შვეიცარიელი კოლექციონერის - სიმონ დე პიურის კურატორობით შავ-თეთრი პორტრეტების ფოტოგრაფის, ანტონ კორბიინის ნამუშევრების ონლაინგამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია ჰოლანდიელი ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის ხანგრძლივ ფოტო-მოგზაურობას აჩვენებს და Kraftwerk-ისა და The Rolling Stone-ის წევრების, კაილი მინოუგის, დემიენ ჰირსტის, დონატელა ვერსაჩეს, ნაომი კემპბელის, რიკ ოუენსისა და ვირჯილ აბლოს აქამდე უცნობ პორტრეტებს აერთიანებს.

 

80-იან წლებში, მაშინ როცა ფოტოგრაფები ცნობილი ადამიანების მდიდრულ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდნენ, ანტონ კორბიინი მათი ცხოვრების მელანქოლიური მხარით ინტერესდებოდა. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში კორბიინის პორტრეტებმა ცნობილი პიროვნებების საჯარო იმიჯი და ვიზუალური იდენტობა განსაზღვრა, მათ შორის იყვნენ: მაილზ დევისი, დევიდ ბოუი, ნიკ ქეივი…

 

ჰოლანდიელი ფოტოგრაფის კარიერა ლონდონის პოსტ-პანკ სცენის გადაღებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰერმან ბროდის კონცერტზე, 16 წლის ასაკში, მამის კამერით აღმოჩნდა, ხოლო ფოტოები ადგილობრივ გამოცემებში დაიბეჭდა. კორბიინი მალევე მიხვდა, რომ მისი ყველაზე საყვარელი მუსიკოსები ინგლისში ცხოვრობდნენ და 1979 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ორი კვირის შემდეგ კი საკულტო ჯგუფს, Joy Divisions-ს გადაღებას დაჰპირდა. 


80-იან წლებში პუბლიკის დიდი ყურადღება დევიდ ბოუის პორტრეტმა მიიპყრო, რომელსაც დამთვალიერებელი ამ გამოფენაზეც იხილავს. 

"ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა. ეს არ არის ბოუის ჩვეულებრივი პორტრეტი, ეს ქრისტეს მსგავსია. ეს არის ის, რისი იმედიც გაქვს, როცა ფოტოს იღებ: ის სცდება ყოველგვარ საზღვრებს“, - იხსენებს ფოტოგრაფი. 


გამოფენაზე 1994 წელს გადაღებული  სუპერმოდელის, ნაომი კემპბელის შიშველი პორტრეტიცაა წარმოდგენილი. დემიენ ჰირსტის პორტრეტს კი კორბიინი "კონცეპტუალურ ნამუშევარს" უწოდებს, რომლის მთავარი თემა სიკვდილია. დემიენი მკვდარი მწერებისგან შექმნილი ნამუშევრის ფონზე დგას, გულზე ამოქარგული რიცხვი - 33 კი იესოს გარდაცვალების  ასაკზე მიანიშნებს. 

ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი დე პიურის გამოფენაზე დიზაინერ ვირჯილ აბლოს პორტრეტია, რომელიც ფოტოგრაფმა 2019 წელს, ვირჯილის ჩვენებამდე, ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გადაიღო. კორბიინის თქმით, ვირჯილის სასიკვდილო დიაგნოზის გამო მისი პორტრეტი განსაკუთრებულად მელანქოლიურია.


ანტონ კორბიინი გვიჩვენებს ადამიანების ჭეშმარიტ ხასიათს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის არ ჩანს. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, მას უჭირდა გადაღების პროცესში ვინმესთვის გარკვეულ პოზაში დადგომა ეთხოვა, ალბათ სწორედ ამიტომაცაა მისი ფოტოები ასეთი ბუნებრივი და მასზე ასახული ადამიანები კი საკუთარ თავს მაქსიმალურად გამოხატავენ.

გამოფენის დათვალიერება ონლაინ, დე პიურის ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს 28 თებერვლამდე შეუძლია.

 

ფოტო: Dazeddigital

ავტორი: მარიამ ქორიძე