უკრაინის ქალაქებში ისტორიული მონუმენტები ცეცხლგამძლე მასალით, მინაბამბით, სპეციალური კილიტითა და ტომრებით იფუთება, რათა ქვეყნის კულტურული ძეგლები და ისტორიული მემკვიდრეობა შესაძლო განადგურებას გადაურჩეს. უკრაინის კულტურულ დედაქალაქ ლვოვში უკვე დაცულია ის ცნობილი ქანდაკებები, რომლებიც ლათინური კათედრალის ირგვლივ და ბაზრის მოედანზეა აღმართული. მათ შორისაა რომაული ღმერთის - ნეპტუნისა და ბერძენი ქალღმერთის - ამფიტრიტეს ქანდაკებები, რომლებიც კლასიკური ღვთაებების - დიანასა და ადონისის ფიგურებთან ერთად 200 წლის წინ შეიქმნა. ოდესაში Duke de Richelieu-ს მონუმენტი ქვიშის ტომრებითაა დაფარული.

 

 

“ამ მონუმენტებს, რომლებიც მსოფლიოს უნივერსალურ კულტურას წარმოაჩენს, UNESCO მფარველობს”, - ამბობს ინტერვიუში ანასტასია ლენოვა, უკრაინული გამომცემლობა IST Publishing-ის დამფუძნებელი, რომელიც გამოსცემს წიგნებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის შესახებ, - “ლვოვის ქანდაკებები მრავალ საუკუნესა და მოვლენას გადაურჩა და დასანანი იქნება ისინი დღეს დავკარგოთ. ახლა უკრაინის ბევრი ქალაქი დანგრეულია და მათ ვეღარასოდეს ვიცნობთ, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ჩვენ შეგვეძლება, რომ აღვადგინოთ ქალაქის ნაცნობი იერსახე. ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინის კულტურული საზოგადოების მისია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე მუზეუმის ხელოვნების კოლექციების დაცვა და შენარჩუნებაა”.

 

 

 

ფოტო: cnn, domusweb, wtop

ავტორი: ანა გაბისიანი