კაცობრიობამ დიდი ხანია დაიწყო პლანეტის რესურსების ამოწურვის პრობლემაზე ფიქრი. ნივთების მასობრივი წარმოება და მოხმარება თანდათან იცვლება, რის შედეგადაც ნარჩენების მოცულობა გაიზარდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში 2-4 გრადუსით მოიმატა არქტიკის ოკეანის ტემპერატურამაც. ყინული სწრაფად დნება, რაც ბევრ სანაპირო ქალაქს დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს და ამასთანავე ანადგურებს საზღვაო ეკოსისტემასაც. გავრცელებული ფრაზა, რომ 2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმი, სულაც არაა უსაფუძვლო: მაგალითად, 2014 წელს მსოფლიოში 311 მილიონი ტონა პლასტმასიწარმოეს, ამგვარი ტემპით კი მისი რაოდენობა 30 წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ გაიზრდება


სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი მოდის ინდუსტრიაცაა. 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებულისწრაფი მოდისმზარდმა ტენდენციამ მთელი ინდუსტრია შეცვალა, რის შედეგადაც ეს სფერო გარემოზე დამანგრეველი ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა

დღეს ჩვენი ქცევა შეიცვალა - ვყიდულობთ და მოვიხმართ განსხვავებულად, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ სად და როგორ მზადდება ტანსაცმელი, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. დიზაინერები ამზადებენ კოლექციებს გადამუშავებული ან მეორეული მასალებისგან, ხოლო დიდი ბრენდები აგროვებენ და ამუშავებენ ძველ ტანსაცმელს. გვეჩვენება, რომ დღეს, თუნდაც მცირე ნაბიჯების გადადგმა  მდგრადი განვითარებისკენ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აყალიბებენ რეალობას, რომელშიც ხვალ ვიცხოვრებთ. აქტიურად გამოჩნდნენ Resale პლატფორმები, რომლებიც ხელს უწყობს მოთხოვნის შემცირებას ახალი ნივთების წარმოებაზე, დამატებითი რესურსების საჭიროებასა და, შედეგად, უარყოფით გავლენას პლანეტაზე.

 

მდგრადი მოდის განვითარების საკითხს საქართველოში აქტიურად ეხმიანება ონლაინპლატფორმა - Phubber. აპლიკაცია საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს იყიდოს და გაყიდოს ტანსაცმელი და აქსესუარები - მისცეს მათ მეორე სიცოცხლე, რაც ტანისამოსის ჭარბი წარმოების შეჩერების მცდელობაა. პლატფორმა საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს და სხვადასხვა პროექტითა თუ აქტივობებით ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად. გასულ წელს კომპანიამ  წარმატებული პროექტი - "მწვანე საუბრები" განახორციელა. ბრენდის მდგრადი მოდის წარმომადგენელი - თაკო ნაცვლიშვილი და ბრუნვადი მოდის აქტივისტები გარემოს დამაზიანებელ ფაქტორებზე და ნარჩენების მართვაზე საუბრობდნენ. Phubber-ისა და თაკო ნაცვლიშვილის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი პოლიეთილენის პარკების მრავალჯერადი ჩანთებით ჩანაცვლებასაც გულისხმობდა, რამაც ხელი შეუწყო ეკომეგობრული მასალების პოპულარიზაციას.



 

საქართველოში სხვა კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ ნარჩენების პრობლემის მოგვარებას და გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის წლიური მუნიციპალური ნარჩენი დაახლოებით 973000 ტონას შეადგენს. ნივთები, რომლებიც არ გამოიყენება და ნარჩენების სახით გვხვდება, შეიძლება კვლავ სასარგებლო გახდეს გადამუშავების შემდეგ. ეს იდეა იქცა მთავარ მამოძრავებლად ქართული კომპანია - Plastic Watcher-სთვის. Plastic Watcher ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ორგანიზაციებიდან სარეკლამო ბანერების შეგროვებით და შემდგომ მათი სამკერვალო მასალად გამოყენებით ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სხვადასხვა დეკორაციულ ობიექტებს ქმნის. ამით ბრენდი მომხმარებელს  ნარჩენების სწორად გამოყენების ერთ-ერთ ალტერნატივას სთავაზობს..

 

მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ნარჩენების არარსებობა ეკოლოგიურ საფრთხეს თავიდან აგვაცილებს. იდეოლოგია სახელწოდებით - Zero Waste დღესდღეობით სწორედ მოხმარების შეგნებულად შემცირებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მინიმიზაციას, ნედლეულის დახარისხებასა და გადამუშავებას ისახავს მიზნად. ეს მიდგომა გულისხმობს ხუთ 5R-ის პრინციპს - Refuse - უარი, Reduce - შემცირება, Reuse - თავიდან გამოყენება, Recycle - გადამუშავება, Rot - რეკომპოსტირება. კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის -  პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების ნივთების ნაცვლად ქართული კომპანია - Zero Effect ადამიანებს ნულოვანი ნარჩენების ცხოვრების წესზე გადასვლაში ეხმარება.



 

Zero Effect-ის სივრცეში მომხმარებელს ეკომეგობრული პროდუქციის შეძენა შეუძლია - მრავალჯერადი გამოყენების ჰიგიენური საშუალებები, სამზარეულოს ხელსაწყოები, თავის მოვლის ნაკრებები... ბრენდის მრავალფეროვან პროდუქციას შორის ბამბუკის ნივთებსაც შეხვდებით. ბამბუკი გარემოზე მინიმალური ზიანის გამო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მასალად ითვლება მრავალჯერადი ნივთების წარმოებისას. Zero Effect-ის სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნარჩენების მიტანა და სპეციალურ კონტეინერში მისი მოთავსება მათი შემდგომი გადამუშავებისთვის.

 

ქაღალდი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადამუშავებადი მასალაა. ერთი ქაღალდი  გადამუშავების ციკლში 6-ჯერ მონაწილეობს, შესაბამისად, ამ მასალით სხვადასხვა ნივთის დამზადება გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვან მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველო ქაღალდის გადამუშავების პროცესში ტექნოლოგიური თვალსაზრისით აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს ჩამორჩება, თუმცა უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება მაკულატურისგან ახალი ნივთების დამზადებით.
ამ მხრივ უნდა აღვნიშნოთ ქართული ბრენდი - Azurite, რომელიც მომხმარებელს გადამუშავებული ქაღალდისგან ინტერიერის დეკორაციულ ობიექტებს სთავაზობს. ფერადი სარკეები, სანათები, ფარდები და სასანთლეები ის ნივთებია, რომელთა დამზადებისთვის კომპანიის დამფუძნებელი ეკომეგობრულ ტექნიკას იყენებს. Azurite-ის ნივთები ნათელი მაგალითია იმისა, რომ გადამუშავებადი მასალისგან შექმნილი ობიექტებიც შეიძლება გამოიყურებოდეს ვიზუალურად საინტერესოდ.

 

გარემოსდაცვითი ცნობიერება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვინაიდან ადამიანები პასუხისმგებელი არიან გარემოს ზიანისგან დაცვაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საგანმანათლებლო ორგანიზაცია -  Parki Ar Minda 2019 წლიდან საქართველოში საზოგადოების ეკომეგობრული ცხოვრების შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად. საჯარო ლექციები, საზოგადოებისთვის საგანმანათლებლო შინაარსის კონტენტის გაზიარება და დასუფთავების აქციები ის აქტივობებია, რომლებიც მდგრადი და მწვანე ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.თუმცა კომპანიის საქმიანობა აქ არ მთავრდება - სერვისი - ეკო-ტაქსი ეხმარება ადამიანებს ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავების პროცესში. საბოლოო ჯამში, ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ადამიანია - როგორც მომხმარებელი და როგორც კომპანიის ხელშემწყობი პირი. გონივრული მოხმარება და წარმოება შეამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთლიანად პლანეტისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის.

ავტორი: მარიამ ქორიძე