თვითნასწავლი მხატვარი ნატა ვარაზი ფართო საზოგადოებამ The Why Not გალერეის მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გაიცნო. ჯგუფური შოუ  - “ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” ნატა ვარაზის რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ხელოვანის სიტყვებით კონკრეტული ემოციებისა და მომენტალური შეგრძნებების შთაგონებითაა შექმნილი. პასტელური ფერები, ფემინისტური მოტივები და რბილი და მყარი მატერიების სინთეზი ექსპოზიციას ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმებით -  როგორც ნაზი და ჰაეროვანი, ასევე მძიმე და ბრუტალური ელემენტებით ამდიდრებს. 

 

განათლება იურისპრუდენციის მიმართულებით მიიღეთ, თუმცა მუშაობა სრულიად განსხვავებულ სფეროში განაგრძეთ. როდის  გადაწყვიტეთ, რომ თქვენი პროფესია მხატვრობასთან დაგეკავშირებინათ?

 

ყოველთვის ვხატავდი, ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ხელოვანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ერთი პერიოდი ოჯახის ტრადიციის გაგრძელებაზეც ვფიქრობდი და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვაპირებდი, თუმცა საბოლოოდ განათლების მიღება იურისპრუდენციის მიმართულებით გადავწყვიტე. მაშინ, როდესაც კონკრეტულ პროფესიაში ხარ ჩართული, პირველ რიგში, საქმის კეთების სურვილი უნდა გამოძრავებდეს. მე კი სწავლის პროცესშიც და სწავლის დასრულების შემდეგაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი პროფესიით დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ იურისპრუდენციასთან საერთოდ არაფერი მაკავშირებდა. დაახლოებით 25-26 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ აუცილებლად რაღაც სხვა უნდა მეცადა. ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ერთადერთი, რაც მუდამ სტიმულს მაძლევდა, შემეძლო დაუსრულებლად მეკეთებინა და არ მიქმნიდა განწყობას, რომ კლასიკური გაგებით - ვმუშაობდი, ხატვა იყო. ხატვის პროცესი არასდროს მღლიდა. ამ პროფესიით სერიოზულად ბოლო ორი წელია ვმუშაობ. იქამდე მხატვრობა მხოლოდ შეთავსებად, პარალელურ საქმიანობას წარმოადგენდა, რაც შრომატევადთან ერთად დამღლელი პროცესიც იყო - რთულია ერთდროულად რამდენიმე საქმიანობას წარმატებით ართმევდე თავს. სწორედ ამიტომაც საბოლოოდ გავრისკე და გადავწყვიტე, რომ მთავარი ორიენტირი მხოლოდ ერთი მიმართულებით - მხატვრობისკენ ამეღო.


რჩევის მისაღებად ოჯახში არაერთი მხატვარი გეგულებოდათ, რაც ფერწერის მიმართულებით აკადემიური განათლების არქონას დიდ დაბრკოლებად არ გადააქცევდა…

 

მენტორინგს დიდად არავინ მიწევდა. ჩემგან იმასაც კი არ მოითხოვდნენ, რომ მეხატა. ოჯახში იმდენად ბევრი მხატვარი იყო, რომ უნდოდათ ერთი წევრი მაინც სხვა მიმართულებით განვითარებულიყო. მგონია, რომ თავიდან ჩემი, როგორც მხატვრის საკითხს არასერიოზულადაც ეკიდებოდნენ და ყველაფერი უბრალოდ ჰობი ეგონათ. ალბათ, მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის სტიმულიც იყო, რათა ამ ადამიანებისათვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი საქმე სწორედ ხატვა იყო. ბოლო პერიოდში, როცა უკვე მიხვდნენ, რომ მხატვრობა ჩემს პროფესიად იქცა, რა თქმა უნდა, რჩევების მოცემა აქტიურად დაიწყეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამუშევარი სხვა ადამიანმაც შეაფასოს, განსაკუთრებით მან, ვინც სფეროში ჩახედულია. ფაქტი, რომ აკადემიური ცოდნა არ მიმიღია, ვფიქრობ, ექსპერიმენტებისათვის უფრო მეტ გასაქანს მაძლევს.


როგორ წარმართავთ ხატვის პროცესს - განსაზღვრული თემები და სავარაუდო ფორმები გადაგაქვთ სიბრტყეზე თუ თავიდან ბოლომდე პროცესს ენდობით?

 

შეიძლება მოვიფიქრო რაღაც ფრაგმენტი და მთელი კომპოზიცია მის გარშემო ავაგო. არასდროს ვიცი წინასწარ, თუ სად წამიყვანს პროცესი და როგორ ფორმას მიიღებს ნამუშევარი საბოლოო ჯამში. მუშაობისას ჩემთვის გადამწყვეტ როლს ემოციური ფონი თამაშობს - ცხოვრების კონკრეტული გამოცდილება, რომელიც ბიძგს მაძლევს ახალი ნამუშევრის შესაქმნელად. ხშირად, როცა ხატვას ვასრულებ, ვხვდები, რომ ნამუშევარი საერთოდ სხვანაირი გამომივიდა. ხატვის პროცესიც ცხოვრების მსგავსია - დღითიდღე შენთან ერთად ვითარდება და იცვლება. ამ ბოლო დროს არქეოლოგიური გათხრებით დავინტერესდი - მოპოვებული ოქროულობითა და სხვადასხვა სამკაულებით. ჩემს ერთ-ერთ ნამუშევარშიც არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული გულის ფორმის ბროში დავხატე. როცა დავინახე, ვიფიქრე, რომ ეს ფორმა ჩემს ნამუშევარში აუცილებლად უნდა გაჩენილიყო. ზოგადად, შთაგონება შეიძლება გაუცნობიერებლად მივიღო ობიექტებისაგან, კონკრეტული მოვლენებისაგან და როცა უკვე საბოლოო შედეგს ვიღებ, ვხვდები, თურმე გეზი საითკენაც მქონია აღებული. თავიდან არაფერი ვიცი. ყველაფერს ფარდა ბოლოს ეხდება. აი, მაგალითად, ჩემს ერთ ნამუშევარში გამოსახულია გოგონა წყალთან,   მოგვიანებით კი მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინ სკეტჩი მქონია დახატული, რომელსაც ეს ახალი ნამუშევარი ლოგიკურად მიესადაგა.


თქვენი ნამუშევრები დამთვალიერებლებმა The Why Not გალერეის მიმდინარე გამოფენაზე საჯაროდ პირველად იხილეს. როგორ დაიწყო თქვენი და გალერეის თანამშრომლობა? როგორც ვიცი, თავიდან თქვენი პერსონალური გამოფენის გახსნაც იგეგმებოდა…

 

გალერეის დამფუძნებელს, გვანცა ჯიშკარიანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ერთმანეთს ინსტაგრამზე ვადევნებდით თვალს და ბევრი საერთო მეგობარიც გვყავდა, თუმცა არასოდეს ჰქონია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ვხატავდი. დაახლოებით ორი წლის წინ ჩემი ნამუშევარი ჩემმა მეგობარმა - გიორგი ვაზოვსკიმ გამოაქვეყნა. გვანცამაც ნახა, დაინტერესდა და დამიკავშირდა. მაშინ ეს ყველაფერი სერიოზულად ვერ აღვიქვი იმ მხრივ, რომ იმ მომენტში არ მეგონა, მხატვრობა ჩემი პროფესია რომ გახდებოდა. მაშინ პერსონალური გამოფენის გახსნაზე არც კი ვფიქრობდი, რადგან მოცემულობა, რომ აკადემიური განათლება არ მიმიღია, ხელს მიშლიდა ამ სფეროში დამკვიდრებაზე მეფიქრა. როცა ეს საკითხი გვანცასთან გავიარე და ჩემი პერსონალური გამოფენის გახსნის იდეა შემომთავაზა, მოსამზადებელი პერიოდი იმდენად მოკლე აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ ჩემი ნამუშევრები ჯგუფური გამოფენისათვის გამოგვეყენებინა. ძალიან მომწონს მონაწილე მხატვრების ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი  ერთმანეთისაგან სტილისტურად განსხვავდება, ერთმანეთს თემატურად იდეალურად ერწყმის. ვფიქრობ, კარგია საწყის ეტაპზე ამ ჯგუფურ შოუში რომ ვმონაწილეობ. მაშინ, როცა დამწყები ხარ, ჯობს ყველაფერს ეტაპობრივად მიჰყვე.


გამოფენის სათაური - “ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის სახესთან დაკავშირებით გარკვეულ აქცენტებს უსვამს ხაზს. როგორ უკავშირდება თქვენი ნამუშევრები ერთიანი ექსპოზიციის კონცეფციას?

 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც პატრიარქალურ საზოგადოებაში იზრდება, ამ გარემოს მსხვერპლადაც იქცევა. ბავშვობიდან გვინერგავენ რაღაც წესებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი - როგორი ხასიათი და ქცევა უნდა ჰქონდეს მას, რასაც ყოველთვის ვაპროტესტებდი. ეს ნამუშევრები ჩემთვის პერსონალური მოგზაურობაა და ვინც ნახავს, ალბათ ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას მისცემს.

 

ექსპოზიციის ნამუშევრებზე საუბრისას სიმძიმისა და სიმსუბუქის თემებს ეხებით, როგორც ერთგვარ ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობებს, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ გამორიცხავს, არამედ ავსებს კიდევაც. მხატვრის გადმოსახედიდან, როგორ სინთეზირდება ერთმანეთთან ორი სრულიად განსხვავებული მოტივი ქალის ხასიათის გადმოსაცემად?

 

ამ ნამუშევრებით დამთვალიერებლებს სიმსუბუქისა და სიმძიმის პარალელურად არსებობის შესახებ ვუყვები, რაც ყოველთვის თვალშისაცემია. დღეს რთულია აბიჯებდე სტიგმას და რეალურ სახეს აჩვენებდე, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა ნაზი იყოს, მეორე დღეს კი ბრუტალური და აგრესიული. ეს მდგომარეობა ჩემთვის როგორც ობიექტების, ასევე ადამიანების სილამაზესთანაც ასოცირდება. სიტყვები - nothing needs to be perfect ჩემთვის საწყისი მოცემულობაა, რომელიც იმდენად გულწრფელია, რომ სიყალბე ოდნავადაც არ ახლავს თან. ჩემს ნამუშევრებში შეუთავსებლის შეთავსებას ვცდილობ. საერთოდ, ვთვლი, რომ ურთიერთსაპირისპირო ურთიერთგამომრიცხავი არ არის. თუ დააკვირდებით, ამ ნამუშევრებში ძირითადად ისეთ მასალებს ვიყენებ, რომლებიც თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებული არაა. გამოყენებულია მეტალი, რომელთანაც კონტრასტულია კონკრეტული მატერია ან ჰაერი, რომელიც ძალიან მსუბუქი და ნაზია. ამ მხრივ, ერთ სივრცეში ჰაეროვანთან ერთად ბრუტალური ელემენტები ჩნდებიან. ამით კიდევ ერთხელ ვცდილობ იმის ხაზგასმას, რომ ცალსახა ცნებები არ არსებობს. ადამიანებში ყოველთვის მოიძებნება ურთიერთგამომრიცხავი მხარეები, რაც თითოეულ მათგანს საინტერესოს ხდის. ერთ-ერთ ნამუშევარში რკინის საყრდენი მაქვს გამოყენებული, რომელიც ქმნის განწყობას, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გაქვს გამოცლილი და მის გამყარებას თავადვე ცდილობ. მგონია, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ქალებს არა აქვთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება. ამ ნამუშევრებით იმის ჩვენებასაც ვეცადე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყრდენს დამოუკიდებლად იქმნიდე, რადგან საბოლოო ჯამში, ამას შენ გარდა არავინ გააკეთებს. მძიმე და მსუბუქი საგნების სინთეზმა ეს კონდიცია საუკეთესოდ გადმოსცა. 


ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ ვიფიქრე, მსგავსი კონდიციის ჩვენების მცდელობას მხატვრული ლიტერატურაც განაპირობებდა, კერძოდ, მილან კუნდერას ცნობილი ნაწარმოები, რომელშიც სიმსუბუქისა და სიმძიმის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები მთავარი განმსაზღვრელებია…

 

ძალიან მიხარია, ამას რომ ვისმენ, რადგან “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელია. მგონი, თავის დროზე ამ წიგნმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხატვის პროცესში შეიძლება გონებაში კონკრეტული ფრაზა ჩამესმოდეს. მაშინ, როცა ვხატავდი გოგონას ფიგურას, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ იმ მომენტში კუნდერას წიგნზე ვფიქრობდი. ჩემს ნამუშევარში გოგონა ზის სითხესთან, რომელიც ერთმა შესაძლოა წყლად აღიქვას, სხვამ კი მატერიად. გოგონა, რომელიც რაღაც მსუბუქს ებღაუჭება, თავად ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ იგი ბრუტალურად ცდილობს ჩაეჭიდოს იმას, რასაც ხელს ვერასოდეს შეახებს, რადგან რისი მოპოვებაც გოგონას სურს, ჰაერია. ეს ნამუშევარი ამ ნაწარმოებით მიღებული ემოციების ჩემეული ინტერპრეტაციაა.


ვარდისფერი ნამუშევრებში დომინანტი ფერია…

 

ვარდისფერი ამ შემთხვევაში ირონიაა ქალთან ასოცირებულ ფერზე. თითქოს ქალად ყოფნა ვარდისფერ სამყაროში ცხოვრების მსგავსია და მხოლოდ სინაზეს უნდა უკავშირდებოდეს. მსგავს დამოკიდებულებას სხვა მკვეთრი ფერებით ვერ გამოვხატავდი. ამ შემთხვევაში, მართალია, ფერი ირონიის შემცველი ელემენტია, თუმცა ზოგადად, პასტელური ფერები ძალიან მიყვარს და ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ.

 

თქვენი ნამუშევრები მნახველს აფიქრებინებს, რომ ფემინისტურ საკითხებს შემოქმედებითი გზით იკვლევთ. ამ ეტაპზე თქვენი შემოქმედება ერთი საკვლევი კითხვის გარშემო ერთიანდება?

 

ჩემთვის ეს ნამუშევრები ჩემი თვალით დანახულ და აღქმულ მოვლენებზე რეფლექსიაა. საერთოდ, ჩემ გარშემო მომხდარ ნებისმიერ მოვლენას ვფილტრავ, რაც საბოლოოდ შეიძლება სხვადასხვა საკითხს დაუკავშირდეს, მათ შორის ფემინიზმს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავებად არის დაყოფილი და ფემინიზმი ერთ-ერთი თავის სათაურია. ეს საკითხი ნებისმიერი ქალისთვის ძალიან ახლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაში იზრდები, როგორიც საქართველოა. ჩემი შემოქმედება სინთეზურია, არ ეყრდნობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს. ეს პიროვნული მოგზაურობა და პირადი ემოციების გადმოცემის მცდელობაა - თუნდაც ბავშვობის ტრავმისა და იმ მოვლენების, რომლებიც გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. ამ მხრივ, ხატვას ჩემთვის თერაპიული დატვირთვაც ეძლევა, მეხმარება იმაში, რომ შემაწუხებელი ემოციები გავიქარწყლო. ხატვა ჩემთვის ინტიმური პროცესია და მაშინ, როცა ნამუშევრების ნახვის ნებას სხვებსაც ვრთავ, სულ მგონია, ამ დროს თითქოს საკუთარ შიგნეულობას ვამზეურებ. 


კონკრეტული ხელოვანების შთაგონებას განიცდით?

 

ბევრი არტისტის ხედვა მაინტერესებს და მათ ნამუშევრებსაც ხშირად ვათვალიერებ, მაგრამ მუშაობის პროცესში ყოველთვის ვცდილობ, რომ სხვა ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერებისაგან თავი შევიკავო. ვფიქრობ, ამ დროს შეიძლება იმდენად დიდი ზეგავლენის ქვეშ მოვექცე, რომ ჩემი ინდივიდუალური ხელწერა დავკარგო.  

 

სამომავლოდ კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

 

ამ ეტაპზე უკვე მივაღწიე იმ ნიშნულს, რომ სფეროში საკუთარი თავის დანახვა აღარ მაშინებს. უკვე რაღაც იდეები მაქვს და მალე ახალ სერიაზე დავიწყებ მუშაობას. მინდა, რომ ახალ ნამუშევრებს დიდი დრო დავუთმო და წლის ბოლოს გალერეაში გამოვფინო.

ფოტო: სანდრო სულაბერიძე

ავტორი: ანა გაბისიანი