5 თებერვლიდან 15 მაისამდე სანტ-ეტიენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან თეა ჯორჯაძის გამოფენას წარადგენს, რომლის კურატორი MAMC+-ის გენერალური დირექტორი აურელია ვოლცია. ქართველი ხელოვანისათვის ეს არის პირველი პერსონალური გამოფენა საფრანგეთში, რომელიც 1993 წლიდან 2001 წლამდე შექმნილ 60-ზე მეტ ნამუშევარს გააერთიანებს. ექსპოზიცია, რომელიც 650 მ²-ზეა წარმოდგენილი, ხუთ დარბაზს მოიცავს და სიმაღლეში 8 მეტრს აღემატება.
თეა ჯორჯაძის შემოქმედება ოც წელიწადზე მეტია სკულპტურებითა და მათი ინსტალაციით გამოირჩევა, რომლებიც შერჩეული სივრცის არქიტექტურას თვალსაჩინოდ უკავშირდება. ექსპოზიციაზე თაბაშირის, ტექსტილის, ხის, ასევე მინის, ნაპოვნი, სახეცვლილი და გაფართოებული ობიექტები წარმოდგენილია ნაწილებთან, რომლებიც ჩვენების სისტემასა და ფუნქციადაკარგულ არქიტექტურულ ელემენტებს მოგვაგონებს, მათ შორის შევხვდებით მოაჯირებს, ვიტრინებსა თუ თაროებს. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ექსპოზიციის ნიმუშები დიდი პოემის ნაწილია, სადაც მასალები შრეებში საუბრობენ, წარსულისაკენ იმზირებიან და საექსპოზიციო სივრცეში ახალ რეალობაში ჩნდებიან.
თეა ჯორჯაძე ათ წელზე მეტია ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო საჯარო თუ პირად კოლექციებშია დაცული. მათ შორისაა, Berlinische Galerie და Boros Collection ბერლინში, Migros Museum ციურიხში, ასევე FRAC Bourgogne და Pays de la Loire საფრანგეთში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო Sprüth Magers-ის გალერეაში, Kaufmann Repetto-ში, Meyer Kainer-სა და Take Ninagawa-ში.
დაწერე კომენტარი