შაბათ-კვირას ბერლინში რატომღაც გაზაფხული მოვიდა, ნამდვილი გაზაფხული, ხეებიც კი აყვავდა. სავარაუდოდ ამ მიზეზით, დილის კინოსეანსებზე ხალხის რიცხვმა შესამჩნევად მოიკლო. მე განსაკუთრებით დატვირთული ორი დღე მქონდა. ვეცადე საკონკურსო სექციის ფილმების დიდი ნაწილი მენახა და ყველა მათგანზე შემიძლია ვთქვა, რომ იმედი გამიცრუვდა. თუმცა, სანამ უარყოფით შეფასებაზე გადავალ, დადებით ნაწილზე ვისაუბრებ. შაბათს გაიმართა პრესკონფერენცია ფილმის - “Avec Amour et Acharnement”-ის შემოქმედებით ჯგუფთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ რეჟისორი კლერ დენი და მთავარი როლის შემსრულებლები - ჯულიეტ ბინოში და ვენსან ლინდონი. კონფერენციაზე ისაუბრეს ფილმის სიუჟეტზე, სირთულეებსა და ტკივილზე, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთობებსა და სასიყვარულო სამკუთხედს ახასიათებს, ასევე პერსონაჟების ემოციებზე. შეხვედრის ბოლოს კი რეჟისორმა გვითხრა, რომ ახალი ფილმის გადაღება დაასრულა და პრემიერა შეიძლება გაზაფხულზე გაიმართოს. გარდა ამისა, შაბათს ვნახეთ ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც არა საკონკურსო, არამედ პანორამის სექციიდან იყო.
“სონე” ავსტრიაში მცხოვრები სამი თინეიჯერი გოგოს ისტორიაა, რომელთა ხუმრობით გადაღებული ვიდეოც ვირუსულად მოედება სოცქსელებს და გოგოები სრულიად მოულოდნელად პოპულარობას მოიპოვებენ. ფილმი თანამედროვე რეალობის საკმაოდ უცნაური ასპექტის, შემთხვევითი პოპულარობის ნაკლებად გლამურულ და სახალისო მხარეზე გვესაუბრება, თუმცა გარდა ამისა, ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს ევროპაში იმიგრირებული მუსლიმების ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულე. რეჟისორი ახერხებს, რომ მიუხედავად სერიოზული თემებისა, მსუბუქი განწყობა და თხრობის მარტივი, თითქმის დაუდევარი სტილი შეინარჩუნოს.
შაბათის კინოსეანსები დასრულდა ფილის ნაგის ფილმით - “Call jane”, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი მქონდა, თუმცა საკმაოდ უკმაყოფილო დავრჩი. ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ამერიკაში ხდება, მაშინ, როდესაც ქალებს აბორტის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, ჰიპების მოძრაობა კი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობდა. სიუჟეტი ვითარდება ქალების გარშემო, რომლებიც აბორტის უფლებისთვის იბრძვიან და საიდუმლოდ უსაფრთხო აბორტის კლინიკა აქვთ გახსნილი. ფილმი თითქოს ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ბანალური ჰოლივუდური კინო შეგვრჩა, რომელიც არანაირ ემოციას არ გიტოვებს, ფიქრის საშუალებას არ გაძლევს და ყველა სიმბოლოსა და ჩანაფიქრს საოცრად ზედაპირულად და პირდაპირ გაწვდის. კვირა იმედგაცრუებით დაიწყო და ასევე დასრულდა. დილას ნიკოლეტ კრებიტცის “AEIOU - A Quick Alphabet of Love” ვნახე, რომელიც კონკურსში მონაწილეობს და მეტყველების პედაგოგისა და მოსწავლის სიყვარულზეა. ფილმის პირველი 40 წუთი ძალიან საინტერესო იყო როგორც თხრობის, ასევე გამოსახულების მხრივ, თუმცა შემდეგ ამბავი ძალიან მოსაწყენი გახდა, გამოსახულება კი სრულიად შეიცვალა და ისტორია, რომელიც ერთ ოთახში მიმდინარეობდა, რატომღაც მსუბუქ კრიმინალურ დრამად გარდაიქმნა. შემდეგ მიხაელ ჰერსის “The Passengers of the Night” ვნახე, რომლის მთელი სტრუქტურაც ლამაზი, ესთეტიკური კადრების, 80-იანი წლების ნოსტალგიისა და სასიამოვნო მუსიკის მოწოდებაზეა აგებული, რაღაც პერიოდის შემდეგ ესთეტიკა უბრალოდ გამაღიზიანებელი ხდება, სიუჟეტი კი სრულიად უმნიშვნელო და არაფრის მთქმელი, თუმცა ფილმს ჰქონდა ერთი ძალიან დიდი პლუსი - შარლოტ გინსბურგი, რომელიც ტრადიციულად ძალიან კარგად თამაშობდა როლს.
კვირა დღისა და მთელი ფესტივალის ყველაზე დიდი იმედგაცრუება დენის კოტეს “This Kind of Summer” იყო, ფილმი სექსის ადიქციის მქონე ქალების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც ზაფხულს გამაჯანსაღებელ კურორტზე ატარებენ. იმის ნაცვლად, რომ რეჟისორი ძალიან სერიოზული ფსიქიკური პრობლემის ამბავსა და ადიქციის გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბროს, მთელ ფილმს არგებს ეგრეთ წოდებულ კაცის მზერას (The Male Gaze), რის გამოც ფილმის მხატვრული ღირებულება სრულიად იკარგება და კიდევ ერთ ნამუშევარს ვიღებთ, რომელიც ქალის სხეულის გადაჭარბებული სექსუალიზაციითა და ობიექტიფიკაციით გამოირჩევა.
ხვალ კი იმედი მაქვს, რომ კონკურსის მე-5 დღის ამბებით და დადებითი შეფასებებით დაგიბრუნდებით.
დაწერე კომენტარი