თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMA) კიევში მცხოვრებ ილუსტრატორსა და კურატორ ანა სარვირას შესთავაზა, რომ უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება საკუთარ ნამუშევრებში აესახა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორი ომი გამოიარა, სარვირას ილუსტრაციებში შიშის, გაურკვევლობისა და უკრაინელი ხალხის ყოფითი ცხოვრების სურათებში ერთიანდება.

 

“ქალაქში დაძაბულობა და შფოთვაა”, - ამბობს ანა სარვირა, რომელსაც ყოველდღე უწევს მოისმინოს საუბრები ბომბებისა და რუსული ჯარების შემოსვლის შესახებ. იგი საკუთარი თვალით ხედავს იმ ადამიანების შეშინებულ სახეებს, რომელთა თვალებში მხოლოდ შფოთვა თუ ამოიკითხება, უყურებს დღითი დღე დაცარიელებულ ქუჩებს, რომლებსაც უწინ ადამიანებისა და მანქანების გაუჩერებელი ხმაური ავსებდა. სარვირა ახალ ნამუშევრებში უკრაინელი ხალხის მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს - ისინი ბურუსში გახვეული მომავლის შიშით ყოველდღე ახალ დაძაბულობას ელოდებიან.

 

“ერთი თვის წინ ჩემმა კოლეგამ უხერხული კითხვა დამისვა, რომელსაც ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო”.
“რა იქნება ჩემი გეგმა ომის დაწყების შემთხვევაში?”

 

 

“ვცდილობ მოვისმინო, რას ამბობს ხალხი ჩემ გარშემო - შეიძლება მათ რაიმე გეგმა ჰქონდეთ? რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება”.

 

 

“გაქცევა მომიწევს?”

 

 

“ბრძოლა მომიწევს?”

 

 

“ვიქნები იმდენად სწრაფი, რომ ბომბსაფარს მივაღწიო?”

“პასუხები ისევ არ არის. პანიკაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, ცოტაოდენი თევზის კონსერვი და ნაჯახი ვიყიდე”.

“მგონია, რომ გეგმას ვერ ვახორციელებ. ყველა იმ ომზე დაწერილ წიგნში, რომლებიც მე წამიკითხავს, ხალხი იმიტომ გადარჩა, რომ ისინი იღბლიანები იყვნენ.

 

ვიმედოვნებ, იღბლიანი ვარ. 

ვიმედოვნებ, ჩვენ ყველანი იღბლიანები ვართ.”

 

 

ავტორი: ანა გაბისიანი

ფოტო: moma.org