ხელოვანების წყვილის - Christo and Jean-Claude-ის ავტორობით, რომელთა საერთო შემოქმედება მასშტაბური, სივრცით-სპეციფიკური ინსტალაციებით გამოირჩევა, მონუმენტური Mastaba აბუ დაბიში აშენდება


ხელოვანები პროექტის იდეაზე მუშაობას ჯერ კიდევ 1977 წელს შეუდგნენ, რომელიც 45 წლის თავზე, კრისტოს გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ ხორციელდება. მონუმენტური სკულპტურა აბუ-დაბის უდაბნოში დაიდგმება, რომლის სიმაღლე 150 მეტრს მიაღწევს და მსოფლიო მასშტაბით კრისტოს და ჟან-კლოდის ყველაზე დიდ პერმანენტულ ნამუშევრად ჩაითვლება. ხელოვანები პროექტისათვის აბუ დაბის პირველად 1979 წელს ესტუმრნენ, სადაც Mastaba-ს ფერებსა ბარელების განლაგებაზე შეთანხმდნენ. პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, Mastaba 410 000 ფერად ბარელს გააერთიანებს და ფორმით ისლამურ არქიტექტურას დაუკავშირდება.

საინტერესოა ისიც, რომ Mastaba-ს მოდელი ხელოვანების მიერ ლონდონში დადგმულ 2018 წლის დროებით სკულპტურასაც მოგვაგონებს, რომელიც კრისტოს გარდაცვალებამდე, 2020 წლის მაისში, აუგმენტური რეალობის სახით ჰაიდ პარკის ტერიტორიაზე ისევ გაცოცხლდა. აბუ დაბის პროექტის დასრულების საბოლოო თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც Christo and Jean-Claude-ის ფონდი იუწყება, Mastaba-ს პროექტი კრისტოს ნათესავ ვლადიმირ იავაჩევს გადაეცემა, რომელსაც ხელოვანების წყვილთან მუშაობის ოცდაათწლიანზე მეტი გამოცდილება აქვს და ახლახან განხორციელებული ტრიუმფალური თაღის პროექტსაც ხელმძღვანელობდა.