ავსტრალიურმა დიზაინის სტუდია Heliograf-მა თევზის ფორმის მცირე ზომის სანათები - Light Soy გამოუშვა. სანათის ორიგინალური დიზაინი იაპონური სოიის სოუსის შეფუთვას იმეორებს და ოკეანეზე ერთჯერადი პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.Light Soy-ის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Heliograf-ის დამფუძნებლები - ჯეფრი სიმპსონი და ანგუს უერი მიხვდნენ, რომ სუშის ჭამის დროს უამრავ ერთჯერად სოიის სოუსის პაკეტს იყენებდნენ. სხვა ერთჯერადი პლასტმასის ნივთების მსგავსად, სოიის თევზის ფორმის შეფუთვა მისი გამოყენების შემდეგ რთულად გადამუშავდება. მათი უმეტესობა ნაგავსაყრელებზე ან ოკეანეში ხვდება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ბუნებრივ გარემოს. სოიის სოუსის ცნობილ კონტეინერებზე მოდელირებული სანათებით დიზაინერები ცდილობენ, ხაზი გაუსვან ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების საკითხს და მის გავლენას გარემოზე.
"ყოველდღიური ნივთების დიზაინის ცვლილებით, გვსურს ვაჩვენოთ, რომ დეტალები მნიშვნელოვანია", - ამბობს უერი.
"სოიის სანათის" დასამზადებლად დიზაინერებმა გამძლე და გადამუშავებული მასალები გამოიყენეს, მათ შორის - ორმაგი მინა და ფხვნილით დაფარული ალუმინი, რომელიც ნივთზე გლუვ ეფექტს ქმნის. საბოლოო დიზაინის შემუშავებას სამი წელი დასჭირდა. აქედან ორი წელი დიზაინერები შუშის ტექნიკის სრულყოფასა და სწორი ზედაპირის მიღწევაზე მუშაობდნენ.
Light Soy Heliograf-ის დიზაინის კოლექციაში პატარა ყოველდღიური საგნებით შთაგონებული პირველი სერიაა.
ფოტო: Dezeen
ავტორი:მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი