დიზაინერები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ შთაგონებას სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში. მოდის ისტორიას ახსოვს ივ სენ ლორანის აფრიკული კოლექციები, მარტინ მარჯიელას საკულტო Tabi Boots, რომელიც მე-15 საუკუნის იაპონური წინდების შთაგონებითაა შექმნილი, ჯონ გალიანოს, ჟან პოლ გოტიესა და ალექსანდ მაკქუინის თეატრალური ჩვენებები ეროვნულ მოტივებზე. 

 

 

ცოტა ხნის წინ დიზაინერების ასეთი მიდგომა სხვადასხვა კულტურის პატივისცემად ითვლებოდა. ეროვნულ სიმბოლოებთან და დეტალებთან მუშაობის უნარი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დიზაინერის პროფესიონალიზმის შესაფასებლად. მაგრამ დრო იცვლება და შეიძლება ითქვას, რომ ახლა დიზაინერის პროფესიონალიზმი ფასდება სოციალურ პრობლემებთან ადაპტირებითაც კი. ერთ-ერთი მათგანია კულტურული მითვისება - Cultural Appropriation. რა არის ეს და რატომ გახდა იგი მოულოდნელად ასე მნიშვნელოვანი?

კულტურული მითვისება ეს არის სოციოლოგიური კონცეფცია, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დასავლური ექსპანსიის შესახებ პოსტკოლონიური დისკუსიების წყალობით გაჩნდა. სოციოლოგების აზრით, კულტურული მითვისება წარმოადგენს განსხვავებული კულტურული ელემენტების გამოყენებას იმ ხალხის თანხმობის გარეშე, რომლებიც ამ კულტურის ნაწილია. კონცეფცია პირველად ამერიკულ მუსიკალურ კონტექსტთან ასოცირდებოდა. თეთრკანიანი მუსიკოსები შავკანიანი არტისტების მუსიკალურ სტილს იყენებდნენ. ქვეყანაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში შავკანიანები მუდმივად იჩაგრებოდნენ, თეთრკანიანმა მოსახლეობამ აფროამერიკული კულტურის ელემენტების მითვისება და კომერციული სარგებლის მიღება გადაწყვიტა.

 

 

კულტურული მითვისების საზღვრები თანდათან გაფართოვდა და სხვა სფეროებიც მოიცვა. მის სათავეს ბევრად უფრო ადრე, კოლონიალურ პერიოდში აღმოვაჩენთ. 1897 წელს ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დასავლეთ აფრიკაში, ბენინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ექსპედიციის დროს გაძარცვეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, რომელთა უმეტესი ნაწილი ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. ამ ისტორიულ მოვლენას, არსებითად არაფერი აქვს საერთო მოდის მითვისებასთან, მაგრამ ნათლად აჩვენებს,  საიდან გაჩნდა კულტურული მემკვიდრეობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების ტრადიცია. უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ "ისესხეს" ევროპელებმა ეთნიკური  ელემენტები სხვა კულტურებისგან - დაწყებული ევროპის არისტოკრატიით, რომელიც საკუთარ სამოსს ინდური, სპარსული და აფრიკული მოტივებით აფორმებდა, ეთნიკური სკულპტურებისა და ჭურჭლის ჩათვლით, რომლებიც ყოველგვარი სემანტიკური დატვირთვის გარეშე ინტერიერის მოსართავად გამოიყენებოდა. ყველაფერი ეს ურთიერთშეთანხმების გარეშე, ზოგჯერ იძულებითაც კი ხდებოდა. 

კულტურული მითვისება მოდის სფეროში გაცილებით გვიან გამოჩნდა - იგი სერიოზულად მხოლოდ 2010-იან წლებში განიხილეს. სამოსის შექმნა ყოველთვის შთაგონებით იწყება და საიდან მოდის, მხოლოდ თავად შემქმნელებმა იციან. მართალია, დღეს რთულია განსაზღვრო  კონკრეტული ნამუშევარი დიზაინერის გულწრფელი შთაგონებაა თუ მარკეტინგული სტრატეგია, მაგრამ რადგან კულტურული მითვისების ფენომენი მოდის ინდუსტრიაში ასე აქტიურად შეიჭრა, ეს შესაძლოა გაყიდვის სურვილიდან მომდინარეობდეს: სამოსის ან აქსესუარების წარმოჩენა შოუში, ან სარეკლამო კამპანიაში კომერციული ხასიათისაა, შესაბამისად, სწორი იქნება თუ კულტურული მითვისების პრეცედენტს ამ ჭრილშიც განვიხილავთ.



 

კულტურული მითვისების ფაქტებს მოდის სფეროში ხშირად ვაწყდებით. მაგალითად, Givenchy-ს 2015 წლის შემოდგომის ჩვენებას Vogue-მ "ვიქტორიანული" უწოდა, როცა შოუში მონაწილე მოდელები აფრიკული ტომებისთვის დამახასიათებელი სახის პირსინგითა და ლათინოამერიკული ქუჩის მოდის შთაგონებული ვარცხნილობებით წარდგნენ. იტალიურმა მოდის სახლმა - Valentino-მ 2016 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე აფრიკის ველური ბუნებით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინა, რომელშიც მრავლად იყო აფრიკული პრინტები, ნაქარგები, მძივები და ბუმბულები. შოუს თემატიკის მიუხედავად ჩვენებაზე არცერთი აფრიკული წარმოშობის მოდელი არ მონაწილეობდა, რის გამოც ბრენდის დიზაინერები პიერპაოლო პიჩოლი და მარია გრაცია ქიური მკაცრად გააკრიტიკეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა მარკ ჯეიკობსიც, როცა დიზაინერის 2017 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე მოდელები აფროამერიკული ვარცხნილობით წარდგნენ.

 

 

აფროამერიკული საზოგადოებისთვის თმა ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. 50-იანი წლების დევნის დროს შავკანიანები იძულებულები იყვნენ ვარცხნილობა შეეცვალათ, 70-იან წლებში კი ბუნებრივად ხვეული თმისა და ფესვების წარმოჩენის სურვილი პროტესტისა და "შავი პანთერას" მოძრაობაში ჩართვის მიზეზი გახდა. აფრიკული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი "დრედებია", რომელსაც აფრიკელი მეომრები საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ. პრობლემა ისაა, რომ აფროამერიკელებს ჯერ კიდევ ავიწროებენ ეროვნული ვარცხნილობის გამო: არც ისე დიდი ხნის წინ “დრედები” ამერიკულ უნივერსიტეტებსა და დაწესებულებებში აიკრძალა, ამის ფონზე კი დიზაინერებმა თეთრკანიანი საზოგადოების იმიჯი მისი მეშვეობით წარმოაჩინეს.

 


კულტურული მითვისების კიდევ ერთი მაგალითია Gucci-ის 2018 წლის შემოდგომის ჩვენება, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი ისლამური თავსაბურავი - ჩალმა იყო. ნეგატიური რეაქცია ჩალმის 790 აშშ დოლარად გაყიდვას მოჰყვა. სიქიზმის მიმდევრების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბრენდის დიზაინერის - ალესანდრო მიკელეს მისამართით წერილიც კი გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "ჩალმა არ არის მხოლოდ მონეტიზაციის აქსესუარი; ეს არის რწმენის რელიგიური გამოვლინება, რომელსაც მილიონობით სიქი მიიჩნევს წმინდად. ჩალმის ტარება მხოლოდ მოდისთვის არ დააფასებს მის ღრმა რელიგიურ მნიშვნელობას“.

 

 

კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც დავის ცენტრში აღმოჩნდა Comme des Garçons-ია. თეთრკანიანმა მოდელებმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე კოლექცია ხელოვნური ნაწნავებით წარმოადგინეს, მაშინ როცა ჩვენებაზე რამდენიმე შავკანიანი მოდელი ბუნებრივი ვარცხნილობით მონაწილეობდა.

 

 

მოდის ისტორიაში მრავლადაა კულტურის პატივისცემის მაგალითები. Louis Vuitton-ის ჩვენებისთვის, რომელიც კიოტოში გაიმართა, ნიკოლა გესკიერმა იაპონელ დიზაინერთან - კანსაი იამამოტოსთან ერთად დიზაინერის საარქივო კოლექციებზე დაყრდნობით ახალ კოლექციაზე იმუშავეს. ბელგიური მოდის ლეგენდა დრის ვან ნოტენი კულტურულ მითვისების ფენომენს გამოეხმაურა - "არ შეგიძლია აკეთო ის, რაც მოგინდება. როცა ეს წმინდა და რელიგიურია, ფრთხილად უნდა იყო და პატივი მიაგო მას".

 


ფრანგი დიზაინერის - ივ სენ ლორანის მუდმივი შთაგონების წყარო მაროკოში მოგზაურობა გახდა. მარაქეშში ცხოვრების შემდეგ მან თავის კოლექციებში მაროკოს ეროვნული მოტივები შემოიტანა. კითხვები სწორედ აქ ჩნდება - სად გადის ზღვარი მითვისებასა და პატივისცემას შორის? რა არის შთაგონებისა და მითვისების საზომი? ეგზოტიკური კულტურებიდან ელემენტების გადმოღება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. განსაკუთრებით რთულია იმის გაგება, თუ ვინ არის მართალი და ვინ არასწორი. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ჩვენგანი გაიზარდა მულტიეროვნულ კულტურაში და საზოგადოებაში სეგრეგაცია, საბედნიეროდ, წარსულს ჩაჰბარდა, გამოდის, რომ კულტურულმა მითვისებამ მართლაც მოახერხა კოლექტიური არაცნობიერის ნაწილი გამხდარიყო, რაც ძნელად კონტროლირებადია. მითვისების უნივერსალური ტესტი არ არსებობს, ეს არის რთული საზოგადოებრივი დიალოგი, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. კულტურული გაცვლის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია: ორივე მხარის სოციალური პოზიცია, იდენტობა, კონტექსტი. კულტურული ფენომენების „დახარისხებისა“ და წესების დადგენის მცდელობები იმის შესახებ, თუ რა არის შეურაცხმყოფელი და რა არის მარცხისთვის განწირული.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი კულტურული გამოცდილებაა, რომელსაც ეფუძნება ევოლუცია. მოდა ყოველთვის შთანთქავდა როგორც კულტურულ, ისე ეროვნულ ელემენტებს. ამის გარეშე არ იქნებოდა პოლ პუარე, ივ სენ ლორანი, ვან ნოტენი, ჯონ გალიანო. თითოეული მათგანი ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ მანამ, სანამ ის თავად რჩება თავისუფალი საკუთარ მხატვრულ არჩევანში. თუმცა რადგან დღეს კულტურული მითვისების ფენომენი მოდაში ისე ინტეგრირდება როგორც არასდროს და მოდაც შესანიშნავი პლატფორმაა პოლიტიკური გამოხატვისთვის, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად - სხვა კულტურების ცნობიერებისა და პატივისცემის დასანერგად?!

ფოტო: Musée Yves Saint Laurent Paris, Dominique Charriau, Another Magazine, Getty Images, Vogue, Antonio Calanni

ავტორი: მარიამ ქორიძე