ავტომობილების მწარმოებლები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ მოდის სახლებთან საკულტო მანქანების ლიმიტირებული კოლექციების შესაქმნელად, რის შედეგადაც დღემდე არაერთი უნიკალური დიზაინის გამორჩეული ნიმუში ვიხილეთ. Hammock Magazine სწორედ იმ მანქანების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომელზეც ცნობილმა ავტომობილების ბრენდებმა და დიზაინერებმა ერთობლივად იმუშავეს.

 

Lincoln Continental Mark V x Givenchy

Lincoln Continental Mark V Givenchy 70-იანი წლების სიმდიდრის ეპონიმი და ამერიკული ფუფუნების სიმბოლო გახდა. “მწვანე სიზმრად” წოდებული 

მანქანა 6 მეტრი სიგრძით, უნიკალურ დიზაინერულ პაკეტს სთავაზობდა მფლობელს - ხელმოწერა მანქანის ექსტერიერში, Givenchy-ს ლოგო შიდა სივრცეში და Cartier-ის ძვირადღირებული საათი მანქანის ცენტრალურ კორპუსში. ვინილის სახურავი, გლუვი, პრიალა ზედაპირი და ზურმუხტისფერი ხავერდის სავარძლები ამ მოდელს კიდევ უფრო მოდურსა და სასურველს ხდიდა იმ პერიოდის ავტომობილების კოლექციონერებისთვის. 

 

Peugeot 205 x Lacoste 

Peugeot-სა და ჩოგბურთის სამყაროს შორის კავშირი 1984 წლიდან იწყება, როდესაც ფრანგულმა ბრენდმა პირველად დააფინანსა როლან გაროსი - საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩოგბურთის ტურნირი. ერთი წლის შემდეგ სპორტის მოყვარულებმა მანქანის ახალი მოდელი - Peugeot 205 Lacoste იხილეს, რომლის დიზაინიც სპორტისთვის დამახასიათებელი დეტალებით იყო შთაგონებული. Სპილოს ძვლისფერ ექსტერიერზე მწვანე და წითელი ხაზები ჩოგბურთის კორტს განასახიერებს, სალონში სავარძლებზე Lacoste-ს ბრენდის ლოგოა ამოტვიფრული. ორ ბრენდს შორის Წარმატებული კოლაბორაცია მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. 

 

Lamborghini Murciélago LP640 x Versace 

2006 წელს პარიზის Mondial de l'Automobile-სთვის და მილანის მოდის კვირეულის აღსანიშნავად, Versace-მ და Lamborghini-მ ახალი, ექსკლუზიური მოდელის - Lamborghini Murciélago LP640 VERSACE-ს გამოშვება დააანონსეს. 

ექსტერიერი მინიმალისტურია, იტალიური მოდის სახლის ესთეტიკა კი მანქანის სალონზე აისახა. მანქანის კარი, ჭერი, ცენტრალური კონსოლი და სავარძლები შექმნილია ძვირადღირებული ტყავისგან, რომელზეც Versace-ს ლოგო - მედუზა გორგონის თავი და ბერძნული მოტივებია ამოტვიფრული. 

 

Fiat 500C x Gucci 


იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ მანქანების მწარმოებელ ბრენდთან - Fiat-თან ერთად 2011 წელს ექსკლუზიურ მოდელზე იმუშავა. კოლაბორაცია ამ ორი უდიდესი იტალიური ბრენდის მდიდარ მემკვიდრეობასა და ინოვაციურობას უსვამს ხაზს. Მანქანის ელეგანტური ექსტერიერი გუჩის მწვანე და წითელი მონოგრამითაა გაფორმებული, რაც მანქანის გარე ნაწილს მთელ სიგრძეზე დაჰყვება. ვინტაჟური სტილის ალუმინის დისკები განსაკუთრებულ იერს ანიჭებს მანქანას. უკანა კორპუსზე კი დახრილი ხელწერით შესრულებული წარწერა - Gucci იკითხება. 

 

Jaguar XE x Stella McCartney

ბრიტანელმა დიზაინერმა - სტელა მაკარტნიმ Jaguar XE-ის დიზაინი შექმნა. Paris Motor Show-სთვის შექმნილი მოდელის ექსტერიერი დიზაინერის 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციაში გამოყენებული სუპერგმირების პრინტითაა გაფორმებული. კოლაბორაცია დიზაინერისა და საავტომობილო ბრენდის საერთო ღირებულებებს -  ინოვაციურობასა და განსხვავებულობას ეხმიანება. როგორც დიზაინერი ამბობს, “Jaguar არის ბრიტანული ბრენდი, რომელიც სავსეა მემკვიდრეობითა და მომხიბვლელობით, რაც წლების განმავლობაში აღმაფრთოვანებს”.

 

Land Rover Defender x Paul Smith 

2016 წლის ლონდონის მოდის კვირეულისთვის Land Rover-მა ბრიტანელ დიზაინერთან, სერ პოლ სმიტთან თანამშრომლობა დააანონსა. დიზაინერი ბრიტანულ ბრენდთან ლეგენდარული მოდელის -  Defender-ის ახალი დიზაინის შესაქმნელად გაერთიანდა. Პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს ექსტერიერისთვის გამოყენებული ფერთა პალიტრა, რომლის მისაღებად დიზაინერმა Pantone-ის ფერთა ნაკრები გამოიყენა. ტონალობები Defender-ის, როგორც “სამხედრო მანქანის” მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შავი ტყავისგან შესრულებული დეტალები ლურჯი ნაკერებითაა გაფორმებული. დიზაინერის თქმით, სალონში ბევრი დამალული დეტალია, მაგალითად, ხელით მოხატული ფუტკარი, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა ამ მოდელის დანიშნულებაზე. 

 

Bugatti Chiron x Hermès 

ავტომობილების მწარმოებელ Bugatti-სა და მოდის სახლ Hermès-ს შორის თანამშრომლობა ძვირადღირებული მოდელის - Chiron-ის შექმნით შედგა. Chiron-მა სახელი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე სწრაფი, ძლიერი და სუპერ სპორტული მანქანა Bugatti-ის ისტორიაში. Შექმნილი ექსკლუზიურად უძრავი ქონების მაგნატისა და მანქანების კოლექციონერის - მენი ხოშბინისთვის Bugatti Chiron დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური ტექნოლოგიით ხელოვნებისა და ტექნიკის უნიკალურ შედევრია. Სპილოს ძვლისფერი Მატყლისა და ქიშმირის შიდა კორპუსი ფრანგული მოდის სახლის სიმბოლოთი - ცხენებითაა გაფორმებული, სალონის ცენტრალურ კორპუსში ვკითხულობთ წარწერას - Dressed by Hermès.

 

Meyers Manx beach buggy x Berluti

70-იანი წლების ყველაზე პოპულარული  კალიფორნიული სარბოლო მანქანა - Meyers Manx beach buggy ფრანგულმა ბრენდმა Berluti-მ ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშად აქცია. თეთრი მანქანის პოლიესტერის რეგულირებადი სახურავი Berluti-ის მთავარი დიზაინერის - კრის ვან აშეს მიერ შექმნილი ლოგოებითაა გაფორმებული. ინტერიერი ბრენდის პოპულარული ნამუშევრით -  Globe-Trotter-ის სამოგზაურო ჩანთების კოლექციითაა შთაგონებული. შიდა კორპუსში ხე, გლუვი ტყავი და ლითონი ერთმანეთს ენაცვლება.

 

Porsche 911 x Aimé Leon Dore 

2021 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრენდი - Aimé Leon Dore და გერმანული საავტომობილო ბრენდი - Porsche მარადიული 911 მოდელის აღდგენასა და რედიზაინისთვის გაერთიანდა. Porsche-ს ლეგენდარულ მოდელს, რომელიც უკანასკნელად 1978 წელს გამოუშვეს, ვინტაჟური იერი აქვს შენარჩუნებული. ორკარიან ზეთისხილისფერ კომპაქტურ მანქანას სპილოსძვლისფერი ინტერიერი ორიგინალურად ერწყმის. სავარძლები სპარსული ხალიჩებისგან და ძვირადღირებული ტყავისგანაა შექმნილი. მანქანის დიზაინი და პროექტის შემოქმედებითი მიმართულება Aimé Leon Dore-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის - თედი სანტისის ბავშვობიდან მომდინარეობს და საბერძნეთის კუნძულების სილამაზითაა შთაგონებული.

 

Mercedes-Benz G Wagon x Virgil Abloh 

Louis Vuitton-ის დიზაინერმა და Off-White-ის დამფუძნებელმა ვირჯილ აბლომ  Mercedes Benz-თან ერთად Mercedes-Benz G-კლასის მანქანის კონცეპტუალური ვერსია შექმნა. დიზაინერმა Mercedes-Benz-ის მთავარი მოდელი - ოთხბორბლიანი ძვირადღირებული SUV, რომელიც 1970-იანი წლებით თარიღდება, ახალი ფუნქციით დატვირთა და სარბოლო მანქანის სახით წარმოგვიდგინა. სპორტული იერის მისანიჭებლად დიზაინერმა Project Geländewagen G-კლასს საკულტო ფორმა შეუნარჩუნა იმ განსხვავებით, რომ ეს მოდელი უფრო დაბალი და განიერია. მანქანა მინიმალისტური თეთრი ექსტერიერითა და სალონით მარმარილოს სკულპტურას მოგვაგონებს.

 

Maybach x Virgil Abloh 

ვირჯილ აბლოს Mercedes Benz-თან კოლაბორაცია G Wagon-ზე მუშაობით არ დასრულებულა. საავტომობილო ბრენდმა აბლოს ხსოვნას Maybach-ის ახალი დიზაინით მიაგო პატივი. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, Mercedes-Benz-ის დიზაინერთან, გორდენ ვაგენერთან ერთად შექმნილი მანქანის ყველა დეტალი უნიკალურია და მის არცერთ სხვა მოდელში არ მეორდება. მანქანის გამჭვირვალე წინა ნაწილის უკან მზის ელემენტებია მოთავსებული, რომელიც დამატებითი ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება. მდიდრულ ქვიშისფერ სალონში კომფორტული მოგზაურობისთვის ყველა დეტალია გათვალისწინებული  - სავარძლები საწოლებად გარდაიქმნება, უკანა განყოფილებაში კი სურვილისამებრ საკითხავი განათების ჩართვაც შეგიძლიათ.

 

ფოტო: Car.info, Motor Authority, Favcars, Arabs Car, LamboCars, Yetzer, Stellantis, Motor1, nssmag, Paul Smith, Bugatti, Berluti, Aimé Leon Dore, Dezeen, Wallpaper

 

ავტორი: მარიამ ქორიძე