9 თებერვლიდან 25 მარტამდე გალერეა Window Project ხელოვან უტა ბექაიას მულტიმედიურ გამოფენას - “ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპეს” მასპინძლობს. 

 

გამოფენა ეფუძნება ხელოვანის მიერ Covid-19-ის იზოლაციისას დაწერილ მოთხრობას. ამბავი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დიდ ტკივილს განიცდიან და არსებითი ცვლილებები სურთ. ისინი ცვლიან საკუთარ გზას ხელოვნურად შექმნილი აპოკალიფსით. შვიდი აპოკალიპსური აფეთქების შემდეგ მათი ცნობიერი სრულად ფართოვდება და ადამიანები ზეადამიანებად გარდაიქმნებიან.

 

 

„ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპე“ ისეთ ეგზისტენციალურ კითხვებს აჩენს, როგორიცაა პეპლის ეფექტის კონცეფცია და შესაძლო მომავალი, რომელიც ჩვენი ქმედებებით არის განპირობებული. დღევანდელ ცივილიზაციაში უფსკრული ბუნებასა და შექმნილ ინდუსტრიულ სამყაროს შორის დიდია. რადგან ადამიანები გარემოსთან ვკარგავთ კავშირს, სულ უფრო რთულია საკუთარი პოტენციალის რეალიზება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ სამყაროს მცირე ნაწილაკები ვართ. მცირე, მაგრამ გადამწყვეტი ნაწილი ერთი დიდი მანქანის, ერთი ორგანიზმის. ჩვენ ყველა ურთიერთდაკავშირებული ვართ, და თითოეულ ჩვენგანს დიდი როლი აქვს მომავალი ევოლუციის განვითარების პროცესში.

 

პროექტი ვიზუალიზებულია ისე, თითქოს აპოკალიპსური მომავლის ისტორია ბავშვის გამოცდილება იყოს. იმერსიული ინსტალაცია ტაქტილური, დიდი ზომის არსებებისა და მასშტაბური ვიდეოპროექციებისგან შედგება. ისინი დამთვალიერებელს აცნობენ საკუთარ ფიზიკურ არსებობას. ეს ინტუიციური გამოცდილებები იმ პრობლემებისა და იდეების გასაცნობიერებელ კატალიზატორად იქცევა, რომლებიც გაუცხოებული და დისტანცირებული გვეჩვენება”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

 

ზღვაო, ზღვაო ჩამყლაპე

 

“დროის გავლასთან ერთად, ვგრძნობ, მეც როგორ ვიცვლები. მთლიანად ვგრძნობ ჩემ სხეულს, ჩემ სულს. ვგრძნობ, როგორ მესაუბრება ჩემი არსების თითოეული ნაწილაკი... ეს ყველაფერი დიდი აფეთქების შემდეგ დაიწყო. ვიდრე აფეთქება მოხდებოდა, სრულიად გაუაზრებელი მქონდა ჩემი საარსებო გარემო. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. სრულიად გაუაზრებელი იყო სად ვიყავი, რას ვტოვებდი ჩემ შემდეგ, რა დატვირთვა ჰქონდა დროს. გარემო ერთი უსასრულოდ დიდი მასა იყო, რომელიც არასდროს იცვლებოდა, ან მე არ მქონდა იმის ნიჭი, რომ დამენახა როგორ იცვლებოდა ის. დიდმა აფეთქებამ ყველაფერი შეცვალა. დავრჩი მარტო საკუთარ თავთან და პირველად მივხდი - რას ნიშნავს ამწამში ყოფნა. პირველად განვიცადე წარმავლობა, ჩემი მნიშვნელობა მოცემულობაში, და რაც მთავარია, ცვლილება. მუდმივად არამყარი, ცოცხალი და ყოველთვის ფუნდამენტური

ცვლილება. პირველად ამის გააზრება ძალიან რთული იყო. გამიძნელდა მივჩვეოდი ჩემს ახალ ძალას. მაშინ, როდესაც ვიგრძენი, რომ სრულ ბალანსში ვარ სამყაროსთან, პირველად განვიცადე ნამდვილი ბედნიერება და შიში, იმის შიში, რომ უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე ყოველთვის მეგონა.

 

ცვლილება აფეთქებით დაიწყო... დედამიწაზე მცხოვრები ყველა არსება გრძნობდა მოახლოებულ ცვლილებას, და სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა ამას. ვიცოდით, რომ ბუნებრივი დინების საპირისპიროდ მივდიოდით, მაგრამ არავის ჰქონდა იმის ძალა, რომ გეზი შეეცვალა. მოახლოებულ აპოკალიფსს თითქოს ჩვენც შევუერთდით, ჩვენვე განვაპირობეთ. სინანულით, მაგრამ გეზი ავიღეთ წინ, დასასრულისკენ. ყველას გვინდოდა, რომ ეს მელანქოლია დამთავრებულიყო. ყველას გვინდოდა, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით საკუთარივე თავისგან, და ვერ ვპოულობდით სხვა გზას თვითგანადგურების გარდა.

 

პირველმა აფეთქებამ ყველაფერი გაანადგურა, ეს იყო შავი ტალღა, რომელმაც სასოწარკვეთილნი გაათავისუფლა. პირველ აფეთქებას მხოლოდ სინანული მოჰყვა.

 

მეორე აფეთქებამ სურვილები გაანადგურა, მას აუხდენელი ოცნებების აფეთქება დავარქვით.

 

მესამე აფეთქებამ არჩევანი წაგვართვა, ყველამ დავკარგეთ ჩვენი თავი, ჩვენი აზრი, ჩვენი პრინციპები.

 

მეოთხე აფეთქების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ მის შემდეგ დავიწყეთ იმის აღქმა, რომ ჩვენ ყველანი ერთი დიდი, ორგანული, ცოცხალი მანქანის ნაწილი ვართ. მივხდით, რომ ყველაფერი ერთი და იმავე მატერიისგანაა შექმნილი.

 

მეხუთე აფეთქებამ იმის გააზრება მოიტანა, რომ ჩვენ შექმნის ნიჭი გვაქვს, მივხდით რომ თავიდან შეგვეძლო ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სული და სხეული.

 

მეექვსე აფეთქებამ აღქმა გაგვიჩინა, მიგვახვედრა, რომ ყველაფერი, რაც უნდა გვცოდნოდა, ხელმისაწვდომი იყო, უმაღლესი ცოდნის ულევი წყარო.

 

მეშვიდე და ბოლო აფეთქება იყო მთავარი იმის გააზრებაში, რომ მარტო არ ვართ, და შეგვიძლია მატერია შევცვალოთ ჩვენ გარშემო. შეგვიძლია ვიყოთ დიდის ნაწილი, და თანაც ისე, რომ აღვიქვათ და დიალოგი გვქონდეს მუდმივ ცვლილებასთან.

 

მე ვისწავლე როგორ შევიცვალო, როგორ გავხდე ის არსება, რომელიც ჩემს

გარემოს შეესაბამება.

მე მინდა გაჩვენოთ ჩემი რამდენიმე ნამდვილი და სრულყოფილი სახე”, - უტა ბექაია