ბრიტანელი ვიზუალური არტისტის, დევიდ შრიგლის შემოქმედება მხატვრობის, ფოტოგრაფიის, ანიმაციისა და სკულპტურებზე მუშაობის ჩათვლით, არაერთ განსხვავებულ მედიუმს აერთიანებს და ნამუშევრებში ხშირად კომბინირებული ნარატივებით სამყაროში გარკვეულ შეტყობინებებს აგზავნის. აღსანიშნავია, რომ დევიდ შრიგლის 2020 წელს გამოქვეყნებული ნამუშევრის ტექსტური ნაწილის მიხედვით, ერთ დღესაც ზღვა ადიდდება და ჩვენ ყველანი მასში მოვყვებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრის სიუჟეტის დრამატურგია ბრიტანელი ხელოვანის მიერ რამდენიმე დღის წინ გაზიარებულ ნამუშევარშიც ვითარდება, რომლის კონცეფცია მომდევნო გიგანტური ტალღის მოახლოებაზე საუბრობს. ამიტომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ - Another Giant Wave. Come to Destroy Everything Again შრიგლის აქტუალურ ქარაგმულ სიტყვებადაც შეიძლება ჩავთვალოთ. როგორც არტისტი რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში აცხადებს, მისი შემოქმედების ნაწილი თვითაღწერადია - “რადგანაც ჩემი ნამუშევრები გამოსახულებასა და ტექსტს აერთიანებს, მათი ახსნა აღარ სჭირდება”.
დევიდ შრიგლი, რომელმაც გლაზგოს ხელოვნების სკოლა დაამთავრა, ხელოვანის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით ამ ხედვას აყალიბებს: “ვისწავლე, რომ ნამუშევარს სხვა ადამიანებისათვის ვერ შექმნი, რადგან თუ მართლა სხვებისთვის იმუშავებ, შეიძლება ნამუშევარი არც მათ მოეწონოთ და თავადაც უკმაყოფილო დარჩე. ამიტომაც, სულ მცირე, თუ საკუთარი თავისათვის შეძლებ მუშაობას, ბედნიერი ერთი ადამიანი მაინც დარჩება”.
დევიდ შრიგლის მხატვრობა მარტივი ფორმებით, ამასთან ღიმილის მომგვრელი, შავი იუმორისა და ირონიის შემცველი სიუჟეტებითაც ხასიათდება, რომლებიც ანიმაციის ეფექტით გამოირჩევა. როგორც არტისტი აცხადებს, იგი ციფრული სამყაროს დადგომის წინა პერიოდსაც მოესწრო, ამიტომაც, 15 წლით გვიან რომ დაბადებულიყო, შესაძლოა მისი შემოქმედება სრულიად განსხვავებული სტილის ნამუშევრებსაც კი მოეცვა. შრიგლის ნახატების თვალიერებაში შეიძლება გადავაწყდეთ ნისკარტდაღებულ მამალს, რომელიც ამბობს სიტყვას - FUCK, გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებით - უბედურების მომასწავებელი შავი კატა წარმოდგენილია სიტყვებთან - Stay At Home, The Beast Is On The Prowl, ღვინის სმისაგან განცხრომილი ადამიანის ირგვლივ სიტყვები - “სწრაფად დალიე, სანამ წაგართმევენ” იკითხება, ხოლო სიტყვებთან - “შენ შეიძლება უკეთესს იმსახურებ” ძაღლის საჭმლით სავსე ქილაა გამოსახული. შრიგლი ნამუშევრებში პოლიტიკურ განცხადებებსაც არ უშინდება, რაზეც გამოსახულებასთან ინტეგრირებული შემდეგი სიტყვებიც მეტყველებს: “შენ ნაბიჭვრებს მიეცი ხმა, იდიოტო”.
სიტყვების დომინაციასთან დაკავშირებულ ტენდენციას შრიგლი 2018 წელს, “სტივენ ფრიდმენის გალერეასთან” თანამშრომლობის ფარგლებში, frieze-ის ხელოვნების ბაზრობაზეც აჩვენებს, სადაც ნეონების ინსტალაციის სახით დამთვალიერებლებს ზოგჯერ ცალსახა, ზოგჯერ კი ბურუსით მოცულ ნარატივებს სთავაზობს. ცისფერ ნეონებში წარმოდგენილი სიტყვები იუწყება, რომ “ჩემი ნამუშევარი საშინელია და მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ”, ყურადღების ნაკლებობასთან დაკავშირებით მწვანედ მოელვარე ნეონები “საუბრობს” - “ძვირფასო დედა, ბოდიშს გიხდი, რომ ამდენი ხანი არ მომიწერია. უკიდურესად დაკავებული ვიყავი”, ხოლო ვარდისფრად წარმოდგენილი სიტყვა DISTRACTIONS ერთმანეთის პარალელურად რამდენჯერმე მეორდება.
შრიგლი რამდენიმეწუთიანი ანიმაციების ავტორიცაა, რომელთა სიუჟეტებში ირეალურ, ბრუტალურ, სახალისო, ამასთან კონსუმერიზმთან დაკავშირებულ თემებსაც ამოვიკითხავთ. მაგალითად, ანიმაციაში - Laundry სამრეცხაოში ცხენი მიჰყავთ, რომელსაც სარეცხ მანქანაში არა მხოლოდ ბანენ, არამედ აშრობენ კიდეც. ამ ყველაფრის ფონზე კი ცხენის პატრონის მიერ ნათქვამი სიტყვები - I will loose my money ნამდვილად ყურისმომჭრელ განაცხადად მოგვეჩვენება. ანიმაციაში სახელად - The Door, შრიგლი მცირეწლოვან ცნობისმოყვარე ბიჭს გვაცნობს, რომელიც მამას არაერთი კითხვით მიმართავს იმის შესახებ, თუ როგორ მოევლინა ამ ქვეყანას. ერთ-ერთ ანიმაციაში იმასაც ვხედავთ, თუ როგორ უკრავს უთავო ადამიანი დრამებზე, სხვა ნამუშევარი კი შუქის ანთებისა და ჩაქრობის უწყვეტი რეჟიმით თითქოს მაყურებლის მოთმენის უნარსაც ეთამაშება.
აღნიშვნას იმსახურებს 2016 წელს დევიდ შრიგლის დიზაინით შექმნილი გიტარების სერია, რომლებიც ინსტრუმენტის ხმოვანებაზე მეტად მისი ვიზუალური მხარის ესთეტიკურად წარმოჩენას ემსახურება. ვერცხლისფერ და შავ ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი და გიტარის კლასიკური ფორმის უჩვეულო დეფორმაცია სერიას ორიგინალურსა და დასამახსოვრებელს ხდის. არანაკლებ დასამახსოვრებელია ამავე წელს ტრაფალგარის მოედანზე აღმართული მონუმენტური ბრინჯაოს სკულპტურა - აწეული ცერა თითი, სახელწოდებით Really Good. როგორც ხელოვანი აცხადებს, სკულპტურა მსოფლიოს უკეთესობის შეცვლაზე აქცენტირდება, რაც შესაძლოა სასაცილო განაცხადიც კი იყოს, მაგრამ ფაქტია, ამის საჭიროება არსებობს.
2013 წელს დევიდ შრიგლი ხელოვნების დარგში ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს - “ტარნერის პრიზის” ნომინანტი გახდა, რომელიც გადაეცემა ბრიტანეთში მომუშავე არტისტს, ან იმ არტისტს, რომელიც ბრიტანეთში დაიბადა და მსოფლიო მასშტაბით მოღვაწეობს. “ტარნერის პრიზის” ფარგლებში შრიგლიმ Hayward Gallery-ში სოლო გამოფენა, სახელწოდებით Brain Activity გამართა. საგამოფენო სივრცის შუაგულში შიშველი კაცის სკულპტურა იყო წარმოდგენილი, რომელიც დროთა განმავლობაში თვალებს ახამხამებდა და წინ არსებულ სათლში შარდავდა კიდევაც. რადგანაც გამოფენა საზოგადოებასთან ინტერაქციასაც ითვალისწინებდა, დამთვალიერებლებს ოთახში არსებული რამდენიმე მოლბერტითაც შეეძლოთ ესარგებლათ და შიშველი სკულპტურა შესაბამისი პერსპექტივიდან აესახათ. შედეგად საგამოფენო ოთახის კედლებმა სტუმრების მიერ შესრულებული მრავალი ნახატი გააერთიანა, რომლებიც სკულპტურას ხედვის განსხვავებული წერტილიდან და ბუნებრივია, სხვადასხვა დამთვალიერებლისათვის დამახასიათებელი სტილისტიკით წარმოაჩენდა.
“მე მგონია, რომ საქმის კეთებისა და შეცდომების დაშვების პროცესში უნდა სწავლობდე,” - ამბობს შრიგლი ინტერვიუში, სადაც ახალგაზრდა არტისტებს საკუთარ რჩევას უზიარებს, - “იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმავე საქმიანობას ეწევიან, რასაც შენ, ნამდვილად შთამაგონებელია”.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი