ქართველები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ - მათი მხარდაჭერის მიზნით ქმნიან სხვადასხვა პლატფორმას, შემოსული თანხით კი დაზარალებულ უკრაინელებს უანგაროდ ეხმარებიან. ამ კუთხით გამონაკლისი არც ქართული სახელოვნებო სცენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შემოქმედებითი გზებით ცდილობენ, რომ ომისაგან გამოწვეული კრიზისის ფონზე უკრაინის მოსახლეობას დახმარების ხელი გაუწოდონ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი არტისტების ნამუშევრებისაგან NFT კოლექციები შეიქმნება, ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. ამ მიმართულებით დღეს განსაკუთრებით ორი პლატფორმა აქტიურობს - Artists for Ukraine და ART UP - NFT GEORGIA.

 

თეკლა კიღურაძე & ნოდო უგულავა

 

“თაობებია, რაც საქართველო და უკრაინა ერთსა და იმავე ომში იბრძვიან. ჩვენ არ გვინდა, რომ საბჭოთა კავშირი უკან დაბრუნდეს. ომი უკრაინაში არც ადგილობრივი კონფლიქტია და არც ერთი ქვეყნის ბრძოლა. ეს ჩვენი ბრძოლაცაა. ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა, რომ პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო მხარდაჭერა ვაჩვენოთ არა მხოლოდ დემონსტრაციის გზით, არამედ კულტურითა და ხელოვნებით და ამავდროულად, შევქმნათ ფონდი დაზარალებული მოსახლეობისათვის”, - ვკითხულობთ ქართველი აქტივისტების მიერ შექმნილი პლატფორმის - Artists for Ukraine-ის ვებგვერდზე. 

 

ლუიზა ჩალათაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, NFT კოლექციის შექმნაში მონაწილეობით უკვე არაერთი ხელოვანი დაინტერესდა. მათ შორისაა ლუიზა ჩალათაშვილი, მარიამ ქობულაძე, ნათია ბუნტური, ვარლამ ჯმუხაძე, გიორგი ღლონტი, ნიკოლოზ ყუფარაძე და სხვ. პლატფორმის პარტნიორები არიან The Why Not გალერეა, შემოქმედებითი განათლების სტუდია - CES, IMPACT HUB Tbilisi, echolize და ARTU.

 

 

 იმისათვის, რომ Artists for Ukraine-ის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ მოძრაობაში ჩაერთოთ, უნდა წარმოადგინოთ ნამუშევარი, რომელიც უკრაინას თემატურად დაუკავშირდება. ნამუშევრის გასაგზავნად შეავსეთ ფორმა ამ მისამართზე

 

ბოლო ვადა: 2 მარტი, 15:00 საათი. 

 

 

ART UP - NFT GEORGIA  NFT ხელოვანებისა და კოლექციონერების კომუნაა, რომელიც ნამუშევრებს მიიღებს თემაზე - ომი და უკრაინა. ნამუშევრების გასაგზავნად ელექტრონული ფორმა ამ მისამართზე უნდა შეავსოთ. შესაძლებელია გაგზავნოთ ნებისმიერი ციფრული მასალა, რომელიც შეიძლება NFT გახდეს.

 

ავტორი: ანა გაბისიანი