობას უკავშირდება”. 

 

Prince Matchabelli-ს სუნამოს ფლაკონები სამეფო გვირგვინის ფორმით გამოირჩეოდა. ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისაგან მზადდებოდა, ხოლო შემდგომში Coby Glass Products Company-სთან თანამშრომლობით, რომლის მეპატრონე ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე იყო, ფლაკონებს მინისგან აწარმოებდნენ. 

 

Prince Matchabelli-ს კომპანია სუნამოების ხაზთან ერთად აქტიურად მუშაობდა კოსმეტიკურ ნაწარმზეც, მათ შორის, აბაზანის პროდუქტებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაზე. მაგალითად, 1929 წელს გამოშვებულია “Belila” - მკლავებისა და მხრების თხევადი გამათეთრებელი, ასევე პროდუქტი “Bronzina” - წითელი სითხე, რომელიც კანს რუჯის ეფექტს ანიჭებდა. მომდევნო წლებში წარმოებული დეკორატიულ კოსმეტიკის დიზაინი თავზე ოქროს გვირგვინით იყო წარმოდგენილი. დროთა განმავლობაში კომპანიას ტუშისა და თვალის ჩრდილის პროდუქციაც შეემატა.

 

 

კომპანიის განვითარების კვალდაკვალ მაჩაბელს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მე-5 Avenue-ზე სადემონსტრაციო დარბაზი გაეხსნა. ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, თუმცა გზაში გაციების გამო 1935 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი კომპანია კი ნორინა ჯილიმ სოლ განცს 250 000 დოლარად მიჰყიდა. Prince Matchabelli-ს პარფიუმერული ხაზის შეძენა კონექტიკუტის შტატში დღესაც შეიძლება.

ფოტო: fragrantica.com