გუშინ ცნობილი გახდა, რომ Netflix-ის სატელევიზიო სერიალის, Stranger Things-ის მეოთხე სეზონი ორ ნაწილად გამოვა. Stranger Things 4-ის პირველი ნაწილის პრემიერა 27 მაისს გაიმართება, ხოლო მეორე ნაწილის ყურებას მაყურებლები 1-ელ ივლისს შეძლებენ. სერიალის შემქმნელების - მეთ და როს დაფერების მიერ Netflix-ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, არაერთი სცენარის, 800-ზე მეტი გვერდის, თითქმის ორწლიანი გადაღებებისა და ათასობით ვიზუალური ეფექტის გათვალისწინებით, სერიალის ახალ სეზონზე მუშაობა ყველაზე შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. მათი სიტყვებით, სერიალის გუნდი შედეგებით საოცრად ამაყობს და შოუს მაყურებლებისთვის გაზიარებას მოუთმენლად ელიან. ოფიციალური განცხადებით, უკვე დამტკიცდა სერიალის მეხუთე სეზონიც, რომელიც Stranger Things-ის დასკვნითი სეზონი იქნება.
სერიალის მესამე სეზონი 2019 წლის 4 ივლისს გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონს მაყურებლები დაახლოებით სამწლიანი მოლოდინის შემდეგ ნახავენ. თუ ძმებ დაფერების სიტყვებს ვენდობით, მეოთხე სეზონი ახალ საიდუმლოებებს, თავგადასავლებსა და მოულოდნელ გმირებს გააერთიანებს.
Strangers Things-ის პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2016 წელს შედგა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალად ითვლება. Stranger Things არაერთი დაჯილდოების ნომინანტი და გამარჯვებულია, მათ შორისაა Emmys, Golden Globes, Grammys, BAFTA და სხვ.
დაწერე კომენტარი