2021 წლის გაზაფხულზე თბილისში დიზაინის დღეები გაიმართება. შემოქმედებითი ფესტივალი ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა: არქიტექტურა, ინტერიერისა თუ პროდუქტის დიზაინი და ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იქნება დიზაინთან. მოეწყობა 3-დღიანი კონფერენციაც, რომელზეც მოხსენებებს წაიკითხავენ მოწვეული და ადგილობრივი სტუმრები. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები და არქიტექტორები აუდიტორიას თავიანთ შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობენ, მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი სექტორიც.
როგორც პროექტის დამფუძნებლები თამუნა ღვაბერიძე და ქეთუნა ყრუაშვილი ამბობენ, პროექტის უპირველესი მიზანი საქართველოს პოპულარიზაციაა.
"ვთვლით, რომ ჩვენს კულტურაში ბევრი საინტერესო რამ არის ისეთი, რაც შეიძლება ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმზიდველი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხითაც, რადგანაც კონფერენციის დროს ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პირდაპირი გზით მიიღონ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი პროფესიული საქმიანობისთვის. შესაძლებელია ჩატარდეს ვორქშოფები, რაც დიდ გამოცდილებას შესძენს დამწყებ დიზაინერებს, განსაკუთრებით - სტუდენტებს. გვსურს, რომ თბილისი გახდეს ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის შეხვედრის ადგილი და ასევე გლობალური დიზაინის ნაწილი. ამ კონფერენციით, რომელიც ყოველ წელს ჩატარდება, გვინდა თბილისი იყოს რეგიონული პლატფორმა, ერთგვარი კატალიზატორი, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად ამ სფეროს განვითარებას. ფესტივალის პროგრამაში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები: გამოფენები, ინსტალაციები, შეხვედრები, მოხსენებები, ვორქშოფები და საგანმანათლებლო პროგრამები. სამი დღის განმავლობაში გვსურს თბილისში მოეწყოს დიზაინის ფესტივალი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება. ღონისძიება იქნება ხელმისაწვდომი როგორც ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის. მომავალში დიზაინის დღეები, სავარაუდოდ, ყოველი წლის ოქტომბერში ჩატარდება, მაგრამ წელს, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, 2021 წლის გაზაფხულითვის გადაიდება. მანამდე კი შემოგთავაზებთ ამ ღონისძიების ონლაინ ფორმატს".
დაწერე კომენტარი