გუშინ, 16 თებერვალს დასრულდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო დღეები. მიუხედავად მცდელობისა, რომ დაჯილდოების საღამოს არ დასტყობოდა პანდემია, ყველაფერი მაინც ძალიან მოკრძალებული აღმოჩნდა. წითელ ხალიჩაზეც ძირითადად მხოლოდ ისინი ჩანდნენ, ვისი პროექტებიც კონკურსში მონაწილეობდა,  Berlinale Palast-იც, სადაც დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობდა, პრაქტიკულად ცარიელი იყო, სცენაზე კი არაერთხელ შეიქმნა პირბადის გამო გაუგებრობა. 


წლევანდელ ბერლინალეზე ჭარბობდა  რეჟისორი ქალების ფილმები და გამარჯვებულთა შორისაც ძირითადად ქალები არიან.

საერთაშორისო ჟიურის პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის - კარლა სიმონი, "Alcarras";

ვერცხლის დათვი, ჟიურის გრანპრი - ჰონგ სანგ-სუ, "The novelist's film";

ვერცხლის დათვი, ჟიურის ჯილდო - ნატალია ლოპეზ გალარდო, "Robe of Gems".


ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის - კლერ დენი, "Avec Amour et Acharnement".

ვერცხლის დათვი მთავარი როლის შესრულებისთვის - მელტემ კაპტანი, "Rabiye Kurnaz vs. George W. Bush".

ვერცხლის დათვი მეორეხარისხოვანი როლისთვის - ლორა ბასუკი, "Nana";

ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის - ლეილა შტილერი,

"Rabiye Kurnaz vs. George W. Bush".

ვერცხლის დათვი არტისტული კონტრიბუციისთვის - რითი პანი და სარიტ მანგი, "Everything Will be Ok".

სპეციალური აღნიშვნა - მაიკლ კოხი, "Drii Winter".


მთავარი ჯილდოს, ოქროს დათვის ლაურეატი ფილმი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო.  საინტერესოა, რომ კარლა სიმონს 2017 წელს ბერლინალეზე საუკეთესო დებიუტის ჯილდო აქვს მიღებული, გუშინდელი გამარჯვებით კი ფესტივალის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი რეჟისორი, ვის ფილმშიც დიალოგი მხოლოდ კატალანზე მიმდინარეობს.

ჟიურის გრანპრის ლაურეატი ჰონგ სანგ-სუსთვისაც არ იყო წლევანდელი გამარჯვება პირველი, 2020 წელს მას ვერცხლის დათვი აქვს მიღებული საუკეთესო რეჟისურისთვის, 2021 წელს კი - სცენარისთვის.


გარდა ძირითადი კონკურსისა, წლევანდელ ბერლინალეზე სხვა ნომინაციებიც იყო, რომელთა შორისაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  ორი ნამუშევარი: კურდვინ აიუბის "Sonne", რომელმაც საუკეთესო დებიუტისთვის დაიმსახურა ჯილდო და დოკუმენტური კინოს კონკურსის გამარჯვებული "Myanmar Diaries", რომელიც 10 ინკოგნიტო რეჟისორის გადაღებულია, რომლებიც მიანმარის ოპოზიციას უჭერენ მხარს და რეჟისორების ვინაობის გამხელა მათივე სიცოცხლისთვისაა სახიფათო.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და რეგულაციებისა, 72-ე ბერლინალემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ვნახეთ ბევრი კარგი და კიდევ უფრო ბევრი ცუდი ფილმი, კონკურსი გუშინ დამთავრდა, თუმცა

ფესტივალი კიდევ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და განმეორებით მისცემს მსურველებს ფილმების ნახვის საშუალებას.

 

ავტორი : ლიზა ალფაიძე