ბოლო პერიოდში ციფრული ხელოვნების კოლექციების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ყველა დიალოგი, სიახლე თუ თუნდაც "მიმები" ხელოვნებაზე საბოლოოდ NFT-ს განხილვამდე მიდის. რა არის NFT და რა დგას მის უკან? 2009 წელს ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოჩნდა, რომელიც იქცა ტრადიციული ფინანსური გარემოს ალტერნატივად და ერთგვარ პასუხად ფინანსური ინსტიტუტების უნდობლობაზე. ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც კრიპტოვალუტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ის აწყობს მონაცემთა ბაზას, რომელიც შედგება ბლოკების ჯაჭვისაგან, რომელთაგან თითოეული წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას ინახავს. ეს მონაცემთა ბაზა დეცენტრალიზებულია, სისტემის გატეხა კი პრაქტიკულად შეუძლებელი.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია თავისთავად ახალი არ არის, მაგრამ ხელოვნების სამყაროსთან ცოტა ხანია ინტეგრირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბლოკჩეინის ინსტრუმენტების გამოყენებით ციფრული ხელოვნების უნიკალურობასა და ნამდვილობას ადასტურებს. 2015 წელს ხელოვნების სერტიფიცირების პირველი პლატფორმა - Verisart ბრიტანელმა მეწარმემ და ხელოვნების კოლექციონერმა რობერტ ნორტონმა აამოქმედა. Verisart ეხმარება ხელოვანებს მათი ნამუშევრების სერტიფიცირებასა და გაცოცხლებაში კოლექციონერების, გალერეებისა და ხელოვნების მოყვარულების ონლაინ საზოგადოებაში.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი დემიენ ჰირსტი ბლოკჩეინით ერთი წლის წინ დაინტერესდა და Heni Leviathan-ის ონლაინპლატფორმაზე რვა პრინტი - The Virtues გამოაქვეყნა. თითოეული ნამუშევარი 3000 აშშ დოლარად შეფასდა, მყიდველებს მათი შეძენა ბიტკოინის ან ეთერიუმის კრიპტოვალუტით შეეძლოთ.
ხელოვნების ნიმუშების ბლოკჩეინზე გადასატანად საჭიროა მისი „ტოკენიზაცია“. NFT (non-fungible token) არის არაჩანაცვლებადი ტოკენი, რომელიც ციფრული ხელოვნების ნიმუშის უნიკალურობას ადასტურებს. თავად ტოკენი ვირტუალური ერთეულია ციფრულ სამყაროში, რომლის ღირებულებასაც მისი შემქმნელი განსაზღვრავს.მაგალითისთვის, თუ თქვენ ხართ მხატვარი, აქვეყნებთ თქვენს ნამუშევრებს სოციალურ ქსელებში და მიმდევრები თქვენი ხელოვნების მიმართ ინტერესს იჩენენ, შეგიძლიათ ნამუშევრები რომელიმე კრიპტომარკეტზე განათავსოთ, განსაზღვროთ ფასი და დაელოდოთ მყიდველს. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი დიდი ძალისხმევის შემდეგ შექმნის NFT-ს, მიუხედავად პროცესის სირთულისა.
NFT-ს მყიდველი ციფრული ნამუშევრის ყიდვისას ბლოკჩეინის სერტიფიკატს იღებს, რაც ციფრულ საფულეში ინახება და ობიექტის მფლობელობას ადასტურებს. თავად ხელოვნების ნიმუში - სურათი, ანიმაცია, ვიდეო თუ მუსიკა კი ვირტუალურ სამყაროში არსებობას განაგრძობს.ციფრულმა მხატვარმა მაიკ ვინკელმანმა, ცნობილი როგორც Beeple, Christie's აუქციონზე NFT-ად გაიტანა ნამუშევარი - Everydays: the first 5000 days. იგი 5000 უნიკალური სურათის კოლაჟს წარმოადგენს, რომელსაც ავტორი საკუთარ Instagram-ზე 2007 წლიდან 2021 წლამდე ყოველდღიურად აქვეყნებდა. მანამდე, 2020 წლის ოქტომბერში, კოლექციონერმა პაბლო როდრიგეს-ფრაილმა 67000 დოლარად შეიძინა Beeple-ს 10-წამიანი ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპის მოხატულ სხეულს ბალახზე მწოლიარეს ვხედავთ, ცოტა ხანში კი ნამუშევარი Nifty Gateway-ს აუქციონზე 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობილი კანადელი NFT არტისტი მიკა დოვბაკი, იგივე - Mad Dog Jones რამდენიმე დიდი NFT პროექტის ავტორია. ერთ-ერთ მათგანზე არტისტი Phillips-სთან ერთად მუშაობდა. პროექტის ფარგლებში მიკა 28 დღეში ერთხელ ერთ NFT-ს ქმნიდა. მიკა დოვბაკმა პროექტიდან 4.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რამაც იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ციფრულ არტისტად აქცია.
ხელოვნების გაციფრულების იდეით ქართველი არტისტებიც დაინტერესდნენ. ხელოვანი უტა ბექაია დენის დავიდოვთან ერთად გალერეა Window Project-ისა და Instigator-თან თანამშრომლობის ფარგლებში NFT პროექტზე მუშაობს. აკვარელის საღებავებით შესრულებული “წმინდა არსებები: ბაჯბაჯები” ციფრულ განზომილებაშია გადაყვანილი. ქართველმა არტისტმა გიორგი ჩხაიძემ, იგივე Familybusyness-მა Opensea-ზე ხუთი უნიკალური NFT ნამუშევარი განათავსა. კოლექცია, სახელწოდებით - Angels Of Meta განწყობის ცვალებადობის ილუსტრაციაა. ფერადი ციფრული ნამუშევრები იმედის, ოცნების, რისხვის, ტკივილისა და უძილობის სიმბოლოა. 20 წლის თეონა ფორჩხიძემ - Teodora Techie-მ კოლექციაში - Programmer Loves პროგრამირების სფეროს ტერმინების სახელწოდების მქონე უნიკალური პერსონაჟები გააერთიანა.
ფაქტია, რომ ბევრი ყველაზე წარმატებული NFT ბაზარზე არსებობს როგორც უნიკალური აქტივი, თუმცა მატერიალური ხელოვნებისგან განსხვავებით, ისინი არ არის შექმნილი დასაკვირვებლად. ბლოკჩეინში საინტერესო ხელოვნების ნიმუშები NFT გაყიდვების დიდ უმრავლესობას არ შეადგენს და NFT ძირითადად ანიმაციური პერსონაჟებისა და მარტივი გამოსახულებების ფიქსირებული შაბლონის გამოყენების ირგვლივ ტრიალებს. ეს საშუალებას აძლევს შემქმნელებს შექმნან ათასობით პერსონაჟი განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლებით ერთდროულად: კრიპტოპანკები, მოწყენილი მაიმუნები, კოსმოსში მფრინავი კატები და ა.შ.
მთელ ამ პროცესში ჩნდება კითხვა - შეცვლის თუ არა NFT ხელოვნების აღქმას და რა ელის მატერიალურ ხელოვნებას? ბევრი ტრადიციული კოლექციონერი NFT ხელოვნების პრინციპს სკეპტიკურად აღიქვამს. ჯერჯერობით არც ყველა ხელოვანია მზად ციფრულ ეტაპზე გადასვლისთვის, ბევრი მათგანისთვის ნამუშევრების ფიზიკურ განთავსებას საგამოფენო სივრცეში, სადაც ცოცხალი აუდიტორია მათთან ურთიერთობს, ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ერთი რამ ნათელია, NFT ციფრულ შემქმნელებს დიდ შესაძლებლობებს უხსნის, რათა გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები და დააინტერესონ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია. ბუნდოვანია ექსპერტიზის კონცეფცია ხელოვანთან მიმართებაში. კრიპტოხელოვნებაზე დაკვირვებისას იკვეთება ტენდენცია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხსენიებს საკუთარ თავს არტისტად, მათი ნამუშევარი კი გარკვეული ღირებულების მქონე ხელოვნების ნიმუშად იწოდება. ციფრულ გარემოს უკვე ჰყავს საკუთარი მხატვრები და კოლექციონერები. ანალიტიკოსები მომავალში არ გამორიცხავენ კურატორების არსებობასაც, რომლებიც ნამუშევრების ღირებულებას განსაზღვრავენ. რთულია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ ხელოვნების მომავალი. ჯერჯერობით მხოლოდ მატერიალურისა და ციფრული ხელოვნების სინთეზზე შეგვიძლია ვისაუბროთ.
ფოტო: Heni Leviathan, Dezeen, Nifty Gateway, Phillips, Sotheby’s, New Yorker, Chris Torres
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი