სიყვარულისა და ურთიერთობების ამსახველ თემებს არაერთი ხელოვანის ნამუშევრებში შევხვდებით, რომლებიც  როგორც ბედნიერების, მღელვარებისა და აღტაცების, ასევე დანაკარგისა და იმედგაცრუების მძაფრ ემოციურ გრძნობებს შეიძლება ააშკარავებდეს. ასეთი შინაარსის ნამუშევრების შექმნის შთაგონებას კი ხელოვანები როგორც საკუთარი პარტნიორებისაგან, ასევე სხვა წყვილების ურთიერთობების გადმოცემის სურვილითაც იღებენ.

 

ნან გოლდინი - Rise and Montly Kissing 


ფოტო სათაურით Rise and Montly Kissing სექსუალური ლტოლვისა და დაუოკებელი ვნების შეულამაზებელ სურათს ააშკარავებს, რომელიც ნან გოლდინის ცნობილ სერიაში - The Ballad of Sexual Dependency-შია შესული. სერიას ფოტოგრაფი იმ დღიურსაც უწოდებს, რომელიც წასაკითხად ხალხს გადასცა და მართლაც, “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე” ის ვიზუალური დღიურია, რომლითაც გოლდინი 70-80-იანი წლების ცხოვრების სტილის დოკუმენტურ მასალას გვთავაზობს. ფოტოგრაფი, რომელიც ერთ ინტერვიუში კამერას თავისი ფიზიკური არსის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს, ადამიანების პირად სივრცეებში დაუფარავად შეჭრით გამოირჩევა, თუმცა სერია სულაც არ ბადებს განწყობას, რომ ფოტოობიექტივში აღმოჩენილი ადამიანები იოტისოდენა უხერხულობას მაინც განიცდიდნენ. პირიქით, თითქოს სწორედ გოლდინი და მისი ფოტოაპარატი არის აუცილებელი, რათა საერთო შეკრებებსა და აღვირახსნილ ღამეებს აზრი მიეცეს და სასმელებითა და ნარკოტიკებით გაბრუებულმა ახალგაზრდებმა თავიანთი ფიზიკური არსებობა სრულად შეიგრძნონ.

 

ჯონ ბალდესარი - Green Kiss/Red Embrace


ამერიკელი კონცეპტუალური ხელოვანის ნამუშევარი ვნების, სიყვარულისა და სინაზის ელემენტებს აერთიანებს. აქ ამბორს მწვანე ფერი აქვს, მოხვევას - წითელი. მოალერსე სხეულები, რომლებიც ბალდესარმა ერთმანეთისაგან საგანგებოდ განაცალკევა, ერთი სცენის ოთხ დამოუკიდებელ ფრაგმენტადაა წარმოდგენილი. ნამუშევარი ერთდროულად ვნებაში ჩაძირულ ადამიანებსაც მოგვაგონებს და იმ ვერშემდგარ ურთიერთობასაც გვახსენებს, სადაც ადამიანები ერთმანეთისაკენ ბუნებრივად მიილტვიან, თუმცა ერთად ყოფნას ვერასოდეს ახერხებენ.

 

პატი სმიტი - რობერტ მეპლტორპის ხელები


“ერთი პერიოდი ფოტოებს 35 მმ-იანი ფირის იაფფასიანი კამერით ვიღებდი. მათ გასამჟღავნებლად ფული უმეტესად არ მქონდა. უბრალოდ, მომწონდა გადაღება და დროის გარკვეული მომენტის კადრში გაქვავება”, - წერს პატი სმიტი, რომელიც რობერტ მეპლტორპს საუკეთესო მეგობრად, შეყვარებულად, თანამოაზრედ და ამასთან მონათესავე სულად მიიჩნევდა. ისინი Brentano-ს წიგნის მაღაზიის სხვადასხვა ფილიალში მუშაობდნენ და მათი ერთ-ერთი პირველი შეხვედრაც სწორედ Brentano-ში შედგა. ერთხელ, როცა მეპლტორპი პატის სამუშაო ფილიალში შევიდა, ზუსტად იმ სპარსული ყელსაბამის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც პატის განსაკუთრებით მოსწონდა. “ვერ ვიჯერებდი, ასობით ნივთიდან მაინცდამაინც ის ერთი ამოარჩია, რომელიც ჩემთვის მინდოდა”, - იხსენებს პატი ერთ-ერთ საჯარო ინტერვიუში და დღესაც კი ვერ ხვდება, როგორ მოიკრიბა საკმარისი გამბედაობა, რათა მეპლტორპისათვის, რომელმაც სასურველი ნივთი თვალსა და ხელს შუა გამოაცალა, შემდეგი სიტყვებით მიემართა - “Don’t give it to any girl, but me”.


დაახლოებით ერთი წლის წინ პატი სმიტმა pattismith.substack.com-ზე ბლოგების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც გამომწერებს ახალ მხატვრულ ნაწარმოებთან, The Melting-თან ერთად თავის პირად მოგონებებსაც უზიარებს. ერთ-ერთ ბლოგში იგი არქივის ყუთში აღმოჩენილ რობერტ მეპლტორპის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც 1970 წელს “სასტუმრო ჩელსიში” ერთად ცხოვრების დროსაა გადაღებული. “არასოდეს გადამიღია სურათი მისი სახისთვის”, - წერს პატი ბლოგში, რაც მათი მრავალწლიანი ურთიერთობის ფონზე ძალიან უცნაურადაც შეიძლება მოგვეჩვენოს. ფოტოები, რომლებიც მეპლტორპის დეტალებზე ორიენტირდება, მნახველს მის პირად სივრცეშიც იწვევს. პატის კამერა რობერტს თითქოს არაფრით გამორჩეული დღის ერთ-ერთ მომენტში აღბეჭდავს, ხელში სიგარეტითა და ბეჭდებით. მისი თვალთახედვის მიღმა არც რობერტის სამაჯურზე ჩამოკიდებული ჩონჩხია დარჩენილი, რომელიც სხვათა შორის, მეპლტორპის მიერ 18 წლის შემდეგ გადაღებული ავტოპორტრეტის მთავარ გამოსახულებად იქცევა.

 

პიტერ ჰუჯარი - დევიდ ვოინაროვიჩი


პიტერ ჰუჯარის შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ნიმუშები მრავალ ცნობილ სახესთან ერთად მამაკაცების შიშველი სხეულების ამსახველ ფოტოებსაც აერთიანებს. ამერიკელი ხელოვანი და აქტივისტი დევიდ ვოინაროვიჩი, რომელიც ჰუჯარის მრავალწლიანი პარტნიორი და მეგობარი იყო, ჰუჯარის რამდენიმე ფოტოში გულ-მკერდმოშიშვლებული წევს. ფოტოგრაფისა და მოდელის ურთიერთობის გათვალისწინებითაც ნათელია, რომ სურათი ვერ იქნება მხოლოდ იმ სახის გამოსახულება, რომელიც გამართული ტექნიკის საშუალებითაა მიღებული. აქ ვოინაროვიჩი უყურებს არა ჰუჯარის კამერის ობიექტივს, არამედ თავად ჰუჯარის პერსონას, რომელთან დამაკავშირებელ მძაფრ განცდებს ჰუჯარის ფოტოაპარატი ვერ ნიღბავს. ამ 1981 წლის პორტრეტში ამოკითხული თვალით კონტაქტი, შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფისა და მოდელის ინტიმურ გრძნობებზეც საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ჰუჯარის ერთ-ერთი ცნობილი პორტრეტი ვოინაროვიჩის მიერაა გადაღებული, რომელიც შიდსით დაავადებული ჰუჯარის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ასახავს.

 

ჰელმუტ ნიუტონი და ელის სპრინგსი


ეს ფოტო ჰელმუტ ნიუტონმა ნიუ-იორკში, სასტუმრო Volney-ში ყოფნის დროს გადაიღო. ცოლ-ქმრის სარკეში არეკლილი გამოსახულება მნახველთა ნაწილს ისეთ შთაბეჭდილებასაც უტოვებს, რომ თითქოს ისინი ნომრიდან გასასვლელად ემზადებიან - სადაცაა ტელევიზორი უნდა გამოირთოს, ოთახში შუქები ჩაქრეს და ჰელმუტმაც ქურთუკი მოიცვას. Vogue Britain-ის კონტრიბუტორი რედაქტორი დანა თომასი თავის ერთ სტატიაში ცოლ-ქმართან პირადად შეხვედრის დეტალებს იხსენებს. სპრინგსის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, როცა ჰელმუტმა სპრინგსს ხელი სთხოვა, თან ისიც დაუყოლებია, რომ მისთვის მეორე სიყვარული იქნებოდა, პირველ ადგილს კი ყოველთვის ფოტოგრაფია დაიკავებდა. “არასოდეს შემეძლო მის ფოტოგრაფიაზე მეეჭვიანა”, - განმარტა სპრინგსმა თომასთან საუბრისას და აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმრო Volney-ში გადაღებულ ფოტოში ჰელმუტთან ერთად უკვე ისიც პროფესიონალი ფოტოგრაფია. მაშინ, როცა გამოსახულებას სპრინგსის მიერ მონათხრობ ამბავზე დაყრდნობით ვაკვირდებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰელმუტ ნიუტონმა Volney-ში გადაღებული ფოტოსურათით თავისი ცხოვრების  ყველაზე მძაფრი გრძნობები გააერთიანა. 

 

ზაკერი დრაკერი და რის ერნსტი - Relationship


ხელოვანებმა - ზაკერი დრაკერიმ და რის ერნსტმა თანაცხოვრების ექვსი წელიწადი დღიურად აქციეს და წიგნში Relationship საერთო ფოტოებს, ვიდეოს ფრაგმენტებსა და წერილებს მოუყარეს თავი. სერია წყვილის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ტრანსფორმაციასაც ასახავს, რადგან ეს ის პერიოდია, როცა დრაკერისა და ერნსტის გენდერები გარდაქმნის ფაზაშია - ერნსტი ტრანსგენდერი კაცი, ხოლო დრაკერი ტრანსგენდერი ქალი ხდება. 2008-2014 წლებში გადაღებული ფოტოსურათები წყვილის ყოფითი ცხოვრების ყველაზე ფარულ დეტალებსაც აშიშვლებს, სადაც სიყვარულთან და ვნებასთან ერთად მათი შიშები, სასოწარკვეთა და ახალ ვიზუალურ იდენტობასთან შეგუების პროცესია გამოხატული.

 

ნან გოლდინი - Nan and Brian in Bed in New York

ნან გოლდინის მზერა პარტნიორისაკენაა მიმართული, რომლის სახეს მნახველი სანახევროდაც ვერ აღიქვამს. სიგარეტით ხელში წარმოდგენილი ბრაიანის ინდიფერენტული განწყობა მნახველს თითქოს დაძაბულობის გრძნობას უვითარებს და შეიძლება ნანის იმ ცნობილ ფოტოსაც ახსენებდეს, სადაც ამერიკელი ფოტოგრაფის სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალია ასახული.

 

სოფი ქალი - Take Care of Yourself


რას მოიმოქმედებდით, თუკი პარტნიორი იმეილის შეტყობინებით თქვენთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გამცნობდათ? ფრანგმა კონცეპტუალურმა არტისტმა სოფი ქალიმ გადაწყვიტა, რომ პარტნიორის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება 2007 წლის ვენეციის ბიენალეზე მთავარ თემად გამოეყენებინა, რომლის შთაგონება წერილში ნახსენებმა სიტყვებმა - Take Care of Yourself განაპირობა. “როდესაც წერილი წავიკითხე, ზუსტად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა - ეს ცალსახად დამშვიდობების წერილი იყო თუ რაღაცის დასაწყისზე მიანიშნებდა”, - ამბობს ხელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში, რის შედეგადაც პარტნიორის შეტყობინების ამოხსნის მიზნით იმ 107 ქალს დაუკავშირდა, რომელთა პროფესიაში ინტერპრეტაცია მთავარ როლს ასრულებდა. შერჩეულ ქალებს შორის იყვნენ მსახიობები, მომღერლები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები და მწერლები, რომლებსაც ხელოვანის ყოფილი პარტნიორის შეტყობინების ანალიზი თავიანთი პროფესიის ფარგლებში უნდა წარმოედგინათ. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ კომენტარი ფურცელზე, ეცეკვათ, ემღერათ და ა.შ. შედეგად კი ექსპოზიციაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა სოფი ქალის ყოფილი პარტნიორის სახე სხვადასხვა ინტერპრეტაციის ნიმუშად გააერთიანა და სიტყვები - Take Care of Yourself ფრანგმა ხელოვანმა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვან მოვლენად გადააქცია.