კარგი ამბავი მათთვის, ვინც მოუთმენლად ელოდა დიზაინერ მარტინ მარჯიელაზე დოკუმენტური ფილმის გამოსვლას. სადისტრიბუციო კომპანია Dogwoof-მა პრემიერის თარიღად 10 აპრილი დაასახელა.
ფილმის, „მარტინ მარჯიელა: საკუთარი სიტყვებით“ რეჟისორი რაინერ ჰოლცმერია, რომელმაც 2017 წელს დოკუმენტური ფილმი გადაიღო ასევე დრის ვან ნოტენის შესახებ. ფილმში მარჯიელა პირველად გვიამბობს თავისი ბავშვობის, მოდისადმი სიყვარულისა და შთაგონების შესახებ, ლაპარაკობს ანონიმურობის მნიშვნელობაზე და მაყურებელს უმხელს, რატომ გადაწყვიტა ასეთი წარმატებული ბრენდი დაეტოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინის სახე დაფარულია და დღიურის ფურცლების ფრთხილად გადაშლისას მაყურებელი მხოლოდ მის ხელებს ხედავს, მისი მეგობრების, თანამედროვეებისა და თვით ჟან პოლ გოტიეს მონათხრობებით ფილმი იმ ადამიანის ინტიმურ პორტრეტს ქმნის, რომელსაც აღიარება და დაფასება სულაც არ აინტერესებდა.
„პირობას გაძლევთ, ფილმის დასრულების შემდეგ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს შეხვედრიხართ, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს გინახავთ“, - ამბობს ჰოლცმერი.
დაწერე კომენტარი