დედობას, როგორც ქალის ყველაზე საპასუხისმგებლო, რთულ და ამასთან მისტიკურ გამოცდილებას, ალმოდოვარის ფილმები სხვადასხვა პერსპექტივით აჩვენებს. ესპანელი რეჟისორის სიტყვებით, დედის თემატიკა მის ფილმოგრაფიაში სიწმინდესთან ასოცირდება, რომლის დასაბამი მაყურებელმა ალმოდოვარისა და თავისი დედის, ან ზოგადად, ალმოდოვარისა და ქალების მჭიდრო ურთიერთობებში უნდა ეძიოს. “ჩემ ირგვლივ ყოველთვის ქალები ფიგურირებდნენ. 1950-იან წლებში კაცებს დღის განმავლობაში სახლში ვერც შეხვდებოდი. საკუთარ მამას მხოლოდ მაშინ თუ დაინახავდი, როცა ღამით სამსახურიდან შინ დაბრუნდებოდა, - იხსენებს ალმოდოვარი, - ქალები, რომელთა გარემოცვაშიც მე ვიზრდებოდი, გამუდმებით საუბრობდნენ ცხოვრებაზე და იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩვენს სოფელში. ისინი ჰყვებოდნენ ამბებს იმაზე, თუ ვინ ჩაიდენდა თვითმკვლელობას, ვინ იქნებოდა ორსულად, საუბრობდნენ ინცესტის შესაძლო ვარიანტებზეც...” ამიტომაც საკვირველი არაა, რომ ბავშვობის წლების გათვალისწინებით, ალმოდოვარისათვის ქალისა და დედის ურთიერთკავშირი იმ მთავარ მაგიურ ელემენტადაა ქცეული, რომელმაც მისი ცნობილი სურათების - “მაღალი ქუსლები”, “დაბრუნება”, “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, “ხულიეტა”, “ტკივილი და დიდება”... - გაჩენა განაპირობა.

ერთ ინტერვიუში ესპანელი რეჟისორი გადაჭრით აცხადებს, რომ თავის ფილმებში პერსონაჟი დედების ჩვენების მოტივს ყოველთვის უბრუნდება, რასაც “პარალელური დედებისა” (2021) და “ხულიეტას” (2016) სახით ბოლო წლებში გამოსული ფილმებიც ადასტურებს. “ხულიეტა” დედასა და შვილს შორის კავშირების წყვეტას ასახავს - “ანტიამ საკუთარი გზა აირჩია, რომლის ნაწილი შენ არა ხარ” - ფილმში ამ სიტყვების მოსმენა მარტო დარჩენილ დედას უწევს, რომელთანაც შვილმა ურთიერთობის გაწყვეტა მრავალი წლის წინ მოისურვა.

 

“პარალელური დედების” სცენარის მიხედვით ორი ქალი ერთსა და იმავე დროს მშობიარობს. სათაურს იდეალურად ერწყმის ფილმის პოსტერიც, რომელიც დედის ძუძუდან გადმოღვენთილი რძის წვეთს ასახავს. მშობიარობის სცენები და ამ მხრივ, დედად გახდომის პირველი წამები ალმოდოვარის სხვადასხვა ფილმში სიხარულის, შიშისა თუ ექსტრემის შეგრძნებებს უკავშირდება. 


ალმოდოვარის შეუცვლელ მუზას - პენელოპა კრუსს, რომელთანაც რეჟისორს 25-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, მის ფილმებში დედა არაერთხელ განუსახიერებია. “პარალელურ დედებში” პენელოპა წარმატებული მოდის ფოტოგრაფია, რომლის მშობიარობის სცენა სამშობიაროს ბლოკში მიმდინარეობს. ჭინთვებისაგან წარმოქმნილი თავზარდამცემი ხმები, რაც ჩვეულებრივ, ფილმებში მშობიარე ქალის ტკივილის გამძაფრებულად წარმოჩენას ემსახურება, შეიძლება ითქვას, რომ “პარალელური დედების” შემთხვევაში სახეცვლილია. აქ მაყურებელს პენელოპას კივილი ტკივილისაგან გამოწვეულ ხმასთან ერთად მელოდიურ რიტმადაც ჩაესმის - იმ პირველ იავნანად, რომელსაც პენელოპას პერსონაჟი ჩვილს დაბადებისთანავე უმღერის.

 

 

1997 წლის ფილმში - Live Flesh პენელოპა კრუსის პერსონაჟი ახალგაზრდა სექსმუშაკია, რომელსაც მშობიარობა პირდაპირ ავტობუსში უწევს და რადგანაც ირგვლივ სამედიცინო დახმარებას ვერავინ გაუწევს, ბავშვის ჭიპლარის გადაჭრას ავტობუსში მის გვერდით მყოფი კეთილისმსურველი ქალი საკუთარი კბილებით ეცდება. ფილმში “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” (1999) პენელოპას პერსონაჟი - როზა მეძავების თავშესაფარში მომუშავე შიდსით დაავადებული ფეხმძიმეა, ხოლო ალმოდოვარის ავტობიოგრაფიულ ფილმში “ტკივილი და დიდება” (2019) პენელოპა თავად ესპანელი რეჟისორის დედის - ფრანცისკა კაბალეროს როლში გვევლინება. 


ნათელია, რომ ალმოდოვარისათვის დედის სახის განსაზღვრება ერთადერთ ჩარჩოში არასოდეს ექცევა. “პარალელური დედების” მაგალითზე პენელოპა კრუსის (ჯენისი), მილენა სმიტისა (ანა) და აიტანა სანჩეს ხიხონის (ტერეზას) პერსონაჟი დედები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან. აქ ისიცაა აღსანიშნავი, რომ ანას დედის სახით ალმოდოვარი პირველად წერს და იღებს ისეთი ქალის შესახებ, რომელსაც დედობრივი ინსტინქტები არ ამოძრავებს. “ამ პერსონაჟზე მუშაობა ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. იგი დედობას კარიერას ამჯობინებს. მე მას არ განვსჯი. ვფიქრობ, მის მსგავსად დედები ძალიან იტანჯებიან”, - განმარტავს ესპანელი რეჟისორი და იმასაც ამატებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დედად ყოფნის განსაზღრება მეცნიერების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო გაფართოვდა. “ახლა შეგიძლია დედა ისე გახდე, რომ სექსუალური ურთიერთობები არც კი გქონდეს.” 


ალმოდოვარისათვის საკუთარი დედის - ფრანცისკა კაბალეროს შთაგონება ფილმში The Flower of My Secret (1995) არსებითად იგრძნობა, სადაც ჩუს ლემპრეავის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ალმოდოვარის დედის ჩვეული ფრაზები. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკა კაბალერომ რეჟისორი შვილის რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორისაა -  “Tie Me Up! Tie Me Down!” (1989), “ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე” (1988) და “კიკა” (1993). როგორც ალმოდოვარი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს, სიცოცხლეში დედამისი მისი ფილმების გადაღების პროცესს ინტენსიურად აკვირდებოდა. ხანდახან მსახიობს ნათქვამს შეუსწორებდა, რათა დიალოგებს ბუნებრიობა არ დაეკარგა, ხანდახან კი შვილს მსახიობის გამოცვლისკენაც მოუწოდებდა. ალმოდოვარმა დედა The Flower of My Secret-ის გამოსვლიდან რამდენიმე წელში დაკარგა, ამიტომაც მომდევნო წლებში გადაღებულ სურათებში რეჟისორი დედის სახეს აქამდე უჩვეულო სიმძაფრითა და თითქოს კითხვებზე პასუხის მიღების მცდელობით იღებს. როცა მისი ფილმები სრულდება, საფიქრებელი მაყურებლებთან ერთად თავად რეჟისორსაც რჩება. 

 


 

ფილმში “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” მარტოხელა მანუელა ერთადერთ შვილს, ესტებანს მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე კარგავს, ფეხმძიმე როზა შიდსით ავადდება, იღუპება და სამყაროში თავის ახლად მოვლენილ შვილს ტოვებს, რომელსაც მანუელა აღზრდის. ამ ფილმში ალმოდოვარი, მანუელასა და როზას პერსონაჟი დედების ჩვენებით, დანაკარგთან და შიშთან ერთად მომავლის რწმენაზეც აქცენტირდება, დედობრივ ინსტინქტებს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს, რომლის ფონზეც, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ დედასთან ურთიერთობაზეც საუბრობს. ამაზე თავად ალმოდოვარის სიტყვებიც გვაფიქრებინებს, რომლებიც ფილმის დასრულებისთანავე იკითხება -  “ვუძღვნი ყველა მსახიობ ქალს, ვისაც მსახიობი ქალის როლი შეუსრულებია, ყველა ქალს, ვისაც უთამაშია, ყველა მსახიობ კაცს, ვინც როლისთვის ქალი გამხდარა, ყველა ადამიანს, ვისაც სურს გახდეს დედა.ვუძღვნი დედაჩემს”.

 

ავტორი: ანა გაბისიანი