ვენეციის 59-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალემ მონაწილე 58 ქვეყნის 213 წარმომადგენელს შორის ქართველი ხელოვანი ანდრო ერაძე დაასახელა. შერჩეული ხელოვანები ბიენალეს მთავარ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის კურატორი წელს სესილია ალემანი იქნება. შოუს სახელწოდებაა “The Milk of Dreams”, რომელიც სამ მიმართულებაზე ფოკუსირდება. ესენია - “სხეულებისა და მათი მეტამორფოზების რეპრეზენტაცია”, “ინდივიდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობა” და “კავშირი სხეულებსა და დედამიწას შორის”. ქართველი ხელოვანი ანდრო ერაძე გამოფენაზე ახალი ფილმით წარდგება. 

 

გამოფენა 23 აპრილიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და 1000-ზე მეტ ნამუშევარს გააერთიანებს, რომელთა ავტორებს შორის შეხვდებით ამერიკელ კონცეპტუალისტ ხელოვანს,  ბარბარა კრუგერს, ჩილელ პოეტსა და ხელოვანს,  სესილია ვიქუნიასა და პორტუგალიელ-ბრიტანელ მხატვარს, პაულა რეგოს. Artnews-ის მიხედვით, გამოფენა უმთავრესად ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილ ხელოვანებზე ორიენტირდება. შერჩეული 213 ხელოვანიდან 180-ს ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიუღია.

 

ანდრო ერაძის შემოქმედებითი პრაქტიკა ფოტო/ვიდეოინსტალაციებს, ობიექტებსა და ქუჩის ხელოვნებას მოიცავს. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა კუნსტჰალე თბილისის მხარდაჭერით ექმნილი ვიდეო - All Hands Bury the Dead, ასევე ვიდეონამუშევარი - Stick to Your Guns და მისი პირველი პერსონალური გამოფენის ფარგლებში ნაჩვენები კონცეპტუალური სერია - Fireworks, სადაც ფეიერვერკებით განათებული ღამის ცის ქუხილი ჩამსხვრეული მინების სახით დამთვალიერებლის თვალწინ ყოველი შეხედვისას ცოცხლდება.

 

 

ავტორი: ანა გაბისიანი