რუსეთ-უკრაინის ომში  დაზარალებულთა შორის ადამიანებთან ერთად ცხოველებიც მრავლად არიან, რომელთა დასახმარებლად თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი გრიგორ დევეჯიევი საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. “დიდი ხნის წინ ომმა აფხაზეთში ჩვენი უბნის ძაღლები - “ჩაპა” და “რიჟიკა” შეიწირა. ისინი ვერსად დაემალნენ იმ ბომბებს, რომლებსაც ჩვენ ბუნკერში ვემალებოდით. ისინი ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობრები იყვნენ”, - წერს გრიგორ დევეჯიევი პირად ინსტაგრამ-ანგარიშზე, რომელიც დროებით საქველმოქმედო ონლაინმაღაზიაა.

 

“შემოწირულობები და გაყიდვებით შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის დასახმარებლად. დღეს ამ ომს უკრაინაში უამრავი მსხვერპლი ჰყავს და მათ შორის ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც არიან. ჩვენი დახმარება მათაც სჭირდებათ. დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა და მადლობა ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო აქციაში. გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის პატარა დახმარება ერთ დიდ სიკეთედ გადაიქცევა”, - ვკითხულობთ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ონლაინმაღაზიას გასაყიდად ნივთი შესთავაზოთ, ამასთან შეიძინოთ ნივთი სპეციალურ ფასად, ან დონაციის სახით გადარიცხოთ თანხა. 

 

 

ამ დროისთვის საქველმოქმედო კამპანიის კონტრიბუტორებს შორის არიან: გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, მასუ მწარიაშვილი, KEBURIA, TAMRA, ლადო ფოჩხუა, შოთიკო აფციაური, წიგნების მაღაზია They Said Books, უნისექს სამკაულების ბრენდი RM ATU GELOVANI და სხვ.

 

ავტორი: ანა გაბისიანი