ძალიან დატვირთული შაბათ-კვირის შემდეგ, ორშაბათს პრაქტიკულად შატალოზე წავედი. თან, როგორც გითხარით, ბერლინში რატომღაც გაზაფხულია, ამიტომ მთელი დღის შენობაში გატარების ნაცვლად, მზეს ვეფიცხებოდი, თუმცა,  რა თქმა უნდა, კინოშიც ვიყავი. გუშინ კარლა სიმონის "ალკარასი" ვნახე, ფილმი თავიდანვე მაინტერესებდა, რადგან რეჟისორის, კარლა სიმონის სადებიუტო ნამუშევარი - "ზაფხული 1993"  2017 წელს ოსკარზე იყო წარდგენილი. კარლა სიმონი ბარსელონელი რეჟისორია, ბავშვობა კი კატალონიურ სოფელში აქვს გატარებული, ამიტომ მის ფილმებში რეგიონის პრობლემები მუდმივად ხაზგასმულია.


 "ალკარასის" სიუჟეტიც კატალონიაში ვითარდება, საინტერესოა, რომ დიალოგიც მხოლოდ კატალანზე მიმდინარეობს. ფილმი განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის, რადგან ისტორია ძალიან ნაცნობი და ქართულ რეალობასთან მიახლოებული იყო. ვეცნობით სოფელში მცხოვრებ ოჯახს, რომლის შემოსავლის წყაროც ატმის მეურნეობაა, თუმცა მათ მიწას დიდი კომპანია ყიდულობს და მასზე მზის პანელების განთავსებას აპირებს.  თხრობა ძირითადად დიდი ოჯახის სხვადასხვა წევრის განსხვავებულ ემოციებს მიჰყვება: მამის, რომელიც მზადაა ყველა გადაიმტეროს, ვინც თანახმაა, რომ მიწა კომპანიას დაუთმოს, ბაბუის, რომლისთვისაც ატმის ბაღი ცხოვრების ყველა მოგონებასთანაა დაკავშირებული, შვილის, რომელიც ერთი მხრივ, მუხლჩაუხრელ შრომას ვეღარ უძლებს, მეორე მხრივ კი - მამის ფეთქებად ხასიათს, დედის, რომლისთვისაც მთავარი ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებაა და ბავშვების, რომელთათვისაც ატმის ბაღები ყველაზე უფრო ჯადოსნური თავგადასავლებით აღსავსე ადგილს წარმოადგენს და მათი დაკარგვა ბავშვობის დასრულების ტოლფასი იქნება. კარლა სიმონი ახერხებს, რომ ძალიან ლოკალური, ერთი ოჯახის პრობლემით გლობალურ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება და ამასთანავე შეინარჩუნოს ოჯახური ცხოვრების მყუდრო, ინტიმური გარემო.

 

 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ალკარასი" ჯერჯერობით ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა წინ კინოთი დატვირთული დღე მაქვს და ხვალ შეიძლება სულ სხვა ფილმს ვუგულშემატკივრო.

ხვალ კონკურსის ბოლო დღისა და საინტერესო პრესკონფერენციის ამბებით დაგიბრუნდებით.