ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, გლობალური თუ ლოკალური რყევების მომენტებში თეატრი ყოველთვის ხელახლა იბადებოდა. ტრადიციული ჩვევებისგან განთავისუფლებული, ღარიბი და გულწრფელი, იგი ჩნდებოდა, როგორც თხრობის, აღწერისა და გაზიარების ბუნებრივი სურვილი, შიშებთან გამკლავებისა და გადარჩენის ხერხი, “ცეცხლთან თამაშის” ვნება ან როგორც მისტერია - ლოცვა, აღსარება და მიძღვნა, ან თავშესაფარი, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვისა და შემდეგ დაცინვის მარადიული თამაში. ჩნდებოდა მოულოდნელ დროსა და მოულოდნელ ადგილებში, ზუსტად იქ, სადაც ერთი შეხედვით არავინ ელოდა შემოქმედებითი იმპულსის დაბადებას (ან სულაც სიცოცხლის დაბადებას!): სამხედრო ყაზარმებში ომის დროს, დევნილთა თავშესაფრებში კოცონის გარშემო და ხანძრებს შორის ქალაქის მთავარ მოედნებზე. თეატრი ყვიროდა ბაზრებსა და ქარხნებში და ჩურჩულებდა საკნებში, საკონცენტრაციო ბანაკებსა და მომაკვდავთა პალატებში. ნამდვილი თეატრი, ნამდვილი ხელოვნება, ყოველთვის ექსტრემალური სიტუაციისთვის თვალის გასწორების შედეგად იბადებოდა და გახლეჩილ სამყაროებს აერთიანებდა, იბადებოდა ნანგრევებში და თავად იყო ნანგრევი... მაგრამ, ნამდვილი თეატრი დიდხანს ვერ ძლებდა ელიტურ სივრცეებში, “საბანკეტო დარბაზებს” რომ ემსგავსებოდნენ, ანუ დიდხანს ვერ ძლებდა იქ, სადაც რეალური პრობლემებისგან გაქცევას ცდილობდნენ...
დღეს თეატრი ისევ ახალი გამოწვევის წინაშეა, რომლის მსგავსიც შესაძლოა არც კი ჰქონია: მიუხედავად იმისა, რომ იგი “დისტანციისკენ” მოგვიწოდებს (რაც უკვე ძირეულად ეწინააღმდეგება მის ბუნებას!), იგი ფლობს უთვალავ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას, რომ ისე ახლოს მოვიდეს, როგორც არასდროს და მხოლოდ კრეატიულობა მოეთხოვება სრულიად ახალ საფეხურზე გადასასვლელად. შეუძლია კი თეატრს აღიაროს ეს “იძულებითი გარემოება” და ახალ ეტაპზე გადავიდეს? შეუძლია, იარსებოს რეალური სივრცის მიღმა? / სად არის დღეს ეს “რეალური სივრცე”? იქნებ თეატრი ისედაც ყოველთვის იმ პირობით (თუ გნებავთ, ვირტუალურ) სივრცეებში არსებობდა, რომელსაც ჩვენს წარმოსახვაში ქმნიდა? არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებზე პასუხების ძიებას დავიწყებთ, შეზღუდვებს გამოწვევებად ვაქცევთ და ისეთ საფეხურებზე გადავალთ, რომლებზეც დიდი ხნის წინ უნდა გადავსულიყავით. ერთი კი ცხადია, რომ უკვე დაწყებულია ცვლილების, განახლების შეუქცევადი პროცესი, რომლის უკან შემობრუნებაც, მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეიძლება... არა მხოლოდ თეატრში...
მაგრამ, ვიდრე თეატრი სრულ “გადატვირთვას” მოახერხებს, ვიდრე “სახლში უნდა დავრჩეთ” და ველოდოთ ამას, შეგვიძლია ერთგვარ “სოციალური დისტანცირების ფესტივალს” ვეწვიოთ - მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო თეატრმა თავისი არქივები გაგვიხსნა - იქნებ ჯერ კიდევ აქვთ ჩვენთვის რაიმე სათქმელი დღევანდელი დღის შესახებ?
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარეპერტუარო თეატრი მსოფლიოში და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი Schaubuehne am Lehniner Platz თავის ლეგენდარულ ვიდეოარქივს ხსნის. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მაყურებლისთვის Schaubuehne-ს დადგმები უკვე კარგადაა ცნობილი მათი ორი ვიზიტის შემდეგ. ტომას ოსტერმაიერის, პეტერ შტაინის, კარლ მიხაელ გრიუბერის, ფალკ რიხტერის, საიმონ მაკბერნისა და სხვა მნიშვნელოვანი რეჟისორების ნამუშევრების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ყოველ საღამოს ვებგვერდზე: www.schaubuehne.de.
3 აპრილი - უილიამ შექსპირის “რიჩარდ მესამე” რეჟისორი: ტომას ოსტერმაიერი
8 აპრილი - ესქილეს “ორესტეა” [ნაწილი 1] - რეჟისორი: პეტერ შტაინი
9 აპრილი - ესქილეს “ორესტეა” [ნაწილი 2] - რეჟისორი: პეტერ შტაინი
10 აპრილი - ესქილეს “ორესტეა” [ნაწილი 3] - რეჟისორი: პეტერ შტაინი
11 აპრილი - იასმინა რეზას - BELLA FIGURA - რეჟისორი: ტომას ოსტერმაიერი
12 აპრილი - ანტონ ჩეხოვის - “სამი და” - რეჟისორი: პეტერ შტაინი
13 აპრილი - შტეფან ცვაიგი - “მოუთმენლობა გულისა” - რეჟისორი: საიმონ მაკბერნი
ბერლინის მაქსიმ გორკის თეატრი, სადაც სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წელს სიამოვნებით ვიმუშავე, თავისი მანიფესტური ხასიათის, ძლიერ, კრიტიკულ, ხმამაღალ დადგმებს გვიზიარებს მომავალი კვირიდან. ხსენებული ფალკ რიხტერის SMALL TOWN BOY გახსნის მათ “საიზოლაციო პროგრამას”.
ჰამბურგის ცნობილი “თალია” თეატრი კარანტინის მძიმე დღეებში საინტერესო ონლაინ პროგრამას გვთავაზობს. ორი წლის წინ “თალია” თბილისს ნინო ხარატიშვილის ბრწყინვალე რომანის, “მერვე სიცოცხლის (ბრლინკას)” სასცენო ადაპტაციით ეწვია. ამ ძლიერი დადგმის რეჟისორის, იეტე შტეკელის “დანტონის სიკვდილი” ონლაინ შეგიძლიათ ნახოთ, ასევე დიმიტერ გოტჩევის საეტაპო “ტარტიუფი” და სხვა საინტერესო დადგმები იქნება ნაჩვენები.
მოსკოვის Gogol Center ყველაზე რადიკალური და “ხმამაღალი” თეატრია დღევანდელ რუსეთში. მისი ხელმძღვანელი, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი პუტინის რეჟიმის მიერ შიდა პატიმრობაში იყო თითქმის ორი წლის მანძილზე, რის შემდეგაც ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. Gogol-Center-ის სპექტაკლები მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული ხარისხით, ისე მკაფიო სოციალურ-პოლიტიკური პოზიციით. ამიტომ, გირჩევთ უყუროთ.
თუ ოდნავ მაინც გიყვართ ან, სულ მცირე, გაინტერესებთ, რა ხდება თანამედროვე საოპერო სცენაზე, მაშინ აქ ბევრი კარგი რამ გელით!
ჩემი ბოლო დროის ყველაზე საყვარელი საოპერო რეჟისორის, დიმიტრი ჩერნიაკოვის დადგმებიდან დაწყებული (ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა", "პარსიფალი" და პროკოფიევის "მოთამაშე"...), ქორეოგრაფ საშა ვალცის “ტანჰოიზერით” დამთავრებული.
პერფორმანსის ხელოვნების ლეგენდა მარინა აბრამოვიჩი გასულ სეზონს საოპერო-პერფორმანსის დადგმას შეეჭიდა. “მარია კალასის შვიდი სიკვდილი” ბავარიის სახელმწიფო ოპერის ოფიციალურ ვებგვერდზე
12 აპრილს გამოჩნდება.
გერმანულ-შვეიცარიული თეატრალური ჯგუფი Rimini Protokoll უმნიშვნელოვანესია დოკუმენტურ-ინტერაქტიული თეატრის მიმართულებით. მათი ინსტალაციები და რადიოდადგმები თეატრალური ხელოვნების დადგენილ, თუ დაუდგენელ საზღვრებს უკვე ოცი წელია არღვევს და კითხვის ნიშანს უსვამს ყველა ჩვეულ წარმოდგენას პერფომანსული სივრცეების, დროისა და მასალის შესახებ.
გირჩევთ ნახოთ, ვისაც მიმდინარე სახელოვნებო კრიზისთან გასამკლავებლად მცირე ინსპირაცია გჭირდებათ, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
მათი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების დოკუმენტაცია აქ შეგიძლიათ იხილოთ:
NDT [The Netherlands Dance Theatre]
თანამედროვე ცეკვის მოყვარულებს ვურჩევ არ გამოტოვონ ნიდერლანდების ცეკვის თეატრის სპექტაკლები მათ ოფიციალურ ვებგვერდზე. პირველ წარმოდგენად პროგრამაში სოლ ლეონისა და პოლ ლაიტფუტის დადგმა შეარჩიეს სიმბოლური სათაურით - STOP-MOTION.
Peeping Tom
ასევე, ცეკვის კომპანია Peeping Tom [ბრიუსელი, ბელგია] თავის ტრილოგიას წარმოგვიდგენს: Le Jardin, Le Salon, Le Sous Sol. შემქმნელები - გაბრიელა კარიზო და ფრანკ შარტიე - სევდითა და ღიმილით სავსე მერყევ სამყაროს გვიხატავენ, სადაც იზოლირებული პერსონაჟები თავის შიშებთან, სურვილებთან და ღამის კოშმარებთან გამკლავებას ცდილობენ.
Wuppertal Tanztheater Pina Bausch
ლეგენდარული გერმანელი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის დადგმების საარქივო ჩანაწერებს წარმოგვიდგენს “ვუპერტალის ცეკვის თეატრი” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უახლოესი რამდენიმე დღე მისი ცნობილი Palermo, Palermo-ს ნახვის სიამოვნება გაქვთ:
თანამედროვე ცეკვის თეატრის კიდევ ერთი ბრწყინვალე ნიმუში და ჩემი გულანთებული რეკომენდაცია ახალგაზრდა ქორეოგრაფის, ალექსანდერ ეკმანის ბალეტს - “ესკაპისტი”. მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ წამალივით საჭიროა ამ სპექტაკლის ნახვა...
დაბოლოს, ისე როგორ წავიდე, რომ ცოტა ქართულ თეატრზეც არ გითხრათ ორიოდე სიტყვა: სამეფო უბნის თეატრი (იმის გარდა, რომ თავის სარეპერტუარო სპექტაკლების განთავსებას იწყებს თავის YouTube-ის Channel-ზე, მუშაობს ახალ ვირტუალურ პროექტზე, რომელსაც სულ მალე გაუშვებს ონლაინ რეჟიმში, როგორც მიმდინარე სეზონის ბოლო პრემიერას!
იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ უცნაურ დღეებს. დარჩით სახლში და იყავით ჯანმრთელად, თუ შეიძლება!
დაწერე კომენტარი