ხელოვანი, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ ჩინეთის ყველაზე საშიშ ადამიანად აქცია. ასე მოიხსენიებს თანამედროვე ჩინელი არტისტი აი ვეივეი საკუთარ თავს. ერთდროულად მხატვარი, პოეტი, არქიტექტორი, რეჟისორი, ინსტალატორი, პერფორმერი, ფოტოგრაფი და პოლიტიკური აქტივისტი აი ვეივეი იმ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც საკუთარი ქვეყნიდან დევნილობა და პატიმრობაც კი გამოუცდია, სწორედ იმ ნამუშევრების გამო, რომლებშიც ხელოვანმა თანამედროვე სამყაროს ყველაზე ცხადი და ხელშესახები პრობლემები გააცოცხლა.
თუმცა დევნილობაში მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების გამო არ ყოფილა, მამამისი, ჩინელი პოეტი აი ჩინი, სწორედ ამავე მიზეზით ხელისუფლებამ სინძიანის პროვინციაში გადაასახლა, სწორედ აქ იზრდებოდა აი ვეივეი, სანამ მაო ძე დუნის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ბეიჯინგში დაბრუნდებოდა. აიმ კინოაკადემიაში დაიწყო სწავლა, თუმცა მალევე გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. სწორედ აქ ეზიარა თანამედროვე ხელოვნებას, დასავლურ კულტურას და იმ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, რომლის შესახებაც ჩინეთში არავინ არაფერი იცოდა. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამშობლოში მოუწია დაბრუნება, სადაც თავისი თანამედროვე ჩინელი არტისტების ნამუშევრების შეგროვება და მათი წიგნად გამოცემა დაიწყო, სულ სამი წიგნი გამოიცა სათაურებით: შავი, თეთრი და ნაცრისფერი წიგნები. თავად კი 1999 წელს არქიტექტურული სტუდია „ყალბი დიზაინი“ დააარსა, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ურბანული პროექტი განახორციელა, მათ შორის ყველზე ცნობილი ბეიჯინგის ოლიმპიური სტადიონი „ჩიტის ბუდე.“
აი ვეივეის ხელოვნება, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ თავად არტისტისა და თავისივე სამშობლოს ბიოგრაფიის მანიფესტაციაა,
მის ნამუშევრებს ამავე დროს ხშირად განიხილავენ როგორც რეაქციას და კომენტარს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სადაც ყოველთვის იგრძნობა სოციალური ფონი და ის გარემო, რომელშიც ხელოვანს უწევდა ან უწევს ცხოვრება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტალაცია „მზესუმზირის მარცვლებიც“ ამის ნათელი მაგალითია.
“მზესუმზირის მარცვლების” ისტორია კი ასეთია: აი ვეივეიმ ქალაქ ძინდეჯენში მცხოვრები ფაიფურის 1600 ოსტატი დაიქირავა, რომელთაც ზუსტად ერთნაირი 100 მილიონი ფაიფურის მზესუმზირის მარცვლის დამზადება დაავალა. როგორც არტისტი იხსენებს, მაშინ როცა თავის ოჯახთან ერთად სინძიანის პროვინციაში გადაასახლეს, სწორედ მზესუმზირის მოყვანის კულტურა იყო ის, რითაც ადგილობრივები თავს ირჩენდნენ. ამიტომაც მზესუმზირის მარცვლები არტისტისთვის ბავშვობისდროინდელ ჩინეთთან ასოცირდებოდა. თუმცა ინსტალაციის და პერფორმანსის გამოხატვის ფორმა ამავდროულად თანამედროვე ჩინეთში არსებულ სოციალურ პრობლემას უსვამდა ხაზს. აი ვეივეიმ Tate Modern-ის ტურბინების დარბაზში ფაიფურის ოსტატების მიერ დამზადებული 100 მილიონი მზესუმზირის მარცვალი იატაკზე დაყარა და ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება მისცა მასზე გაევლო. ამ აქტით კი ჩინეთის როგორც იაფი მუშახელისა და მასობრივი შრომის პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმოებლის მიმართ მთელი დანარჩენი სამყაროს ხედვა დაგვანახვა. ეს ხედვა კი სწორედ ისეთია, როგორც ამ ნამუშევრის აღქმა, 100 მილიონ მზესუმზირის მარცვალს საზოგადოება ერთ მთლიანობად აღიქვამს და მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, რომ თითოეული მათგანი თავისთავად მაღალი დონის ოსტატის მიერ შექმნილ ცალკეულ ნამუშევარს წარმოადგენს.
დაწერე კომენტარი