ქალების ხმა კინოში დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რაზეც კინოფესტივალებში ნომინირებული და გამარჯვებული რეჟისორი ქალების მაგალითებიც მეტყველებს. გთავაზობთ 10 გამორჩეულ ფილმს, რომელთა შორის რეჟისორი ქალების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს შეხვდებით.

 

ანიეს ვარდა - კლეო 5-დან 7-მდე (1962)


“ფრანგული ახალი ტალღის ბებიის” სახელით ცნობილი ანიეს ვარდასათვის “კლეო 5-დან 7-მდე” მეორე სრულმეტრაჟიანი სურათია. მთავარი პერსონაჟი კლეო (კორინ მარჩანდი) დაახლოებით 17:00 საათიდან 19:00 საათამდე გამოკვლევის პასუხებს აფორიაქებული ელოდება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ტესტმა კიბოს დიაგნოზი დაადასტუროს. შესაბამისად, ფილმში ეგზისტენციალიზმთან დაკავშირებულ ნარატივებს მრავლად შეხვდებით. “ვარდა კინოს ისტორიაში ფემინისტურ შედევრებს ქმნის”, - ამბობს ფემინისტური ფილმის თეორეტიკოსი ჰილარი ნერონი, ავტორი წიგნისა “ფემინისტური ფილმის თეორია და კლეო 5-დან 7-მდე”. ნერონი იმასაც აღნიშნავს, რომ “კლეო 5-დან 7-მდე” გვაძლევს საშუალებას, ფემინიზმი არა მხოლოდ ქალის, არამედ მთელი საზოგადოების ემანსიპაციად აღვიქვათ. 

 

ანიეს ვარდა - უსახლკარო (1985)

 

 

“ამ ქალზე არაფერი მსმენია, მაგრამ ჩანს, იგი ზღვიდან მოვიდა”, - ამბობს მთხრობელი მონას (სანდრინ ბონერი) შესახებ, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა და ზედმეტი პასუხისმგებლობებისაგან თავისუფალია. ფილმი მონას სიკვდილის სცენის ჩვენებით იწყება და მისი საფრანგეთში ხეტიალის ამსახველი სცენებით გრძელდება. “უსახლკარო” მაყურებლებს მრავალი კითხვის ამარა ტოვებს, მათ შორის, რას ნიშნავს იყო თავისუფალი? სად გადის ზღვარი მარტოობასა და მარტოსულობას შორის? მაშინ, როცა ვირჩევთ ვიყოთ სრულიად თავისუფლები, ვხდებით თუ არა ამავდროულად, სრულიად მარტოსულები?

 

შანტალ აკერმანი - I, You, He, She (1974)


ბელგიელი კინორეჟისორის, შანტალ აკერმანის ფილმი - I, You, He, She ჰომოეროტიზმის ჩვენების მოტივს შეიცავს. LGBT თემაზე შექმნილი ფილმებისათვის დაწესებული ჯილდოს - Teddy Awards-ის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად I, You, He, She ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2016 წელს აჩვენეს.

 

სალი პოტერი - ორლანდო (1992)


ინგლისელი რეჟისორისა და სცენარისტის, სალი პოტერის ფილმი “ორლანდო” ვირჯინია ვულფის ამავე სათაურის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. “ჩემი დავალება იყო მეპოვა გზა, ვყოფილიყავი მართალი წიგნის სულისა და ვირჯინია ვულფის მიზნების წინაშე, ამავდროულად კი ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში არ მოვრიდებოდი შემეცვალა წიგნი, რათა ნამუშევარს კინემატოგრაფიულობა არ დაეკარგა”, - აღნიშნავს რეჟისორი კინოადაპტაციაზე მუშაობის პროცესის შესახებ. ფილმის სიუჟეტი ელიზაბეთ პირველის მმართველობის პერიოდში იწყება და 4 საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ორლანდოს, რომლის როლსაც ტილდა სვინტონი ასრულებს, მთელი ამ დროის განმავლობაში სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ უჩნდება და მაყურებლების თვალწინ კაციდან ქალად გარდაიქმნება.

 

სოფია კოპოლა - თვითმკვლელი ქალწულები (1999)


ჯეფრი იუჯინიდისმა ლისბონების ოჯახის შემზარავი ტრაგედია ამერიკულ საზოგადოებას თავისი სადებიუტო წიგნით - “თვითმკვლელი ქალწულები” 1990-იან წლებში გააცნო. სოფია კოპოლას კინოეკრანიზაცია, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, ხუთი დის - ტერეზას, მერის, ბონის, ლუქსისა და სესილიას სირთულეებით სავსე ცხოვრებას ასახავს. დები ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებენ და როგორც რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს, მან მოგვიანებით გააანალიზა, რომ მსგავსი თემით დაინტერესება თავის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა: “15 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი ძმა უეცრად ნაოსნობის შემთხვევას ემსხვერპლა. ამ მოვლენამ “თვითმკვლელ ქალწულებთან” დამაკავშირა, რომელიც ასევე დანაკარგს ეხება”, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 წლის სოფია კოპოლა ფილმზე მუშაობისას თინეიჯერის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ტრავმას ისევ მძაფრად განიცდიდა. ამერიკელი რეჟისორის ფილმები არაერთხელ ქცეულა თანამედროვე კულტურის შთაგონების წყაროდ. მაგალითად, მოდის დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა Heaven-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია “თვითმკვლელი ქალწულების” პრინტებითაც წარმოადგინა. 

 

მერი ჰერონი - ამერიკელი ფსიქოპათი (2000)


მერი ჰერონის “ამერიკელი ფსიქოპათი” ბრეტ ისტონ ელისის ამავე სათაურის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს, რომელიც სერიული მკვლელის - პატრიკ ბეიტმენის პერსონაჟს განასახიერებს. ფილმის დებიუტი სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

 

გრეტა გერვიგი - Lady Bird (2017)


გრეტა გერვიგი, რომელიც 2018 წელს ჟურნალ Times-ის მიერ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა, მსახიობის კარიერასთან ერთად რეჟისორის როლსაც წარმატებით ითავსებს. მთავარ როლში სირშა რონანის მონაწილეობით Lady Bird გერვიგისათვის ის სადებიუტო ფილმია, რომელზეც თანარეჟისორის გარეშე იმუშავა. ფილმის სიუჟეტი ჩვიდმეტი წლის კრისტინ მაკფერსონის, იგივე Lady Bird-ის გარშემო ვითარდება, რომელიც თავისი მშობლიური ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობს. სირშა რონანმა როლისათვის თმა წითლად შეიღება და აკნეს დასაფარად მაკიაჟს არ იკეთებდა, ამიტომაც მსახიობის სიტყვებით, ფილმში ნაჩვენები თინეიჯერი სახე თინეიჯერის რეალური სახეა. ოსკარის დაჯილდოების 90-ე ცერემონიალზე Lady Bird ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ესენია: საუკეთესო სურათი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო რეჟისორი. აღსანიშნავია, რომ გრეტა გერვიგი არის მე-5 რეჟისორი ქალი, რომელიც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგა. კრიტიკოსებმა Lady Bird 2010-იან წლებში გამოსულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაც დაასახელეს.

 

გრეტა გერვიგი - პატარა ქალები (2019)


“პატარა ქალები” ლუიზა მეი ოლკოტის ამავე სათაურის ნაწარმოების მეშვიდე კინოეკრანიზაციაა, რომლის პრემიერა ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) შედგა. გერვიგის ფილმში არაერთი ცნობილი მსახიობი თამაშობს, მათ შორისაა სირშა რონანი, ემა უოტსონი, ტიმოთი შალამე და ლუი გარელი. “პატარა ქალების” სიუჟეტი მე-19 საუკუნეში ვითარდება და ოთხი დის - ჯოს, მეგის, ემისა და ბეთის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა პროტოტიპები, გავრცელებული ინფორმაციით, თავად მწერალი ლუიზა მეი ოლკოტი და მისი დები არიან. “პატარა ქალები” ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, რომელთაგან ერთში - საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ნომინაციაში - გაიმარჯვა. 

 

სელინ სიამა - Portrait of a Lady on Fire (2019)


Portrait of a Lady on Fire ფრანგული ისტორიული რომანტიკული დრამაა, სადაც მთავარ როლებს ნოემი მერლანტი და ადელ ენელი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება და ერთმანეთზე შეყვარებული ქალების - არისტოკრატისა და მხატვრის ემოციური ამბის შესახებ მოგვითხრობს. 

 

ჯულია დოკარნაუ - ტიტანი (2021)


ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტის, ჯულია დოკარნაუს ფილმი “ტიტანი” კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზის - ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. დოკარნაუ ამ ფილმით კანის ისტორიაში მეორე რეჟისორი ქალი გახდა, რომელმაც ფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. “ტიტანის” მთავარი პერსონაჟი ალექსიაა, რომელიც ბავშვობისას ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ მანქანებთან უჩვეულო კავშირს ამყარებს.

 

ფოტო: Harvardfilmarchive, Amazonaws, Sally Potter, Time, Rolling Stone, Vanity Fair, Exberliner

ავტორი: ანა გაბისიანი