სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში დაბადებული არტისტი კირსტენ ბიტსი ადამიანსა და გარემოს შორის კავშირს იკვლევს. ზეთის საღებავებით შესრულებულ სურათებზე ხელოვანი ქმნის ადამიანების, ადგილებისა და საგნების თითქოს წარმოსახვით, სიზმრისეულ, თუმცა ძალიან დეტალურ და მკაფიო სცენებს.
ნამუშევრები გვიჩვენებს ხელოვანის მცდელობას, დააკვირდეს და შეისწავლოს ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის. იქმნება ადგილი, სადაც რეალურსა და წარმოსახვითს შორის მყიფე საზღვარია გავლებული. ცხელი და ფერადი კეიპტაუნის მწვანე გარეუბნები და გეომეტრიული საცურაო აუზები ხელოვანს ილუზორულ სივრცეებად აქვს წარმოდგენილი, რომლებსაც ერთი შეხედვით ბუნებრივი გარემოს ნაწილად აღვიქვამთ, სინამდვილეში კი მთლიანად ადამიანის მიერაა აშენებული. ადამიანების ფიგურებს კირსტენის ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა არ დომინირებს.
ნაცნობი ფიგურებისა და ობიექტების გზები ხშირად იკვეთება მის ნამუშევრებში და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ახალ სცენაზე მუშაობისას ისინი კვლავ იპყრობენ მის ფანტაზიას, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთისთვის მაინც უცხონი არიან.
ბიტსის ნამუშევრები თამაშია ილუზიასთან. მისი გულმოდგინედ გააზრებული კომპოზიციები მოგვითხრობს ფაქიზ ისტორიებს ნაცნობსა და იდუმალზე, დღესასწაულსა და დანაკარგზე, დროის უძრაობასა და მარადიულობაზე.
ფოტო: Kirsten Beets
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი