მოდის დიზაინერების სახლები ხშირად ასახავს გარკვეული სტილისტური ელემენტებისა და ეპოქების მიმართ ინტერესს. ამ მხრივ, კარლ ლაგერფელდის სახლები გამორჩეულია. დიზაინერის მინიმალისტურ ბინას პარიზის ცენტრში, "ვილა ჟაკოს" თუ ნიუ-იორკის "პენტჰაუსს", განსხვავებული სტილის მიუხედავად, ერთი რამ აერთიანებს - არაორდინალური ინტერიერი და ორიგინალური დეკორის ობიექტები.
80-იან წლებში, მაშინ როცა ლაგერფელდი Chanel-სთვის მონოქრომულ ბამბის პერანგებს, გრძელი შავი ტვიდის მეზღვაურის შარვლებსა და კლასიკურ ქვედაბოლოებს ქმნიდა, მისი მონტე-კარლოს სახლი ურთიერთგამომრიცხავი ფორმის დეკორით, სინთეტიკური მასალებითა და 80-იანი წლების ეპოქის გრაფიკული ნიმუშებით იყო სავსე. პოსტმოდერნისტულ ინტერიერში მარკო ზანინის ფერად სავარძლებს და მიქელე დე ლუკას გეომეტრიული ფორმის კარადებს ვხვდებით. ინტერიერში დეკორის ობიექტების უმეტესი ნაწილი იტალიური დიზაინისა და არქიტექტურული ჯგუფის - Memphis Group-ის დამფუძნებლის, ეტორე სოტსასის მიერაა შექმნილი.
Memphis Group გასული საუკუნის 80-იან წლებში დიზაინერებისა და არქიტექტორების ავანგარდულ ასოციაციას წარმოადგენდა. ჯგუფი 1981 წლიდან 1988 წლამდე პოსტმოდერნისტულ ავეჯს, განათებას, ქსოვილებს, ხალიჩებს, კერამიკისა და ლითონის საგნებს ქმნიდა.
Memphis Group-ის ავეჯი შორს იყო ფუნქციური დანიშნულებისგან. დიზაინერების მთავარ ამოცანას ხელოვნებასთან სიახლოვე წარმოადგენდა და ყოველ ახალ დიზაინზე მუშაობა მათ მიერ რაღაც ახლის თქმის მცდელობა იყო.
ლაგერფელდის Memphis Group-ის ავეჯით გატაცება მალევე გაქრა, ისევე როგორც როკოკოსა და არტ დეკოს ავეჯი, რაც გარკვეულ პერიოდში დიზაინერის სახლს მთლიანად ავსებდა. 1991 წელს ლაგერფელდმა მონაკოს სახლის მთელი კოლექცია Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდა.
ფოტო: Jacques Schumacher
დაწერე კომენტარი