ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე 28 წლის სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა. ის პირველი ქართველი მოფარიკავეა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო თასი მოიპოვა. უკვე 15 წელია სანდრო ფარიკაობას მისდევს, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს და კვლავ აგრძელებს ბრძოლას ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისა და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოსაპოვებლად.
სანდრო, მოგვიყევით, პირველად როგორ გაგიჩნდათ ინტერესი ფარიკაობისადმი?
ყველაზე დიდი გავლენა ალბათ მაინც ოჯახმა იქონია: მამაჩემი და ჩემი ძმა დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ ფარიკაობას, მე თავიდან განსაკუთრებული ინტერესი არ მქონდა ამ სპორტისადმი, მაგრამ ხშირად დავყვებოდი ჩემს ძმას ვარჯიშებზე ან შეჯიბრებებზე და მივხვდი, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი და ამასთანავე საინტერესო სპორტია, თოთხმეტი წლის ასაკში ზუსტად ამის გამო ვცადე ბედი - მინდოდა, რომ ოჯახურ სპორტს გავყოლოდი.
დღეს რა არის ის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რაც კვლავ ამ სპორტში გტოვებთ?
პირველ რიგში ის მახარებს, რომ ჩემმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ამ სპორტში უკვე დავიმკვიდრე ადგილი, რომლის მისაღწევადაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. მიხარია, რომ მიფასდება ეს შრომა და ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვლავ ამ სპორტში ვრჩები.
პირველი წარმატება...
პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი წარმატება ევროპის ჩემპიონატი იყო 20 წლამდე ასაკში. მაშინ დაახლოებით სამი წლის დაწყებული მქონდა ვარჯიში და პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩემთვის, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი ემოცია იყო, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის სურვილი გამიჩნდა.
და პირველი იმედგაცრუება...
ცოტა ხნის წინ გამართული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები... ვთვლი, რომ ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა კიდეც მედლის მოპოვება, ამის ძალებიც შემწევდა, თუმცა მსაჯის არასწორი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილების გამო, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დავრჩი.
ცხოვრებაში ოდესმე ფარიკაობის გარდა ალტერნატივად სხვა საქმიანობა განგიხილავთ?
როცა ევროპის ჩემპიონი გავხდი, რამდენიმე პრესტიჟულმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა მათთან სწავლა და მათ გუნდებში ვარჯიში შემომთავაზა. ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ წავსულიყავი, მეც დავფიქრდი ამაზე, თუმცა საბოლოოდ დარჩენა გადავწყვიტე, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ, რადგან ამ სპორტში თავის დამკვიდრება მაინც მოვახერხე.
ფარიკაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, საუნივერსიტეტო სპორტია, თუმცა ვიცოდი, რომ სწავლასთან ერთად მისთვის ბევრი დროის დათმობას ვერ მოვახერხებდი, განათლების მიღების მხრივ ალბათ ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა, თუმცა როგორც მოფარიკავე, ამ დონეზე ალბათ ვერ განვვითარდებოდი.
ზოგადად, როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მთავარი ამ სპორტში, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო?
უპირველეს ყოვლისა მიზანი - რისთვისაც იბრძვი. ბუნებრივია შრომის გარეშე არსად არაფერი არ გამოდის, მაგრამ სპორტში ძალიან დიდი სურვილის და მონდომების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია წარმატებული კარიერის შექმნა. ძალიან რთულია ყოველდღიურად 5-საათის განმავლობაში ივარჯიშო, ხანდახან გამოგდის, ხანდახან არა, თუმცა, მთავარი მოთმინება და ბევრი ვარჯიშია, ჩემი აზრით, მხოლოდ ამ ყველაფრის კომბინაციას მოაქვს შედეგი.
ახლახან გახდით პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიპოვა, მოგვიყევით ამ გამარჯვებასთან დაკავშირებული ემოციების შესახებ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ემოციურად, გარდა ამისა - საპასუხისმგებლოც, რადგან შეჯიბრი საქართველოში ჩატარდა. როცა მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები გიყურებენ, ყოველთვის გინდა დაამტკიცო, რომ შენს საქმეში ნამდვილად ძლიერი ხარ. ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი შეჯიბრი იყო - მინდოდა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მართლა მეკუთვნოდა ოლიმპიადაზე მედალი, ასევე თითოეული იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ შედეგის მიღწევაში ხელი შემიშალა. მიხარია, რომ მოვახერხე ამის დამტკიცება, რაც საერთო რეიტინგშიც ძალიან დამეხმარა, დღეს უკვე მსოფლიოში მესამე ნომრად ვარ განთესილი და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი სეზონის ბოლომდე ლიდერობის მოპოვებაა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
როგორც ჩანს, ძალიან მიზანდასახული ხართ, აქვს რაიმე საერთო თქვენს პიროვნებას ამ სპორტის ხასიათთან?
აზარტი და ემოციურობა - ერთდროულად ძალიან აზარტული და ემოციური სპორტია, მეც ზუსტად ასეთი ვარ და ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც ვგრძნობ ამ სპორტში თავს კომფორტულად უკვე 15 წელია.
როგორია თქვენი თამაშის სტილი?
ჩემი სტილი უფრო მეტად სისწრაფესთან არის დაკავშირებული, როგორც წესი, სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას, რაც თითოეული ქულის მოპოვებაში ძალიან მეხმარება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?
მოტივაციას პირველ რიგში ოჯახი და სამშობლოს სიყვარული მაძლევს. როცა სპორტსმენს ზურგზე შენი ქვეყნის სახელი გაწერია, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და სპორტულ კარიერაშიც.
ფარიკაობის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
ყოველდღიურად იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ბევრი თავისუფალი დრო არ მრჩება. საქართველოში როცა ვარ, დროს ძირითადად ოჯახთან, მეგობრებთან და ჩემს შვილთან ვატარებ.
როგორ ფიქრობთ, დღეს რა ეტაპზეა და რა მომავალი აქვს ფარიკაობას ჩვენს ქვეყანაში?
როცა ფარიკაობა დავიწყე, ეს სპორტი ფაქტობრივად დაკარგული იყო, არც რესურსი არსებობდა და არც ინფრასტრუქტურა. ძალისხმევამ და შრომამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ახალ თაობაში უკვე ძალიან პოპულარული სპორტია, რომელსაც მომავალი ნამდვილად აქვს.
თქვენ თვითონ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარების გზები?
აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი იქნება ისიც, თუ უცხოურ გამოცდილებასაც დავიხმართ და ქართველ მწვრთნელებს საშუალება მიეცემათ გადამზადნენ და კვალიფიკაცია უცხოეთში აიმაღლონ, ამისთვის ფარიკაობის ფედერაციის მხრიდან დღეს ბევრი რამ კეთდება, ზოგადად, ჩვენს სპორტში მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს უკვე დიდია მათი რიცხვი და მომავალში რაც უფრო მეტნი იქნებიან, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ბავშვის აღზრდას შეძლებენ.
სამომავლო გეგმები...
ჯერჯერობით საქართველოში ვიმყოფები, ხშირად მიწევს საფრანგეთში სავარჯიშოდ წასვლა. სამწუხაროდ, აქ იმდენი სპორტსმენი არ არის, რომ სხვადასხვა სპარინგპარტნიორი მყავდეს, ამის გამო ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთში წავალ სავარჯიშოდ. ზოგადად, მიჭირს ხოლმე იქ ყოფნა, ოჯახისა და ქვეყნის დატოვება რთულია ჩემთვის, თუმცა საქმეს ასე სჭირდება, საფრანგეთში ბევრი სპარინგპარტნიორი მყავს, დღეში დაახლოებით 20-25 სპორტსმენთან ერთად მიწევს ვარჯიში, რაც განვითარებაში ძალიან მეხმარება.
გვითხარით რაიმე - რაც გინდათ, რომ მკითხველმა თქვენზე იცოდეს და ჩემს შეკითხვებში ვერ მოხვდა
ძალიან რთული შეკითხვაა, არასდროს არ მიფიქრია ამაზე. მინდა, უბრალოდ გჯეროდეთ ჩემი.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტოსესიის იდეის ავტორი: მარიამ ქორიძე, ლეკო ჭყონია
ფოტოგრაფი: ლეკო ჭყონია
MUA: Make Up Institute
დაწერე კომენტარი