ბელგიელმა დიზაინერმა დრის ვან ნოტენმა ფერისა და ტექსტურის დაკავშირების თავისი უნიკალური მიდგომა ახალ მედიუმში გადაიტანა და კოსმეტიკის ხაზი - Dries Van Noten Beauty შექმნა. "არის რამე, რისი გაკეთებაც სილამაზის ინდუსტრიაში შემიძლია? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ჩემთვის პასუხი იყო - დიახ, ამ ხაზით მე ახალ ისტორიას გიამბობთ", - აღნიშნავს ბელგიელი დიზაინერი. 


ამ დროისთვის კოლექცია სუნამოებს, ტუჩსაცხებსა და კომპაქტურ აქსესუარებს, მათ შორის სარკეებსა და თმის სავარცხლებს აერთიანებს. ათი უნისექს სურნელი, თითოეული შექმნილი სხვადასხვა პარფიუმერის მიერ, ტრადიციულ ყვავილოვან არომატებს არაორდინალური ინტერპრეტაციით წარმოადგენს. ყვავილები ვან ნოტენისთვის შთაგონების მუდმივი წყაროა, მის კოლექციებში ხშირად ვხვდებით ყვავილოვან პრინტებსა და ფერებს. ვარდი ვან ნოტენის საყვარელი ყვავილია და სუნამოების კოლექციაში ორი განსხვავებული არომატის ვარდის სუნამოც გვხვდება. 

 


Rosa Carnivora ვარდის, ვეტივერისა და პაჩულის კრემისებრი ნაზავია, ხოლო Raving Rose-ს პიკანტურ სურნელს წიწაკის დამახასიათებელი არომატი ახლავს თან. ფლაკონის შეფუთვა უშუალოდ ვან ნოტენის კოლექციებში გამოყენებულ პრინტიან ნიმუშებს ასახავს - Voodoo Chile - როზმარინის, პაჩულისა და კედარის ხის ნაზავი ვერცხლისძირიან ცისფერი მინის ფლაკონშია მოთავსებული. Soie Malaquais - წაბლისა და აბრეშუმის აკორდის ნაზავისთვის დიზაინერმა მუქი შინდისფერი ბოთლი აირჩია. რაც შეეხება ტუჩსაცხების სერიას, იგი 15 განსხვავებულ ფერს აერთიანებს. 


”ტუჩსაცხების კოლექციაზე მუშაობა ეხება ფერების სიკაშკაშეს შორის ბალანსის პოვნას და, რა თქმა უნდა, ქსოვილების შექმნის გამოცდილებით, მე კარგად ვიცი, როგორ გავაკეთო ეს”, - ამბობს დიზაინერი.

 

 

კოლექციაში მნიშვნელოვანია მდგრადობის თემაც. ყუთები გადამუშავებადი მასალისგანაა დამზადებული, სამგზავრო ზომის ჩანთები კი ბრენდის წინა კოლექციებიდან მორჩენილი ქსოვილებისგანაა შექმნილი. 

ვან ნოტენის სილამაზის კოლექცია სილამაზის მისეულ აღქმას კიდევ ერთხელ გვახსენებს. როგორც დიზაინერი ამბობს, „რაც ჩემთვის ლამაზია, შეიძლება ძალიან უშნო იყოს სხვისთვის და პირიქით. რაღაც, რასაც ბევრი ადამიანი მიიჩნევს ლამაზად, ვფიქრობ, მოსაწყენია. ამიტომაც მომწონს კონტრასტებთან მუშაობა. მე მიყვარს უცნაურობა სილამაზეში".

 

ფოტო: Dries Van Noten

 

ავტორი: მარიამ ქორიძე