ხელოვანები - ათუ გელოვანი და მარი ლებანიძე, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და მუშაობენ, ბოლო ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ახალ ნამუშევრებს წარადგენენ. მათი პროექტი თანამედროვე და ძველი ენების ერთგვარ ლინგვისტურ კვლევას ასახავს, სადაც ხელოვანების ხედვები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ იგულისხმება, ერთი მხრივ, მარი ლებანიძის პრაქტიკა, რომელიც ორნამენტებისა და შრიფტების ინსტრუმენტად გამოყენებას ეფუძნება, მეორე მხრივ კი, ათუ გელოვანის სამკაულების ბრენდი RM ATU GELOVANI, რომლის მთავარი შეტყობინების მიხედვით ფორმები და ნივთები გენდერისაგან სრულიად დაცლილი უნდა იყოს. პროექტის კონცეფციას ქართული ნაცვალსახელი - “ის” განაპირობებს, რომელიც არც ერთი გენდერის აღმნიშვნელი არ არის. დაკვირვების მხრივ ხელოვანებისათვის საინტერესო იყო ფაქტი, რომ მიუხედავად ქართული პატრიარქალური სისტემისა, ენა, როგორც კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი, ყოველთვის უგენდერო იყო და ასეთივედ რჩება.
“ამ ნაცვალსახელის გამოყენებით ჩვენ შევქმენით ორნამენტი, რომლის ფორმაც შემდგომ დავშალეთ და ამ დეკონსტრუქციის შედეგად ახალი ფორმები მივიღეთ, რომლებიც არცერთ გენდერს არ უკავშირდება”, - განმარტავს ათუ გელოვანი Hammock Magazine-თან საუბრისას. ამასთან ხელოვანებმა ნამუშევარში “ვეფხისტყაოსნის” ის მონაკვეთიც გამოიყენეს, სადაც შოთა რუსთაველი თამარ მეფეზე საუბრობს. “ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ თამარი ერთადერთი ქალია საქართველოს ისტორიაში, რომელიც მეფე იყო. იგი დღესაც დომინირებს და საზოგადოების იმ ნაწილსაც აღაფრთოვანებს, რომლებიც გენდერულ როლთან დაკავშირებულ საკითხებს რთულად აღიქვამენ, რაც შემდგომ ხელს უშლის ფუნდამენტურ განვითარებას”, - აგრძელებს ხელოვანი.
ქართული ასოებით ბიზანტიური ტიპის ორნამენტების შექმნა და ასევე ქართული და ლათინური სიმბოლოების შერწყმით ახალი შრიფტის შემუშავება ხელოვანებისათვის ის საწყისი წერტილებია, საიდანაც გენდერისაგან დაცლილი ახალი ფორმები გაჩნდება. სრული ინსტალაცია ჰამბურგში, HFBK Gallery-ში იყო წარმოდგენილი, რომლის ნახვა HFBK-ს სკოლის ყოველწლიური გამოფენის ფარგლებში 11-13 თებერვლის ჩათვლით ისევ იქნება შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი