საერთაშორისო არქიტექტურულმა კომპანია RSAA-მ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში პროექტ Chamber Church-ზე მუშაობა დაასრულა. ოფიციალური ცნობით შენობა ერთდროულად როგორც რელიგიური, ასევე საჯარო სივრცის დატვირთვითაც იფუნქციონირებს. Chamber Church-ის პროექტი არქიტექტურის არქეტიპული მოტივებისა და თანამედროვე ტენდენციების სინთეზზე დაყრდნობით შეიქმნა, რაზეც კლასიკური არქიტექტურული ელემენტები, მათ შორის, სამრეკლოს ნაწილი და ბაზილიკის მსგავსი დაგეგმარება მიუთითებს.

 

 

“თანამედროვე პროექტის შესაქმნელად ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი ფორმა, რომელიც კვლავინდებურად გააცოცხლებდა ეკლესიისათვის დამახასიათებელ არქეტიპს, - ამბობს არქიტექტორი Büro Ziyu Zhuang, - აქედან გამომდინარე, შენობის დიზაინში ინტეგრირდა ტრადიციული ეკლესიების განსხვავებულად ფუნქციური ფასადის სახეები. მიღებული შედეგი კი შრეების სერიით გამოიხატა.”


აღსანიშნავია, რომ ნაგებობის ექსტერიერის განუყოფელ ნაწილს ბუნება წარმოადგენს, რაც ამ შემთხვევაში ხელოვნური ტბის არსებობითაა განპირობებული, რომელშიც შენობის ნაწილი თითქოს იძირება. ხელოვნური ტბა, რომელიც ნაგებობის დიდ ნაწილს ესაზღვრება, ერთგვარ კონფიდენციალურ ხაზს ავლებს, როცა Chamber Church-ის ღია შესასვლელი სივრცის საჯაროობას უსვამს ხაზს.

შენობა გამორჩეულია განათების სისტემით, რომელზეც კომპანია puri lighting design-მა იმუშავა. ნაგებობის ფასადი, რომელიც შრეებად არის დაყოფილი, მათ შორის არსებული დაშორებებით სივრცეში დღის შუქს უზრუნველყოფს, ხოლო შრეებს შორისი ხელოვნური განათება ნაგებობას ღამის ქინგდაოში შთამბეჭდავ, “წმინდა” ფერად აჩვენებს. Chamber Church დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტით გამოირჩევა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი კუთხიდან უმზერს მას დამკვირვებელი.

ფოტო: Dezeen