“მუზების ბუნება მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ ისინი შთაგაგონებენ, მუზები თავდაჯერებასაც უნდა გმატებდნენ”, - ამბობს ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, რომელმაც ახლახან W Magazine-ის რუბრიკის - Directors’ Issue-ს ფოტოსესიის ფარგლებში თავის შეუცვლელ მუზას - პენელოპა კრუსს ახალი როლი მოარგო. 

 

 

ოპერა “კარმენის ტრაგედია” ფოტოსესიის შთაგონების მთავარი წყარო გახდა, სადაც ალმოდოვარი რეჟისურასთან ერთად ფოტოგრაფის როლსაც ითავსებს და ზოგ კადრში საკუთარ თავსაც აჩვენებს. The Carmen Auditions-ის ფოტოსესიის სცენარის მიხედვით პედრო ალმოდოვარი მსახიობის ქასთინგის პროცესს აცოცხლებს - პენელოპა ალმოდოვარის ოფისს - El Deseo-ს ეწვევა, სადაც რეჟისორთან ერთად კარმენის პერსონაჟს განიხილავს. “პენელოპას ვუთხარი, რომ კარმენის ახალ ადაპტაციაზე ვმუშაობდი, სადაც კოსტიუმებს ფლამენკოს ატმოსფერო უნდა შეექმნა. პენელოპა სამოსთან საინტერესო კავშირს ამყარებს: როცა ჩემს ფილმში პირველად გადავიღე, მას ყველგან მეორეული ტანსაცმელი ეცვა - მაგრამ მაინც, პენელოპა ყველაფერს მოდად გარდაქმნის. იგი ცუდ კოსტიუმებშიც კი ბრწყინვალედ გამოიყურება”, - განმარტავს ესპანელი რეჟისორი W Magazine-თან საუბრისას.


რეჟისორისა და მსახიობის მრავალწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში მაყურებლები ალმოდოვარის თვალით დანახულ პენელოპას სხვადასხვა როლში იცნობენ, მათ შორის უკვე ბოშა კარმენიცაა, რომლის როლის შესრულებაზე პენელოპა 4 წლის ასაკიდან ოცნებობდა. 

 


 

იმისათვის, რომ ესპანელ რეჟისორს კარმენის საკუთარი ვერსია ეჩვენებინა, პენელოპა კრუსი Balenciaga-ს ექსტრავაგანტურ სამოსში - ხავერდის წითელ კაბაში გამოაწყო. კაბის მსგავსად წითელი ფერისაა პენელოპას ტუჩსაცხიც და როგორც ალმოდოვარი აღნიშნავს, ესპანურ კულტურაში წითელი ვნებას, ცეცხლს, სისხლსა და სიკვდილს აღნიშნავს - იმდენად ძლიერი ფერია, რომ შეუძლია ირგვლივ არსებული სხვა ფერები უბრალოდ შთანთქოს.

 

 

Baleniaga-ს მომდევნო ლუქი, რომელიც პენელოპა კრუსმა კარმენის როლში მოირგო, ამჯერად არა წითელი, არამედ ის ვარდისფერი სამოსია, რომელიც მოდის სახლმა AZ Factory-ში, მოდის დიზაინერ ალბერ ელბაზისადმი მიძღვნილ შოუზე - Love Brings Love-ზე წარადგინა. ფოტოსესიაში ესპანელი მსახიობი წარმოდგენილია მხოლოდ Balenciaga-ს ვარდისფერ ბოდიშიც და თავზე დიდი ზომის წითელი ყვავილით მაყურებლებს პლასტმასის სკამზე მჯდომარე უმზერს. “ეს გარემო განსაკუთრებულად ლამაზი არ არის, - განმარტავს ალმოდოვარი, - მსგავს უპრეტენზიო ადგილებში კოსტიუმები თითქოს უფრო დამატყვევებელი ხდება. პენელოპას გარშემო ყველაფერი ძალზე ჩვეულია, რაც სამოსსა და პენელოპას ძალიან საინტერესოს ხდის.”


პენელოპას კიდევ ერთი ლუქი მოდის დიზაინერ Vicky Martín Berrocal-ის სტაფილოსფერი და შავი ზოლებით წარმოდგენილი ფლამენკოს კაბაა. პენელოპა ღია სივრცეებშია გადაღებული, რომლის ფონზე დამთვალიერებელი პარკინგზე გაჩერებულ მანქანებთან ერთად ნაგვის ბუნკერებსაც კი ხედავს. 

 

როგორც ალმოდოვარი ინტერვიუში ახსენებს, პენელოპამ ჩვეულებას W Magazine-ის ფარგლებში გამართულ ფოტოსესიაშიც არ უღალატა და რეჟისორს ტრადიციული კითხვებით - “როგორც მაცვია?” და “როგორია ჩემი ვარცხნილობა?” - ისევ მიმართა.  “პენელოპას სჭირდება, რომ საკუთარი ვიზუალური იმიჯი შეიქმნას. ამავდროულად კი იცის, რომ მას ათასი თვალით ვუყურებ და არასოდეს მივცემ უფლებას, რაღაც სასაცილოს ან გროტესკულს მიმართოს. ეს ერთმანეთის მიმართ რწმენასა და დიდ ნდობას აყალიბებს”, - ამბობს ალმოდოვარი.

ფოტო: W Magazine

ავტორი: ანა გაბისიანი