ვენეციის ხელოვნების 59-ე საერთაშორისო ბიენალე 23 აპრილს დაიწყება და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბიენალეს მთავარი გამოფენა 58 ქვეყნის 213 ხელოვანს უმასპინძლებს, რომელთა შორის 180-ზე მეტი წარმომადგენელი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. ბიენალეს არსებობის 127-წლიან ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გამოფენის მონაწილეები უმეტესად ქალებს და ამასთან გენდერულად არაკონფორმისტ ხელოვანებს გააერთიანებს. წლევანდელი გამოფენის კურატორი სესილია ალემანია, რომელიც 2017 წელს გამართული ბიენალეს იტალიურ პავილიონს - “მაგიურ სამყაროს” კურატორობდა. “როგორც პირველი იტალიელი ქალი, რომელიც ამ პოზიციას ვიკავებ, ვაპირებ მივცე პლატფორმა არტისტებს, რათა შექმნან ისეთი უნიკალური პროექტები, რომლებიც თავიანთ ხედვასა და ჩვენს საზოგადოებაზე მოახდენენ რეაგირებას”, - აცხადებს ალემანი.
წლევანდელი გამოფენის სახელწოდებაა The Milk of Dreams, რომელიც ბრიტანელი მხატვრისა და მწერლის, ლეონორა ქერინგტონის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. სესილია ალემანის განცხადებით, ნაწარმოებში - The Milk of Dreams “სიურრეალისტი ხელოვანი აღწერს მაგიურ სამყაროს, სადაც ცხოვრება წარმოსახვის პრიზმიდან მუდმივად იცვლება, სამყაროს, სადაც ყველას შეუძლია განიცადოს ტრანსფორმაცია, ვინმედ ან რამედ გარდაიქმნას”. მიუხედავად იმისა, რომ ბიენალეს გახსნის თარიღმა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ერთი წლით გადაიწია, გამოფენის მთავარი თემა არა პანდემიასა და კარჩაკეტილობაზე, არამედ იმ კოლექტიური ძალისხმევის შედეგზე ორიენტირდება, რომელიც თითქოს ზებუნებრივი გამოცდილებაა. გამოფენის კონცეფცია სამ მიმართულებას მოიცავს - სხეულებისა და მეტამორფოზების რეპრეზენტაციას, ინდივიდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობას და კავშირს სხეულებსა და დედამიწას შორის. კურატორის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით, სხეულის მეტამორფოზებითა და ადამიანად ყოფნის განსაზღვრებით გამოფენა წარმოსახვით მოგზაურობას გვთავაზობს. ბიენალეს მთავარ გამოფენაში ქართველი ხელოვანი ანდრო ერაძეც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ექსპოზიციაზე ახალი ფილმით წარდგება. გამოფენაზე მონაწილე ხელოვანებს შორის შეხვდებით ამერიკელ კონცეპტუალისტ ხელოვან ბარბარა კრუგერს, ჩილელ პოეტსა და ხელოვანს სესილია ვიქუნიას, პორტუგალიელ-ბრიტანელ მხატვარს პაულა რეგოსა და სხვ.
2022 წლის ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე 80 ეროვნულ პავილიონს გააერთიანებს, რომელთა ნაწილის კონცეფცია ალემანის კურატორობით გამართულ მთავარ გამოფენასაც უკავშირდება. მას შემდეგ, რაც 1997 წელს ხელოვანმა გია ეძგვერაძემ ვენეციის ბიენალეზე საქართველო რუსული პავილიონის პირველ სართულზე წარადგინა, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო გამოფენაში აქტიურად მონაწილეობს. წელს საქართველოს თბილისში მცხოვრები და მომუშავე ხელოვანები - მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ პროექტით - “მე ვწუხვარ ბაღზე”, რომლის კურატორები პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” დამფუძნებლები - გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე და ვატო ურუშაძე არიან. ვენეციაში ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე შესავალ სიტყვას წაიკითხავენ ლონდონში მცხოვრები იტალიელი ფილოსოფოსი ფედერიკო კამპანი და ქართველი მწერალი, პოეტი და გეიმდიზაინერი ზურა ჯიშკარიანი.
ნამუშევარი “მე ვწუხვარ ბაღზე” ორი ნაწილისაგან შედგება - ვირტუალური რეალობა და თვითგენერირებადი ვიდეოინსტალაცია, რომლის სახელწოდება ირანელი პოეტი ქალის, ფორუღ ფაროხზადის ლექსის სათაურიდან მომდინარეობს. “ეს სათაური ბევრი მიზეზის გამო შევარჩიეთ. ნამუშევარი ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ VR ტექნოლოგია და პოეზია გავაერთიანოთ, შევქმნათ ისეთი პოეტური ტექსტი, რომლის ნახვა და გამოცდა VR-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. VR Experience ერთგვარი ტერმინია, რომელსაც “ვიარ გამოცდილება” შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი აღწერა ძალიან ძნელია, რადგან ადამიანმა ის უნდა გამოცადოს. ნამუშევარს არ აქვს ერთგვარი ნარატივი, რომელიც დაიწყება და დამთავრდება. ეს არის აბსტრაქტული, სიურრეალისტური, პოეტური თხრობა, რომელიც დასასრულის წინათგრძნობას ეხება. აქ ბაღი მეტაფორაა”, - განმარტავს ნამუშევრის თანაავტორი მარიამ ნატროშვილი Hammock Magazine-თან საუბრისას და იმასაც აღნიშნავს, რომ დასასრულის სახით ერთ-ერთ სიმბოლოს გადაშენებული მცენარეების ბაღი გამოხატავს, რომლის შექმნაზე ლონდონის სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერთან ერთად იმუშავეს. ამ მხრივ, ნამუშევარი მეცნიერულ შრესაც ავითარებს, სადაც ბაღი რამდენიმე გადაშენებულ მცენარეს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ავტორებისა და კურატორების ჯგუფის სურვილია თბილისში 6 თვის განმავლობაში პარალელური პროგრამის ჩატარებაც დაიგეგმოს, რომელიც გააერთიანებს ლექციებს, ჩვენებებსა და ხელოვანებთან პანელურ დისკუსიებს. “რადგანაც ნამუშევარი რამდენიმე თემისგან შედგება, ჩვენი პარალელური პროგრამა თბილისში სხვადასხვა სექციად იქნება დაყოფილი. ეს თემები შეეხება ტექნოლოგიებსა და ხელოვნებას, პოეზიას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობას. მინდა, რომ ფორუღ ფაროხზადის რამდენიმე საღამო მივუძღვნათ, ასევე მოეწყოს პოეზიის საღამოები აქაური პოეტებისათვის”, - საუბრობს მარიამ ნატროშვილი პარალელური პროგრამის გეგმებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის 2022 წლის ბიენალეს გახსნამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, საერთაშორისო გამოფენის ირგვლივ მწვავე საუბრები უკვე დაიწყო, რომლის ერთ-ერთ მიზეზს რუსეთ-უკრაინის ომი და ეროვნული პავილიონების პოლიტიკური ხასიათის შეტყობინებები წარმოადგენს. რუსული პავილიონის არტისტებისა და კურატორის ოფიციალური განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას ეთიშებიან. “ხელოვნებისათვის დრო არ არის მაშინ, როცა მოქალაქეები რაკეტების ცეცხლქვეშ იხოცებიან, როცა უკრაინის მცხოვრებლები თავშესაფრებში იმალებიან, როცა რუსი მომიტინგეები დუმან. მე, როგორც რუსეთში დაბადებული, უარს ვაცხადებ წარვადგინო ჩემი ნამუშევარი ვენეციის ბიენალეს რუსულ პავილიონში”, - ვკითხულობთ ბიენალეზე მონაწილე რუსი ხელოვანის, ალექსანდრა სუხარევას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ოფიციალურ განცხადებას აკეთებს რუსული პავილიონის ლიეტუველი კურატორიც, რომელიც საბჭოთა ხანის რეალობას პირადად მოესწრო. მისი თქმით, “ეს ომი პოლიტიკურად და ემოციურად აუტანელია”.
ომთან დაკავშირებული მოვლენები ვენეციის ბიენალეს უკრაინის პავილიონს პირდაპირ შეეხო. ტრაგედიის დაწყების პირველ კვირაში პავილიონის წარმომადგენლები იმასაც კი ვერ ამბობდნენ დანამდვილებით, შეძლებდნენ თუ არა ვენეციაში ჩასვლასა და იქ ნამუშევრის წარდგენას. “თუ მოვლენები შეიცვლება და უსაფრთხოდ მუშაობისა და მგზავრობის შესაძლებლობა გვექნება, ვენეციაში ჩამოვალთ. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა შესაძლო გზებით ვეცდებით ხელოვან პავლო მაკოვის უნიკალური ნამუშევარი გადავარჩინოთ”, - განაცხადეს პავილიონის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბიენალეზე Fountain of Exhaustion უნდა აჩვენონ. მაკოვის ნამუშევარი სამკუთხედის ფორმით განლაგებულ ძაბრების სისტემას აერთიანებს და წყლის მარაგს იქამდე ანაწევრებს, სანამ საბოლოოდ მცირე წვეთები არ იქნება შემორჩენილი. ნამუშევარი შთაგონებულია პოსტსაბჭოთა ხარკოვის 90-იანი წლების რეალობით, როდესაც საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმართაობით წყალი სისტემატურად წყდებოდა. Fountain of Exhaustion მაკოვმა 1995 წელს შეიქმნა, რომელიც აქამდე მხოლოდ სკულპტურის სახით იყო გამოფენილი. უკრაინის პავილიონის კურატორი მარია ლანკო Art Margins-თან ჩაწერილ ინტერვიუში განმარტავს, რომ ბიენალეზე წარსადგენი ნამუშევრის ნაწილების გადასარჩენად და იმაში დასარწმუნებლად, რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა, მანქანით 6 დღის განმავლობაში შეუჩერებლად იმგზავრა. უახლესი ინფორმაციით, მარია ლანკო უკვე იტალიაში იმყოფება და პავილიონზე მუშაობას აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ 2 მარტს ოფიციალური განცხადება ვენეციის ბიენალემაც გაავრცელა და უკრაინელ ხალხსა და არტისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად ბიენალეს გუნდი უკრაინის პავილიონთან თანამშრომლობს და წლევანდელ გამოფენაზე უკრაინელი ხელოვანების მონაწილეობას უზრუნველყოფს, ამასთან გმობს რუსულ აგრესიას და კეტავს კარს ყველა იმ პირისათვის, რომლებიც დაუცველ ხალხზე თავდასხმის პოლიტიკას აქეზებს.
წლევანდელ ბიენალეზე დამთვალიერებლები არაერთი ეროვნული პავილიონის ხილვას ელოდებიან, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების პავილიონი, რომელსაც სიმონ ლის (1967) სახით პირველად წარადგენს შავკანიანი ხელოვანი ქალი. სიმონ ლი, რომლის შემოქმედება შავკანიანი ქალების იდენტობაზე ორიენტირდება, პავილიონში ახალ სკულპტურებს გამოფენს. პავილიონის გარეთ მისი მონუმენტური ბრინჯაოს სკულპტურა იქნება განთავსებული, ხოლო პავილიონის შიგნით წარმოდგენილი იქნება raffia-ს, კერამიკისა და ბრინჯაოს ნამუშევრები. ხელოვან სტენ დუგლასის სახით დამთვალიერებლები კანადის პავილიონის ხილვასაც ელოდებიან. დუგლასი მულტიმედია ინსტალაციების შექმნითაა ცნობილი და ვენეციის ბიენალეზე არაერთხელ მიუღია მონაწილეობა, წელს კი პირველად ბიენალეს ფარგლებში მშობლიურ ქვეყანას წარადგენს. საფრანგეთის პავილიონი ფემინისტი ფოტოგრაფი და ვიდეოარტისტი ზინებ სედირას ნამუშევარს აჩვენებს. იგი ცნობილია პროექტით - Mother, Daughter and I (2003), სადაც სედირას ოჯახის სხვადასხვა ეროვნების სამი თაობა ერთმანეთთან ურთიერთობას ცდილობენ. განსაკუთრებულ მოლოდინებს იწვევს იაპონიის პავილიონიც, რომელსაც 1984 წელს დაფუძნებული არტისტების ჯგუფი - Dumb Type წარადგენს.
თუმცა აპრილიდან ნოემბრამდე ვენეციაში ყოფნა მხოლოდ ხელოვნების ბიენალეს ეროვნული პავილიონებისა და მთავარი გამოფენის დათვალიერებას არ გულისხმობს. ბიენალეს მსვლელობისას ვენეციის მუზეუმები და გალერეები მრავალ გამოფენას აანონსებენ, რომელთა დათვალიერება ქალაქის სხვადასხვა წერტილშია შესაძლებელი. აუცილებლად სანახავ გამოფენებს შორისაა ჯოზეფ ბოისის, სტანლი უიტნის, ანის შაპურისა და ბრიუს ნიუმანის პერსონალური შოუები.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი