ბერლინალეს მეექვსე დღე იყო ის, რის გამოც ბერლინში ჩამოსვლა, ყოველდღე ტესტის რიგში დგომა და კინოთეატრში შესვლამდე მრავალსაფეხურიანი შემოწმების გავლა ღირდა.
გუშინ ორი ფილმი ვნახე, ლი რუიჯუნის "Return to Dust" და ჰონგ სანგ-სუს "The Novelist's Film". ლი რუიჯუნის ნამუშევარი საოცრად პოეტური ენით გვიყვება ჩინურ სოფელში ცხოვრების, მარტივი ცხოვრებით ტკბობის და სიყვარულის ისტორიას. მთავარი პერსონაჟები გარიგებით ქორწინდებიან, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კაცი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა ერთმანეთზე ზრუნვისა და ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომის ფონზე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი სიყვარული ჩნდება, რაც ოდესმე კინოში გვინახავს. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს ოპერატორი, რომელიც პრაქტიკულად დოკუმენტური სიზუსტით, ეგზოტიზაციის გარეშე გვაჩვენებს მიწაზე მუშაობის პროცესს, ისე რომ ამ დროს არ შეცვალოს თხრობის პოეტური სტილი. დასასრული ერთი მხრივ, მთავარი პერსონაჟების ამბავს კრავს, მეორე მხრივ კი - ჩინური სოფლების განწირულ მომავალზე მიგვანიშნებს.
რაც შეეხება მეორე ფილმს, ზოგადად ჰონგ სანგ-სუ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორია, თუ მისი დიალოგი და სტატიკურ კამერაზე აგებული ფილმები მოგწონთ, "The Novelist's Film"-იც აუცილებლად მოგეწონებათ. ერთ-ერთ მთავარ როლს ტრადიციულად რეჟისორის მუზა - კიმ მინ-ჰი ასრულებს და, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად მომხიბვლელია. ბერლინის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო იზაბელ იუპერს გადაეცემა. მასთან პრესკონფერენციაც გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა და ფესტივალზე ვეღარ ჩამოვიდა.
სამწუხაროდ ფესტივალი დასასრულს უახლოვდება და ერთკვირიანი ჩვენებების შემდეგ, დღეს, 16 თებერვალს გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებული, დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 22:00 საათზე Berlinale Palast-ში გაიმართება.
მე კი გამარჯვებულებისა და წითელი ხალიჩის შესახებ ინფორმაციით ხვალ დაგიბრუნდებით.
დაწერე კომენტარი