ჩრდილოეთ კორეის მკაცრმა პოლიტიკურმა რეჟიმმა გარე სამყაროსგან იზოლაციასთან ერთად ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მრავალი მითი და ვარაუდი წარმოშვა. სხვა მანამდე არსებული ტოტალიტარული სახელმწიფოების მსგავსად, ამ სახელმწიფოს მეთაურებიც ცდილობენ თავიანთი სოციალისტური ხედვები არა მხოლოდ სამხედრო ძალაში და კანონებში, ყოველდღიურ კულტურულ ცხოვრებაშიც - მათ შორის არქიტექტურაშიც გამოხატონ. საინტერესოა, რომ მიუხედავად რეჟიმისა, ჩრდილოეთ კორეის არქიტექტურა თავისი ფერებითა და ფორმებით განსხვავდება სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების არქიტექტურისაგან, რომელიც როგორც წესი, ნაცრისფერი შენობებითა და ბეტონის ფასადებით ხასიათდებიან. ეს განსხვავება ლონდონელმა ფოტოგრაფმა - ოლივერ უენრაიტმა 2018 წელს გამოშვებულ წიგნში - Inside North Korea დაგვანახა. 

 

 

სიმეტრიული და მოწესრიგებული არქიტექტურული ესთეტიკით ქვეყანა ცდილობს მნახველს უნიკალური სანახაობა შესთავაზოს. მკაცრი სიმეტრია არ არის ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას გაგაოცოთ. ფერების სპექტრია ის, რასაც ტოტალიტარული სახელმწიფოს სინამდვილეში ყველაზე ნაკლებად ველით. კორეის დედაქალაქი ფხენიანი მნახველის წინაშე პასტელური პანორამასავით იშლება. ექსტერიერში ჭარბობს პასტელური მწვანე და იისფერი, ტერაკოტისფერი ფასადები სპირალური ლურჯი აივნებითაა გაფორმებული. პასტელური პალიტრა ინტერიერშიც გრძელდება და ცისფერი, სალათისფერი და ატმისფერი სიურრეალისტური ინტერიერები მოწესრიგებული მინიმალიზმით უეს ანდერსონის ფილმის გადასაღებ მოედანსაც კი მოგვაგონებს. ზღაპრული გარემოდან სოციალისტურ რეალობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერები გვაბრუნებენ, როცა კედლებზე კიმ ჩენ ინისა და კიმ ირ სენის უზარმაზარ პორტრეტებს ვაწყდებით. 

 

 

ოლივერ უენრაიტის მიერ წიგნში თავმოყრილი სურათები მნახველს საშუალებას აძლევს მსგავს გარემოში ცხოვრების შესახებ საკუთარი ნარატივი შექმნას. თუმცა კეთილმოწყობილი ფლუორესცენტული ფერის საჯარო სივრცეები, მდიდრული ჭაღებით გაფორმებული სადგურები და ფერადი გარემო, რასაც ავტორი kindergarten kitsch-ს უწოდებს, ცხადია, უკვე უყალიბებს გარკვეულ წარმოდგენას მნახველს და ქვეყანას სოციალისტურ ზღაპრულ სამყაროდ აქცევს.


ფოტო: Oliver Wainwright

ავტორი: მარიამ ქორიძე