ამერიკელმა მოდის დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის Heaven-ის კამპანიის ფარგლებში საკულტო ფილმის - “ამერიკული სილამაზის” პოსტერი გააცოცხლა. ვარდის ფურცლებით მოფენილი საწოლის ფონზე მსახიობი მენა სუვარი თეთრ ბოდეშია გამოწყობილი, რომელზეც კამპანიის ლოგო - ორთავიანი სათამაშო დათვია გამოსახული, ფეხზე კი მარკ ჯეიკობსის Kiki boot-ები - არტისტ კლეირ ბაროუსთან თანამშრომლობით შექმნილი ფეხსაცმელები აცვია.


ეს ფეხსაცმელები Heaven-ის გაზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი პირველი მოდელია, რომელიც დღეის მონაცემებით სრულიად გაყიდულია. Kiki boot-ების მომდევნო მოდელი აპრილში გამოვა, რომლის პრინტები გააერთიანებს ნაწყვეტებს სოფია კოპოლასა და ზოი კასავეტესის 1994 წლის ტელეშოუდან - Hi Octane. კამპანიის შთაგონება სოფია კოპოლას შემოქმედება 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების დროსაც გამხდარა, როცა სამოსზე გამოსახული იყო კადრები ფილმიდან - “თვითმკვლელი ქალწულები”. Kiki boot-ების მესამე მოდელს ფართო საზოგადოება სეზონის განმავლობაში იხილავს, რომლის პრინტები ელიოტ შილდისა და ალაკე შილინგის შემოქმედებას, ასევე ანიმაციის პოპულარული პერსონაჟის, Gumby-ს სახეს გამოიყენებს. 

 

 

სუვართან ერთად კამპანია Heaven-ის კოლექციის ჩვენებაში სხვა ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ, მათ შორისაა პალომა ელსესერი და ნიკი მინაჯი.

ავტორი: ანა გაბისიანი