რუსი ხელოვანების - ალექსანდრა სუხარევასა და კირილ სავჩენკოვის, ასევე კურატორ რაიმუნდას მალაშაუსკასის განცხადებით, ისინი ვენეციის 59-ე ბიენალეზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული პავილიონი ვენეციაში არც სხვა ხელოვანებსა და კურატორს უმასპინძლებს და 2022 წელს ვიზიტორებისათვის დაიკეტება.

 

“ხელოვნებისათვის დრო არ არის მაშინ, როცა მოქალაქეები რაკეტების ცეცხლქვეშ იხოცებიან, როცა უკრაინის მოქალაქეები თავშესაფრებში იმალებიან,

როცა რუსი მომიტინგეები დუმან. მე, როგორც რუსეთში დაბადებული, უარს ვაცხადებ წარვადგინო ჩემი ნამუშევარი ვენეციის ბიენალეს რუსულ პავილიონში”, - წერს რუსი ხელოვანი ალექსანდრა სუხარევა კვირას გამოქვეყნებულ პოსტში. ამავდროულად, ლიეტუველი კურატორი რაიმუნდას მალაშაუსკასი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა ლიეტუაში ცხოვრობდა, ინსტაგრამ-ანგარიშზე გამოქვყნებულ პოსტში აცხადებს, რომ რუსების მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და დაბომბვის გათვალისწინებით, პროექტზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. მისი თქმით,  “ეს ომი პოლიტიკურად და ემოციურად აუტანელია”.

 

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უკვე არაერთმა რუსულმა სახელოვნებო ინსტიტუციამ პროტესტი გამოხატა - მიმდინარე გამოფენები შეაჩერა და სამომავლო შოუებზე მუშაობის დაწყება გადაავადა. მაგალითად, გარაჟის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოსკოვში, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ძლიერი სახელოვნებო ინსტიტუციაა, ანე იმჰოფის, ჰელენ მარტინისა და სხვა საერთაშორისო ხელოვანებისადმი მიძღვნილ გამოფენას დროებით აუქმებს

 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო  განცხადებებს ავრცელებენ ვენეციის ბიენალეს უკრაინელი პავილიონის წარმომადგენლებიც - “თუ ვითარება შეიცვლება და მუშაობის გაგრძელება და მგზავრობა უსაფრთხო გახდება, ჩვენ ვენეციაში ვიქნებით. ჯერჯერობით ვერ დავადასტურებთ, დავასრულებთ თუ არა პროექტზე მუშაობას”.

 

ავტორი: ანა გაბისიანი