ლონდონელი ფოტოგრაფი ანგას ლედლი ბრაუნი, რომელიც საქართველოს პირველად რამდენიმე წლის წინ ეწვია, დღეს აქ ცხოვრობს და მუშაობს. ანგასის მრავალწლიანი პრაქტიკა თვალნათლივ აჩვენებს, რომ მისი შემოქმედებითი ინტერესები ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და კომერციულთან ერთად შთამბეჭდავ ექსპერიმენტულ ნიმუშებს აერთიანებს.
როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ფოტოგრაფის ცხოვრება?
ფოტოგრაფია უნივერსიტეტში არასოდეს მისწავლია, განათლება სრულიად განსხვავებულ სფეროში მივიღე. უბრალოდ, სტუდენტობის პერიოდში მქონდა კამერა და შემეძლო უნივერსიტეტის გასამჟღავნებელი ოთახით მესარგებლა. შესაძლებლობამ, სურათები საკუთარი ხელით დამებეჭდა და მთელ ამ პროცესში სრულიად ჩავრთულიყავი, ფოტოგრაფიაზე თითქოს მიჯაჭვულიც გამხადა. ჩემი, როგორც ფოტოგრაფის კარიერა არქიტექტურის ფოტოგრაფიით დაიწყო, თუმცა პირველი და განსაკუთრებული სიყვარული სოციალური დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართ გამიჩნდა. შთაგონებული ვიყავი ფოტოსააგენტო “მაგნუმის” წევრი ფოტოგრაფებით, მინდოდა მემოგზაურა და კამერით სხვადასხვა ქვეყნის სოციალური გარემო აღმებეჭდა. ლონდონში ცხოვრებისას ინტენსიურად ვიღებდი დემონსტრაციებს, პოლიტიკურ შეხვედრებს, მაშინ მედიასთანაც ვთანამშრომლობდი და ბოლოს მოვლენები ისე განვითარდა, რომ ხშირად ფილმების პრემიერებისა და ცნობილი სახეების გადაღებაც მიწევდა, რაც სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ინტერესებს აღარ შეესაბამებოდა, ამიტომაც შემოსავლის სხვა წყაროს ძიება დავიწყე. ფოტოგრაფის მთავარი პრობლემაც ხომ ისაა, რომ გამუდმებით გიწევს ფიქრი - როგორ მიიღო შემოსავალი და როგორ გადარჩე. ნამდვილად გამიმართლა არქიტექტურის ფოტოგრაფიაში რომ აღმოვჩნდი, თუმცა პარალელურად ვცდილობდი შემოქმედებითი მუხტიც არ დამეკარგა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კომერციული მიზნებით თანამშრომლობა საქმეს რუტინულს, კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულს ხდის და შენც ამ რიტმს მიჰყვები. შესაბამისად, ჩემი ინტერესების შესანარჩუნებლად იმავდროულად პერსონალურ პროექტებზეც აქტიურად ვმუშაობდი, რომლებიც სხვადასხვა მედიუმს მოიცავდა
საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?
საქართველოში ჩამოსვლამდე ამ ქვეყნის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. აქ 2013 წლის ზაფხულში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად ჩამოვედი და ამ ქვეყნით იმდენად მოვიხიბლეთ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ისევ ვეწვიეთ. მაშინ ვიფიქრეთ, რატომ უნდა წავსულიყავით ისევ ლონდონში, როცა შეგვეძლო ცხოვრება აქ გაგვეგრძელებინა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა რთული იყო, მაგრამ ნამდვილად ღირდა. საქართველოში შემოქმედებითი ენერგია მოჭარბებულად ვიგრძენი.
საკუთარ თავს არქიტექტურის ფოტოგრაფად მოიხსენიებთ?
ჩემს ვებსაიტზე, რომელიც ძირითადად არქიტექტურის ამსახველ ფოტოებს აერთიანებს, დამკვეთებისათვის მივუთითე, რომ ფირის არქიტექტურის ფოტოგრაფი ვარ. საერთოდ, საკუთარ თავს უბრალოდ ფოტოგრაფად მოვიხსენიებ და ამ სფეროს კონკრეტული ასპექტებით ვარ დაინტერესებული. არქიტექტურის ფოტოგრაფია არის მიმართულება, რომელიც მიყვარს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩემი შემოქმედება კონკრეტულად არქიტექტურას მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ შენობების პორტრეტების ჩვენებით ვარ დაინტერესებული, რაც რაღაც მხრივ, სოციალური კვლევაა იმის შესახებ, თუ რა ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან ადამიანები და არქიტექტურა - როგორ იყენებს და ცვლის საზოგადოება შენობების იერსახეს. ამიტომაც არ იქნება სწორი გადაჭრით ითქვას, რომ ჩემი კამერა მხოლოდ ობიექტებს აღბეჭდავს, რადგან კამერა პირველ რიგში კვლევის პროცესს ასახავს, რათა გარემოს შესახებ ფუნდამენტური ინფორმაცია წარმოჩინდეს.
საქართველოში არაერთი პროექტი გაქვთ განხორციელებული, მათ შორის კომპანია MUA-ს დაკვეთით იმუშავეთ პროექტზე - “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა”, რომლის ფარგლებში პირვანდელფუნქციადაკარგული ინდუსტრიული შენობები აღბეჭდეთ…
როდესაც MUA-ს წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, მათ კონკრეტული კონცეფცია შემუშავებული არ ჰქონდათ. შევთავაზე, უმჯობესი იქნებოდა შავ-თეთრი ფოტოები გადაგვეღო, რადგან პროექტი სრულიად განსხვავებული ტიპის ინდუსტრიულ შენობებს აერთიანებდა და თუ ამ შენობებს ერთ საერთო ფორმატს მოვარგებდი - ფერადოვნების გაქრობით, ტექსტურის, განათებისა და შუქჩრდილების ინტენსივობის შემცირებით, მათი ერთი კონცეფციის გარშემო გაერთიანებაც მარტივად მოხერხდებოდა. გადაღების პროცესში ბევრი ისეთი მცირე დეტალი აღმოვაჩინე, რომლებმაც შენობებს იერსახე დროთა განმავლობაში საგრძნობლად შეუცვალა, ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ტერიტორიის ირგვლივ საქმიანობდნენ და შენობებს თავისებურ ხასიათს აძლევდნენ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და დამეხმარა გადმომეცა იმ სურათის ნარატივი, რომელიც ახალი აქტივობებით დაპყრობილ შენობებზე ისაუბრებდა. ზოგი შენობა, რომელიც გადავიღე, ძალიან მალე განადგურდა და ამ მხრივ, შენობების დაფიქსირება ისტორიული კუთხითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თბილისი ძალიან სწრაფად იცვლება, იმაზე სწრაფად, ვიდრე დასავლეთის ნებისმიერი ქალაქი. მართალია, მსგავსი ცვლილებები ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი და შემაწუხებელია, მაგრამ ამასთან ძალიან შთამბეჭდავიცაა - როგორც სტუმარს, ეს ცვლილებები თითქოს ქალაქის ენერგიას გაგრძნობინებს.
თქვენ რომელ ინდუსტრიულ შენობას გამოარჩევდით?
რთულია პასუხი გაგცეთ, რადგან ძალიან ბევრ შენობას სხვადასხვა მნიშვნელობით გამოვარჩევდი. მათი ნაწილი ჰგავდა იზოლატორებს, რომლებშიც არანაირი სახის აქტივობა არ იმართებოდა და იმ ცარიელ სივრცეებს, რომლებიც რაღაცას ელოდებოდნენ. ამ შენობების წინ დგომა სევდის მომგვრელი იყო - არავინ აქცევდა ყურადღებას და მათი განადგურებაც მხოლოდ დროის საკითხი იყო. საინტერესო აღმოჩნდა იმ შენობების ნაწილიც, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა მიზნით აითვისეს - ამ შენობებს ზოგი სახლად იყენებდა, ზოგი - მაღაზიად, ზოგიც - სათავსოდ. ამის კარგი მაგალითი ძმრის ქარხანაა - ძალიან საინტერესო და ლამაზი შენობა, რომლის ნაწილი დღეს პრივატიზებულია.
საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ადრეული პროექტი “ქუჩის პორტრეტების” სახელითაა ცნობილი. ბათუმის პარკში რიგით გამვლელებს არჩევდით და დიდი ფორმატის კამერით გადასაღებად იქვე იწვევდით. იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის სრულიად უცხო იყავით, რთული იყო ამ ადამიანების დაყოლიების პროცესი?
ჩემი აზრით, ამ ადამიანებს დიდი ფორმატის კამერა ნაკლებად აშინებდათ, უფრო ინტერესს გამოხატავდნენ გამორჩეული ნივთის მიმართ. ეს კამერა სპეციფიკურია - საკმაოდ მძიმეა, ამასთან ძვირიც, არ გაძლევს შესაძლებლობას ბევრი კადრი აღბეჭდო, თითო ადამიანს ერთ ან ორ ფოტოს თუ გადაუღებ და რადგანაც გადაღების პროცესი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება, იმ ადამიანის მოთმენის უნარსაც მოითხოვს, რომელსაც იმ მომენტში იღებ. მაშინ, როცა რიგით შემხვედრს აჩერებ და გადაღებას სთხოვ, ერთი წუთი ყველაზე ოპტიმალური დროა იფიქრო, რომ იგი პროცესში ბოლომდე გამოგყვება. ვფიქრობ, ადამიანების 90% ბედნიერია, როცა გადაღებას სთხოვენ. ერთხელ, ბათუმში ჩემთვის სრულიად უცნობი ახლად შეუღლებული წყვილი გადავიღე. ვიფიქრე, მათი სახით ჩემს სერიას საინტერესო კადრი შეემატებოდა. მახსოვს, სანამ ცოლ-ქმარს ვთხოვდი გადაღებას, იქამდე მათ პირად ფოტოგრაფს შევუთანხმდი, მისგან ვითხოვე ნებართვა, რომ წყვილი გადამეღო, რაზეც უყოყმანოდ დამთანხმდა.
ცოტა ხნის წინ ახსენეთ, რომ არქიტექტურის გადაღებისას შენობის პორტრეტის ჩვენებაზე ორიენტირდებით, თუმცა ამასთან ადამიანების ამსახველ პორტრეტებზეც მუშაობთ. პლატფორმა “პროპაგანდასთან” თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი ხელოვანების პორტრეტები გადაიღეთ…
ამ პროექტის ფოტოებს 8x10 ფორმატის ფირის კამერით ვიღებდი. გადაღების კონცეფცია ძალიან მარტივი იყო - სტუდიაში მოწვეული არტისტების კამერის წინ პოზირება და მათი სახის დოკუმენტაცია. ყველანი ერთნაირად, მსგავს განათებასა და სივრცეში გადავიღე. მინდოდა, რომ თითოეული მათგანი კამერის წინ გახსნილი და გულახდილი ყოფილიყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოში ბრწყინვალე არტისტები და შემოქმედებითი ადამიანები ცხოვრობენ. ამ პროექტზე მუშაობას დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი და სხვა არტისტებსაც გადავიღებდი.
ძირითადად რომელ კამერებს იყენებთ?
არქიტექტურის გადასაღებად სპეციალურ შვეიცარიულ კამერა - Sinar-ს ვიყენებ, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არქიტექტურის აღსაბეჭდად საუკეთესო კამერაა. ასევე ვიღებ მედიუმ-ფორმატის კამერით, ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვიყენებ 35მმ-იან კამერას, თანაც ამ ეტაპზე მეტწილად არქიტექტურის ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. მაქვს ექსპერიმენტული კამერებიც.
ექსპერიმენტულ კამერაზე გამახსენდა, თქვენი პროექტები ძალიან საინტერესო სინქრობალისტიკურ ფოტოსერიებსაც მოიცავს. მაგალითად, 2000-იან წლებში გადაიღეთ მყვინთავები როტერდამში, ასევე სკეიტბორდერები ლონდონში. რა არის ამ ტიპის გამოსახულებების მიღების მთავარი პირობა?
გადაღების პროცესი ძალიან მარტივია. ამ პროექტებისათვის სპეციალურად ადაპტირებული ფირის პანორამული კამერა გამოვიყენე, რომელშიც შუქი ძალიან ვიწრო ჭრილიდან აღწევს. ყოველი ექსპოზიციისას კამერა ერთ ადგილასაა გაქვავებული, რომელშიც ფირი შეუჩერებლად, ვიწრო ჭრილის გასწვრივ მოძრაობს და შედეგად გამოსახულების სახით ხედავ არა დროში გაჩერებულ მომენტს, არამედ კონკრეტულ სეკვენციას, დროის გარკვეულ პერიოდს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ფირი კამერაში უწყვეტად მოძრაობს, კამერის წინ არსებული გარემო იდღაბნება. მაგალითად, სკეიტბორდერების სერიაში უკანა პლანი ადამიანის თვალით დანახულ გარემოდ კი არა, ფერად პარალელურ ხაზებად იკითხება, ხოლო მაშინ, როცა კადრში სკეიტბორდერის სახით მოძრავი სუბიექტი ჩნდება, იგი ამავდროულად, მოძრავ ფირთან ერთადაც მოძრაობს და მისი გამოსახულება შედარებით მკვეთრი ხდება. ეს ტექნიკა სკანერის აპარატის მსგავსად მუშაობს. მაშინ, როცა პირობითად, წერილის ასლს აკეთებ, სკანერის აპარატში შუქი მის გასწვრივ მოძრაობს და თუ ფურცელს სკანირებისას აამოძრავებ, საერთო გამოსახულებაც თავდაპირველ ფორმას დაკარგავს. ამ სერიის ფოტოები დამუშავებული საერთოდ არ არის, ჩანს მხოლოდ ის, რასაც კამერა აღიქვამს. ეს ფოტოები მსოფლიოში ბევრმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა, ისეთებმა, როგორებიცაა The Face, Wired, Adrenalin, 125, Red Bulletin და Intersection. ასევე სარეკლამო კამპანიისთვის გამოიყენეს ბრენდებმა - Sony Playstation-მა, Braun-მა და Carhartt-მა. ამ ტექნიკით ექსპერიმენტებს თავიდან მოდის ფოტოგრაფიაში ვატარებდი, თუმცა ეს პროექტი ყველაზე კარგად მყვინთავებისა და სკეიტბორდერების სერიას მოერგო.
ამბობთ, რომ სინქრობალისტიკური ფოტოების ექსპერიმენტები მოდის ფოტოგრაფიაში დაიწყეთ. რატომ აღარ დაგაკმაყოფილათ ამ სფერომ?
ფოტოები ძალიან სიურრეალისტური გამოდიოდა, რაც ჩემს ხედვებს არ ერგებოდა, ამიტომ ამ კამერით გადაღებული მოდის ფოტოებით ნამდვილად არ ვამაყობ. დაახლოებით 20 წლის წინ, ლონდონში, მოდის დიზაინერ რობერტ ქერი-უილიამსის ჩვენება გადავიღე, რომელშიც ქეით მოსი და ნაომი კემპბელი მონაწილეობდნენ. დიზაინერი ამ ფოტოებით გაოგნებული დარჩა, მაგრამ მაშინ ჩავთვალე, რომ ეს კამერა მოდის ინდუსტრიაში არ გამომადგებოდა და ამ ექსპერიმენტის შედეგით, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დავრჩი. ეს კამერა პირველ რიგში შუქის ძლიერ ნაკადს მოითხოვს, ჩვენებებზე კი სიბნელეა. ამ შოუს გადაღებისას ვცდილობდი ყველაზე ნათელი ადგილი მომეძებნა.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში ფირის ფოტოგრაფიას ანიჭებთ უპირატესობას. მგონი, ციფრულ კამერას დიდად არც იყენებთ, არა?
როგორ არა, მე მაქვს მობილური ტელეფონი, რომლითაც ყოველთვის ვიღებ. ერთხელ ცნობილ ფრანგ ფოტოგრაფს, ანრი კარტიე-ბრესონს კამერის შესაძენად რეკომენდაციისათვის მიმართეს, რაზეც ბრესონმა უპასუხა, ისაა საუკეთესო კამერა, რომელსაც თან ატარებო. ამ მხრივ, მობილური საუკეთესო კამერაა, სულ შენთანაა და მისი გამოყენებაც კომფორტულია. მიზეზი, თუ რატომაც ვანიჭებ ფირს უპირატესობას ისაა, რომ განსაკუთრებით დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ფირი არტეფაქტია. ფიზიკური მასალაა, რომელიც ჩვენ თვალწინ არსებობს. ციფრული ფოტოგრაფია აბსტრაქტულია, შეუძლებელია შეეხო - მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში არსებობს. 25 წლის წინაც, როდესაც დამკვეთებისათვის ვიღებდი, ისინი ჩემგან სრულყოფილ ფოტოებს მოითხოვდნენ. მათ არასოდეს ჰქონიათ პრეტენზია, რომ პროცესში გარკვეულიყვნენ, ყოველთვის მიღებული შედეგის ნახვაზე იყვნენ მოწადინებულები. დღესაც კი, ფირს იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ ჩემთვის პროცესია მთავარი. გამოსახულებაც სწორედ იმ დიდი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კამერისა და ფოტოგრაფის კოლაბორაციას უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში ვიყავი, სადაც მედიუმ-ფორმატის კამერით სერიულ ფოტოებს ვიღებდი. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, კამერაში ფირი “ჩახვეული” ყოფილა. როდესაც მიღებული ფოტოები ვნახე, მათზე გამოისახა ჩემი თითის ანაბეჭდები, ნაკაწრები, დანაწევრებული შენობები, ფოკუს მიღმა დარჩენილი გამოსახულებები… ეს ფირის ფოტოგრაფიის მორიგი, ფიზიკური შრეა, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო მხარეა. ფირი ხელშესახები მასალაა, რომლის სრული კონტროლი შეუძლებელია. მაგალითად, შეიძლება მასში შუქი უცნაურად შეიჭრას და როგორც ფოტოგრაფი, ამ ექსპერიმენტებში ძალაუნებურად ერთვები.
სამომავლო გეგმები…
ახლა ისევ “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის” პროექტზე ვმუშაობ. ასევე მინდა საქართველოში ვიმოგზაურო და დოკუმენტური ფოტომასალა მოვამზადო. როგორც გითხარით, პორტრეტების სერიაზეც მინდა მუშაობის გაგრძელება. კონკრეტულ გეგმებზე მეტს ვეღარ ვისაუბრებ… ამ დინამიკურ დროსა და ასეთ ცვალებად გარემოებებში ჩემი ნებისმიერი გეგმა შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი