დაახლოებით ორი საუკუნის წინ, როცა მუდმივი ფოტოგამოსახულების მიღების შესაძლებლობა ეჭვებს აღარ ბადებდა, ფოტოგრაფია მეცნიერულ წინსვლასთან ერთად, მეხსიერების შემონახვის აქამდე უცნობ გზასაც წარმოადგენდა. თანამედროვე სამყარო უფრო და უფრო ხშირად სხვამს კითხვას - რა განაპირობებს სურათის კავშირს ხელოვანის შემოქმედებასთან და როდისაა ჩვენ წინაშე არსებული გამოსახულება ტექნოლოგიური პროგრესის მორიგი დამადასტურებული დოკუმენტი. 


ინგლისელი ფოტოგრაფის, დევიდ ბეილის მხატვრული მეთოდის მიხედვით, წარმატებული კადრის მისაღებად მხოლოდ ტექნიკის სწორად გამართვა საკმარისი არასდროსაა. ბეილი, რომლის ფოტოარქივი ცნობილი ადამიანების არაერთ საინტერესო პორტრეტს ინახავს, Google Arts&culture-ის მიხედვით, გადაღებამდე ადამიანის სხეულის ენას დელიკატურად აკვირდება და შესაძლოა, პროცესში ისეთი დეტალიც კი აღმოაჩინოს, რომლის შესახებ მოდელს წარმოდგენაც კი არ ექნება. ცნობილია, რომ სანამ ფოტოგრაფი ვინმეს გადაიღებდეს, მასთან ერთსაათიან დიალოგს მაინც მართავს და აქედან გამომდინარე, ბეილის ფორმულა შეგვიძლია ასეც ჩამოვაყალიბოთ: რაც უფრო მეტია დრო დასაკვირებლად, სასურველი კადრის მიღების ალბათობაც მით მეტად იზრდება. “წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება გადაიღო მაშინ, როცა ვერც კი ხვდები, ვინ იმყოფება შენ წინ”, - ბეილის ეს სიტყვები მის შემოქმედებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და მნახველს ძალაუნებურად აფიქრებინებს: როდის დგება ის გადამწყვეტი მომენტი, როცა კამერის წინაშე მდგომი ადამიანი სხეულით მეტყველი ხდება. 


ინგლისელი ფოტოგრაფის კადრებიდან გამორჩეულია ელიზაბედ დედოფლის პორტრეტი, სადაც მონარქი კამერის ობიექტივს არც ბრუტალურ მზერას ესვრის და არც ძალდატანებული ღიმილით პასუხობს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ბეილი პოულობს იმ გადამწყვეტ მომენტს, როცა დედოფალი საკუთარ თავს შეუნიღბავად წარმოაჩენს, დამთვალიერებელთან უშუალო კონტაქტს ამყარებს და უფრო ხელშესახები ხდება.  


“ამბების მოყოლა არ მეხერხება. ამას ნამუშევრებით ვახერხებ”, - განმარტავს ბეილი, რომლის 60-ზე მეტი წლის სახელოვნებო პრაქტიკა პორტრეტების უთვალავ სერიასთან ერთად რეჟისურას, მხატვრობასა და სკულპტურებზე მუშაობასაც მოიცავს; თუმცა რეალურად, ბეილის ცნობილ ხელოვანად ჩამოყალიბება იმ შავ-თეთრ კადრებს უკავშირდება, რომლებიც ბრიტანული საზოგადოების 1960-იანი წლების აქტიურ ფიგურებს ასახავს. სულ რაღაც 22 წლის ასაკში დევიდ ბეილი ბრიტანული Vogue-ის ფოტოგრაფი გახდა, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მან კარიერის განმავლობაში მრავალი ცნობილი ხელოვანის, მოდელისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაღება მოასწრო, რომელთა შორის ჯინ შრიმპტონის, სერენა უილიამსის, დედოფალი ელიზაბედის, ენდი უორჰოლის, ქეით მოსის, მიკ ჯაგერისა და დემიენ ჰირსტის დასამახსოვრებელ პორტრეტებს შეხვდებით.


ინგლისელი ფოტოგრაფის შემოქმედება კომპრომისებით არ ხასიათდება. როგორც თავად აცხადებს, არასოდეს აძლევს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს იმის უფლებას, რომ მის შემოქმედებით პროცესში ზედმეტად ჩაერთონ. “ჩემი სურვილის მიხედვით ვმოქმედებ, - ამბობს ბეილი, - თუ მათ ეს არ მოსწონთ, ე.ი. სასურველ ფოტოგრაფს არ მიაკითხეს.”

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბეილის შემოქმედება შთაგონება გახდა მიქელანჯელო ანტონიონისათვის, რათა ფილმში Blow Up მოდის ფოტოგრაფის - დევიდ ჰემინგსის პერსონაჟის სახე შეექმნა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ბეილისთვის დამახასიათებელი ვნებითა და გადაღების უპირობო მოთხოვნილებით ჰემინგსის პერსონაჟიც საკუთარ პროფესიაში მთელი არსებით ეფლობა. 


დევიდ ბეილის თქმით, მისი პირველი მუზა Swingin London-ის იკონური ფიგურა - მოდელი ჯინ შრიმპტონი იყო. მისთვის გადაღებულ პორტრეტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია შრიმპტონის პროფილის ამსახველი კადრი, სადაც მოდელის დახვეწილ ნაკვთებსა და სხეულის მკვეთრ კონტურებს ჰაერის ხელოვნური ნაკადით აფრიალებული თმის ბუნდოვანი გამოსახულება ერწყმის. შრიმპტონის პროფილის სხვა ვერსია ბეილიმ ფერად ფოტოდაც წარმოადგინა, სადაც მოდელის სახის ნახევარი დევიდ ჰოკნის ნახატითაა “დასრულებული”.



მოდის ფოტოგრაფიის მხრივ ასევე გამორჩეულია ბეილის 1967 წლით დათარიღებული ფოტოები, სადაც იგი Balenciaga-ს ქალის ხაზის კოლექციას აღბეჭდავს. ამ შავ-თეთრ ნამუშევარში მოდელის სახე საგულდაგულოდ დამალულია, აქცენტები დასმულია მხოლოდ ესპანური მოდის სახლის სამოსზე, სადაც ქალის სხეულზე მორგებული ტალღოვანი ტექსტილის სტატიკურობა მონუმენტურ სკულპტურასთანაც ამჟღავნებს კავშირს.


ბეილის არქივში ვხვდებით ახალგაზრდა ივ-სენ ლორენის ფოტოსაც, რომლის შემოქმედებითი ნიჭით ფოტოგრაფი ყოველთვის იხიბლებოდა და ამბობდა - “არასოდეს მომწონდა 60-იანი წლების სამოსი. ის მომწონდა, რასაც ივ სენ ლორენი პარიზში აკეთებდა”.

2019 წელს Gagosian-ის გალერეაში დევიდ ბეილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “სამოციანები” გაიმართა, რომელმაც ამავე წლებში გადაღებული პორტრეტების სერია გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრები თეთრი ფონის თვალსაზრისით ერთ საერთო ელემენტს იზიარებდა, თითოეული მათგანი გამოსახულ პირებს მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალურობით წარმოადგენდა. როგორც ფოტოგრაფი გამოფენისას ჩაწერილ ინტერვიუში ახსენებს, ადამიანების თეთრ ფონზე ჩვენება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა - “მაშინ, როცა ჯინ შრიმპტონი ან ქეით მოსი უნდა გადამეღო, რატომ უნდა გამომეყენებინა ფონად პალმის ხე? კადრებში ყველაფერს ვამცირებ და მინიმუმამდე დამყავს, რათა საბოლოოდ ადამიანის პიროვნული მახასიათებლები ვაჩვენო”. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მიკ ჯაგერის 1964 წლის პორტრეტი, სადაც ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი მომღერალი ბეილის კამერას პირდაპირ უმზერს, ამასთან ჯეინ ბირკინის, მან რეის, დევიდ ჰოკნის, The Beatles-ის წევრებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოსურათები. 2020 დაიბეჭდა წიგნი, სახელწოდებით Look Again, რომელიც დევიდ ბეილის პირველი ავტობიოგრაფიული პუბლიკაციაა.

 

ფოტო: AnOther Magazine, Vanityfair

 

ავტორი: ანა გაბისიანი