სიყვარული და სასიყვარულო სიმბოლოები წლების განმავლობაში ჩვენი საყვარელი სიმღერების, სენტიმენტალური რომანებისა და რომანტიკული კომედიების მთავარ შთაგონებად იქცა. გულის ფორმამ თუ რომანტიკული ფერების ვარიაციებმა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების კოლექციებშიც იპოვა გზა. ვალენტინობის დღეს Hammock Magazine მოდური ჩვენებებიდან იმ ლუქებს წარმოგიდგენთ, რომლის მთავარი შთაგონების წყარო სასიყვარულო განწყობა და ვალენტინობაა. 

 

Mugler Spring/Summer 1992


ტერი მუგლერმა 1992 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე ექსტრავაგანტური და სექსუალური Cowgirl-ის სახე შექმნა -  მოდელმა კონი ფლემინგმა გულის ფორმის ძვირფასი ქვებით გაფორმებული წითელი კოსტიუმი წარმოადგინა. 

 

Courréges Fall/Winter 1994


მოდის სახლმა - Courréges-მა ფუტურისტული სტილით 60-70-იანი წლების ფრანგული მოდის ტენდენციები განსაზღვრა. 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ბრენდის მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი - ვერცხლისფერი დეტალი გულის ფორმის ჩანართის სახით გამოჩნდა. 

 

Chanel Spring/Summer 1996


Chanel-ის 1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება მოიცავდა ვალენტინობის დღის მზა ლუქების სერიას წითელში, თეთრსა და ვარდისფერში. ჩვენების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ვარდისფერი ე.წ Micro-cini აღმოჩნდა, რაც მაღალ მოდაში სწორედ ფრანგულმა მოდის სახლმა დაამკვიდრა.

 

Versace Spring/Summer 1997


Versace-ს 1997 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება ჯანი ვერსაჩეს ხელწერისგან ოდნავ განსხვავებულია - ამ კოლექციამ ინტიმური ურთიერთობისა და რომანტიკის თემა შიფონის გამოყენებით და გამჭვირვალე გულის პრინტების მეშვეობით გააღვიძა. 

 

Alexander McQueen Spring/Summer 2004


სიდნი პოლაკის 1969 წლის დრამამ - They Shoot Horses, Don't They? შთააგონა დიზაინერი ალექსანდრ მაკქუინი 2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე ველური პერფორმანსი დაედგა. მოდელები და მოცეკვავეები პარიზის Salle Wagram-ის დარბაზში უხვად მორთულ ქსოვილებში, ბუმბულებით გაწყობილ ქვედაბოლოებსა და მომდგარი სილუეტის კოსტიუმებში გამოწყობილები ცეკვავენ. 

 

Jean Paul Gaultier Haute Couture Spring/Summer 2007

ჟან პოლ გოტიეს 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება ფრანგი დიზაინერის შემოქმედებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. დიზაინერმა ლიტურგიკული დეტალები სისხლისფერი მძივებით აწყობილი გულის ფორმით ნაცრისფერ კაბაზე წარმოადგინა.

 

Maison Margiela Fall/Winter 2014


Maison Margiela-ს 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ ჩვენებაზე რომანტიკით შთაგონებული კოლექცია ვიხილეთ. ძველი მონეტებით შეკერილი კაბის გულის ფორმის ბიუსტზე, რომელიც ჰელიუმის ბუშტის ნარჩენებისგან შეიქმნა, წარწერას - I Love You ვკითხულობთ. 

 

Moschino Spring/Summer 2015


ჯერემი სკოტმა 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება კალიფორნიელ Barbie-ს მიუძღვნა. კოლექციაში, რომელიც ქერა მოდელებმა წარმოადგინეს, ვარდისფერი ჭარბობდა. ლუქი გულის ფორმის ჩანთით ვალენტინობის დღესასწაულს იდეალურად შეეფერება.

 

Saint Laurent Fall/Winter 2016


Saint Laurent-ის გულის ფორმის ხელოვნური ბეწვის მოსასხამი 2016 წლის გარდერობის აუცილებელ ნივთად და სიყვარულის ეპონიმად იქცა. ჰედი სლიმანის მიერ შექმნილი წითელი მოსასხამი სხეულს გიგანტურ გულად აქცევს.

 

Dior Spring/Summer 2018


მარია გრაცია კიურის მიერ Dior-სთვის შექმნილი 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ფემინისტური კოლექციით  ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ. რამდენიმე ნამუშევარს  მულტფილმის გულის მოტივი ამშვენებდა.

 

VIKTOR & ROLF Spring/Summer  2019


VIKTOR & ROLF-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დიდი ზომის ტიულის კაბების სერიისგან შედგებოდა, რომელზეც სხვადასხვა სლოგანები იკითხებოდა. წარწერა - Get Mean ვარდისფერი კაბის გულის ფორმის ზედა ნაწილზე ჰოლანდიური მოდის სახლისგან ირონიული განაცხადი იყო. 

 

Saint Laurent Fall/Winter 2019


Saint Laurent-ში კრეატიულმა დირექტორმა ენტონი ვაკარელომ გულის კვინტესენციური სიმბოლოს მიმართ უფრო დახვეწილი მიდგომა აირჩია და გულის ფორმის სექსუალური ჭრა ე.წ Little black dress-ზე გამოიყენა. 

 

Rodarte Fall 2019


2019 წლის შემოდგომის ჩვენებაზე დიზაინერებმა - ქეით და ლორა მალივებმა რომანტიკული ლუქების სპექტრი წარმოადგინეს. 80-იანი წლების მოდით შთაგონებულ სილუეტს უამრავი წითელი გული ამშვენებს. 

 

Gucci Spring 2019


პარიზის Le Palace-ში Gucci-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა  ალესანდრო მიკელემ 70-იანი წლებით შთაგონებული სამოსი და აქსესუარები წარადგინა. 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია ეკლექტიკური სტილით გამოირჩეოდა და ბრჭყვიალა სამოსს, აბრეშუმის პასტელურ კაბებსა და ხავერდის პიჯაკებს აერთიანებდა. გულის ფორმის დეტალებს Gucci-ის კოლექციებში ხშირად ვხვდებით. ამჯერად დიზაინერმა ანატომიური გული საინტერესო სილუეტის თეთრ კაბაზე ამოქარგა. 

Vivienne Westwood Spring/Summer 2020


Vivienne Westwood-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა მე-18 საუკუნის სტილით შთაგონებული საქორწინო კაბით დახურა. რომანტიკულ ლუქს როკოკოს ვარცხნილობა და დიდი ზომის დეკორატიული ქოლგა უფრო ჰაეროვანს ხდიდა. 

ფოტო: Vogue, Patrick Kovarik