2022 წლისათვის მაყურებლები ახალი ფილმების პრემიერას მოუთმენლად ელოდებიან. სტატიაში იმ ფილმების მოკლე სიას გთავაზობთ, რომელთა პრემიერა ოფიციალური წყაროების მიხედვით წელს გაიმართება და მათი გამოსვლის თარიღი მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ.

 

The Batman 

გამოსვლის თარიღი: 4 მარტი


DC-ს კომიქსების პერსონაჟ ბეტმენს მალე მეთ რივსის ახალ ფილმშიც ვიხილავთ. ბრიუს ვეინის როლს რობერტ პატინსონი შეასრულებს, ხოლო ქალი კატის როლში ზოი კრავიცის შევხვდებით. ფილმში ასევე მონაწილეობს მსახიობი კოლინ ფარელიც, რომელიც პინგვინის როლს განასახიერებს. “ბეტმენის” პრემიერა ჯერ კიდევ შარშან, ივნისში უნდა შემდგარიყო, თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიამ ფილმის გამოსვლის თარიღი თითქმის ერთი წლით გადაავადა.

 

Elvis

გამოსვლის თარიღი: 24 ივნისი


რამდენიმე თვეში ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, ელვის პრესლის ცხოვრების შესახებ გადაღებულ მუსიკალურ დრამას  ვიხილავთ. რეჟისორი ბაზ ლუჰრმანი, რომლის ფილმოგრაფია განსაკუთრებით ცნობილია მიუზიკლით Romeo + Juliet, ამჯერად “ელვისის” პროექტზე მუშაობს. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კანდიდატებს შორის ფიგურირებდნენ ანსელ ელგორტი, მაილს ტელერი, ოსტინ ბატლერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და ჰარი სტაილსი, რომელთა შორის ელვისის როლზე ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ოსტინ ბატლერი დამტკიცდა.

 

Call Jane

გამოსვლის თარიღი: 21 იანვარი

 

 

ამერიკული დრამა Call Jane, რომლის რეჟისორი ფილის ნაშია, ცოტა ხნის წინ მაყურებლებმა სანდენსის კინოფესტივალზე იხილეს. ფილმში მთავარ როლს ელიზაბეტ ბენქსი ასრულებს, რომელსაც არასასურველი ფეხმძიმობის გამო სახელმწიფო აბორტის ლეგალური გზით გაკეთებას უკრძალავს.

 

Bones and All

გამოსვლის თარიღი: 2022 წელი


ფილმ Сall Me By Your Name-ის შემდეგ ლუკა გუადანინოსა და ტიმოთი შალამეს თანამშრომლობა Bones and All-ის გადასაღებ მოედანზე გრძელდება. ფილმი კამილა დანგელის ნაწარმოებს ეფუძნება, რომლის სიუჟეტი თინეიჯერი კანიბალების ირგვლივ ვითარდება. შალამესთან ერთად მთავარ როლს ტეილორ რასელი შეასრულებს.

 

Nope

გამოსვლის თარიღი: 22 ივლისი


ამერიკული კინოსტუდია Universal Pictures ჯორდან პილის რეჟისორობითა და პროდიუსინგით ფილმ Nope-ზე მუშაობს, თუმცა ფილმის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. გავრცელებულია პოსტერი, რომელზეც მთებით გარშემორტყმულ დასახლებასთან ერთად ღრუბლის სქელი ქულაა აღბეჭდილი. Nope-ში მთავარ როლებს დენიელ კალუია, კეკე პალმერი და სტივენ იონი შეასრულებენ.

 

Deep Water

გამოსვლის თარიღი: 2022 წელი


ფსიქოლოგიური ტრილერი Deep Water პატრიცია ჰიგსმითის ამავე სახელწოდების 1957 წლის ნოველას ეფუძნება. ფილმში ბენ აფლეკის პერსონაჟი ქორწინების გადარჩენის მიზნით ცოლს, მელინდას (ანა დე არმასი) თანხმდება, რომ სხვა კაცებთან ჰქონდეს ურთიერთობა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც მელინდას საყვარლებს გარდაცვლილებს იპოვიან. ფილმის რეჟისორი ადრიან ლაინია, თანასცენარისტი კი “ეიფორიას” შემქმნელი - სემ ლევინსონი.

 

See How They Run

გამოსვლის თარიღი: 2022 წელი


ფილმი, რომელიც 1950-იანი წლების ლონდონს ასახავს, რეჟისორ ტომ ჯორჯის სიტყვების მიხედვით მისტიკის, კომედიისა და სასპენსის ელემენტებს აერთიანებს. მარკ ჩაპელის მიერ შემუშავებული სცენარის თანახმად  ჰოლივუდის სასოწარკვეთილი პროდიუსერი West End-ის სპექტაკლის ფილმად ქცევას გადაწყვეტს. მაშინ, როცა ფილმის გუნდის წევრები მოულოდნელად დაიხოცებიან, საქმეში ინსპექტორი სტოპარდი და პოლიციის ოფიცერი სტალკერი ჩაერთვებიან. ფილმში მონაწილე მსახიობებს შორის შეხვდებით სირშა რონანს, სემ როკუელსა და ედრიენ ბროუდის.