ალბათ რთული წარმოსადგენია თებერვლის ბერლინში, ქარში, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს, რატომ უნდა იყოს სასიამოვნო მთელი დღის განმავლობაში ერთი კინოთეატრიდან მეორეში სირბილი თუ რიგებში დგომა. მით უმეტეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ბერლინალეს ესწრება, ყოველდღიურად გვიწევს სწრაფი ტესტის გაკეთება, თუმცა, მიუხედავად მცირე უსიამოვნებებისა, ყველაფერი ჯადოსნურია. ბერლინალე მსოფლიოში არსებულ კინოფესტივალთა შორის პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც სეანსებზე დასწრების საშუალებას ყველა მსურველს აძლევს, ამიტომ ამ დღეებში მთელი ქალაქი კინოთია მოცული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ფესტივალის ლოგო, ლეგენდარული დათვი, სხვადასხვა პროგრამისა თუ პრესკონფერენციის ანონსები და საკონკურსო ფილმების პოსტერები. თითქოს ქალაქი მუდმივად გვახსენებს, რომ დროებით ყველანი კინოდღესასწაულის ნაწილი ვართ.
ფესტივალის მეორე დღე ჩემთვის დებიუტანტი დოკუმენტალისტის, რაფიკი ფარიალას ფილმით - “Nous, Etudiants!” დაიწყო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები მეგობრების ამბავს გვიყვება. რეჟისორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა თავისი სამეგობრო წრის ყოველდღიურ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა ფილმი, რომელიც პატარა ჩაკეტილი წრის ჩვენებით, თან ძალიან პირად, ინტიმურ ისტორიას გვიყვება, თან კი წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრება, რამდენად მძიმე პრობლემების გამკლავება უწევთ ადამიანებს ყოველდღიურად და მაინც როგორ არ კარგავენ იმედს, რომ ქვეყნის მდგომარეობა ადრე თუ გვიან გამოსწორდება. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ისაუბრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კინოთეატრებისა და კულტურის უდიდეს როლზე, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.
გარდა უახლესი ნამუშევრებისა, ბერლინალე ყოველწლიურად სთავაზობს მაყურებელს კინოკლასიკად აღიარებულ ფილმებს.
გუშინ კინომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ პიერ პაოლო პაზოლინის “Mamma Roma“ ენახათ. უნაკლო გამოსახულებამ და ხმამ ფილმის სრულიად ახლებური თვალით დანახვის და კიდევ ერთხელ მოხიბვლის საშუალება მოგვცა.
ფესტივალის მეორე დღე დავასრულეთ კლერ დენის ახალი ფილმით - "Avec Amour et Acharnement", რომელშიც მთავარ როლებს ჟულიეტ ბინოში, ვენსან ლინდონი და გრეგუარ კოლინი ასრულებენ. ფილმი ძალიან რთული სიყვარულის ისტორიაზეა, პარიზული ნაცრისფერი ზამთრის დეპრესიულობა და მთავარი პერსონაჟების ბინის კლაუსტროფობიული გარემო მაყურებელს ეხმარება ის სულიერი სიმარტოვე და უიმედობა განიცადოს, რასაც პერსონაჟები გრძნობენ. თუმცა კინოს მთავარი ხიბლი ჟულიეტ ბინოშია, რომლის საოცრად ინტენსიური, ემოციური თამაში ზუსტად ისევე უბნევს მაყურებელს თავგზას, როგორც ფილმის სხვა პერსონაჟებს.
შაბათს შემოქმედებით ჯგუფთან პრესკონფერენცია გაიმართება, რაც ალბათ პასუხებს გაგვცემს იმ კითხვებზე, რომლებიც ფილმმა გააჩინა.
ხვალ კი ფესტივალის მესამე დღის ამბებით, ახალი ფილმებითა და შეფასებებით დაგიბრუნდებით.
დაწერე კომენტარი